„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.01.2006 ძალადაკარგული 13.07.2012
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.008.070
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 31/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (47)

შემდგომი ცვლილებები (43)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.008.070

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №213

2006 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულება.

2. განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების სამოქმედო ტერიტორია (დანართი №1).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის ბრძანება №410-სსმIII, №54, 19.04.2006წ.; მუხ.665

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №698-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1583

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №725-სსმIII, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1685

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №763-სსმIII, №154, 16.11.2006წ.; მუხ.2135

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და სამოქმედო ტერიტორიას.

2. ტერიტორიული სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

3. ტერიტორიული სამსახურის კონტროლს ახორციელებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

4. ტერიტორიულ სამსახურს აქვს გარკვეული რაოდენობის ბეჭდები, საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და შტამპები, რომელთა აღწერილობას და სტანდარტულ ნიმუშებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. ტერიტორიულ სამსახურს აქვს კოდური აღნიშვნა, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

    მუხლი 2. ტერიტორიული სამსახურის კომპეტენცია

1. ტერიტორიული სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ე) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლი;

ვ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა (შეცვლა);

ზ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის გაცემა და შეცვლა;

თ) ამოღებულია;

ი) პირადობის დადასტურებისა და პასპორტის გაცემის სფეროში საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ი​1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გასაგზავნად იღებს საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე დაინტერესებულ პირთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, მთაწმინდაკრწანისის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის, ჩუღურეთის, ამბროლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, ზუგდიდის, თელავის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, რუსთავის, ახალციხის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 

3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ტყიბულის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ხონის, ხარაგაულის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, ხულოს, შუახევის, ქურთას თემის, ერედვის თემის, აჟარის თემის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

 4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის და აფხაზეთის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა. აფხაზეთის ტერიტორიული სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს გაგრის, გუდაუთის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გალის, გულრიფშის, ქ. სოხუმის და სოხუმის რაიონის სახელით.

5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №1, №2 და №3 სპეციალიზირებული სამსახურები, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის სპეციალიზირებული სამსახურები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებიდან ახორციელებენ მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციას.

6. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოს, ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, აჭარის არქივების კომპეტენციაში შედის:

ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველი ან მეორე ეგზემპლარების შენახვა და ქრონოლოგიური წესით ფორმირება;

ბ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შეტყობინების საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველ ან მეორე ეგზემპლარში შესაბამისი აღნიშვნის შეტანა, არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების შესაბამისობაში მოყვანა სამოქალაქო აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლართან;

გ) შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერის პირველი ან მეორე ეგზემპლარის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

დ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არსებობის ან არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლის გაცემა;

ვ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კომპეტენციაში შედის:

ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული სარეგისტრაციო ბარათებისა (ფორმა №4) და რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათების (ფორმა №5) დამუშავება და შენახვა ერთიან საინფორმაციო კარტოთეკაში;

ბ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;

გ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ინფორმაციული უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დაწესებულებებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სამისამართო ცნობების მიწოდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე) ფიზიკურ პირთა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ვ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების სამისამართო-საცნობარო საქმიანობის მონიტორინგი და ანალიზი;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №698-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1583

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №725-სსმIII, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1685

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №763-სსმIII, №154, 16.11.2006წ.; მუხ.2135

    მუხლი 3. ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელობა

1. ტერიტორიული სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარისა და, სამოქმედო სფეროს განაწილების მიხედვით, თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ​1) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ე) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, სააგენტოში წარადგენს ინფორმაციას სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვნებლივ აწვდის სააგენტოს დამატებით ინფორმაციას სამსახურის მუშაობის თაობაზე;

ზ) წარუდგენს სააგენტოს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

ი) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

კ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოდის სასამართლოში სათანადო რწმუნების გარეშე და ასრულებს საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოქმედებას, მათ შორის, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება;

ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

4. სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მოადგილე ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

6. სამსახურის უფროსის და უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №763-სსმIII, №154, 16.11.2006წ.; მუხ.2135

    მუხლი 4. ტერიტორიული სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს სტრუქტურული ერთეული – სამსახურის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება).

2. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, სააგენტოს თავმჯდომარისა და სამოქმედო სფეროს განაწილების მიხედვით, თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყონებლივ აწვდის სამსახურის უფროსს და სააგენტოს დამატებით ინფორმაციას განყოფილების მუშაობის თაობაზე;

ზ) წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;

ი) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

კ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოდის სასამართლოში სათანადო რწმუნების გარეშე და ასრულებს საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოქმედებას, მათ შორის შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება;

ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

5. ტერიტორიული სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

დანართი №1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების სამოქმედო ტერიტორია

1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, მთაწმინდა-კრწანისის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის, ჩუღურეთის სამსახურები

დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების (რომლებიც ახორციელებენ ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს) სამოქმედო ტერიტორიაა შესაბამისი რაიონის (ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ტერიტორია.

3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით, პასპორტის გაცემას (შეცვლას) ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი.

4. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამგზავრო პასპორტს გასცემს მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახური.

5. დროებითი ბინადრობის მოწმობას გასცემს მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს, ვაკისა და ბათუმის სამსახურები.

6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე პირადობის მოწმობას გასცემს (შეცვლის) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აფხაზეთის სამსახური.

7. ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილებზე, აგრეთვე ცხინვალის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე პირადობის მოწმობას გასცემს (შეცვლის) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახური. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა: ქ. ცხინვალი, ცხინვალის რაიონი, ჯავის რაიონი.

8. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქურთას თემის, ერედვის თემისა და აჟარის თემის სამსახურების სამოქმედო ტერიტორიაა შესაბამისად ქურთას თემი, ერედვის თემი და აჟარის თემი.

9. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ქორწინების რეგისტრაციის უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით. ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის ბრძანება №410-სსმIII, №54, 19.04.2006წ.; მუხ.665

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №698-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1583

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №725-სსმIII, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1685

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“, №213, 30.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.008.070 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62770-4/