საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.05.2006 ძალადაკარგული 31.12.2013
ნომერი
№634
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.22.034.008.614
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 69, 22/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.22.034.008.614

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №634

2006 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №414 ბრძანება.

3. ეს ბრძანება მე-11 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის გარდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ბრძანების მე-11 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს საბაჟო კოდექსში განხორციელებული შესაბამისი ცვლილების (სსმ III, 28.04.2006, №10, მუხ.72) ძალაში შესვლისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ლ. გვაზავა

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №1231 – III, №133, 25.09.2007 წ., მუხ.1449

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1628 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2068

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №254 - სსმ III, №22, 27.02.2009 წ., მუხ.276

6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №940 - სსმ III, №93, 28.07.2009 წ., მუხ.976

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წინასწარ გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ იძულების ღონისძიებებს, ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციებს, უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო საკონტროლო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

    მუხლი 2

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს კანონი „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

    მუხლი 3

დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის ოპერატიულ და სხვა დანაყოფებთან, სხვა სამინისტროებთან და მათ დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოქალაქეებთან, უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.

    მუხლი 4

დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს. დეპარტამენტს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია.

    მუხლი 5

დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს. დეპარტამენტს აქვს სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული სახაზინო კოდი, ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით.“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1628 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2068

თავი II

დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 6

დეპარტამენტის საქმიანობაა:

ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

ბ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე;

დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე;

ვ) სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთის მიზნით დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ძალებისა და საშუალებების განაწილება და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება;

ზ) მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება;

თ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება;

ი) ავარიულ-სამაშველო სამსახურების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველყოფა;

კ) ავარიების, კატასტროფების, ხანძრების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო მოვლენათა ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

ლ) გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით;

მ) დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სარეგისტრაციო საქმიანობის ორგანიზება და მათთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ნ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ო) სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

    მუხლი 7

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, ს ჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

ბ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და სხვა ნორმატიული აქტების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;

 გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლების ერთიან სახელმწიფო აღრიცხვის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) სახელმწიფო სასაზღვრო გამტარი პუნქტების დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მუშაობის, პრევენციული ღინისძიებების სახეობების განვითარებისა და ოპერატიიული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი კონცეფციების შემუშავება;

ვ) სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მისი შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;

ზ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირება, საბაჟო სამსახურთან შეთანხმებით, სასაზღვრო-სამიგრაციო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის ადგილის, დროისა და თანამიმდევრობის განსაზღვრა;

თ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და მათი რეალიზაციის კონტროლი;

ი) სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

კ) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხებში თანამშრომლობა;

ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, კერძოდ კომპეტენციის გათვალისწინებით სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ტრეფიკინგის, კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, მასობრივი განადგურების საშუალებების, და სხვა კანონმდებლობით აკრძალული მოქმედებების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დანაშაულებათა გამოვლენა-აღკვეთის და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელება;

ნ) შესაბამისი უწყებებისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენა კარანტინის გამოცხადებისას, საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 8

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურას და საშტატო განრიგს;

დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სხვა სამსახურებთან;

ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის;

თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გამოძიებას;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;

მ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 9

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ოთხი მოადგილე და თანაშემწე.

2. დეპარტამენტის დირექტორის თითოეული მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ სამსახურებს, ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.

4. დირექტორის თანაშემწე კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა

    მუხლი 10

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

1. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:

ა) I განყოფილება;

ბ) II განყოფილება;

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;

დ) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება.

2. სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო.

3. საერთო განყოფილება (კანცელარია).

4. საკადრო და საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო.

ა) კადრების განყოფლება:

ა.ა) პირადი საქმეების აღრიცხვის ჯგუფი (საცავი)

ბ) ფინანსური რესურსების მართვის განყოფილება:

ბ.ა) ფინანსური რესურსების მართვისა და დაგეგმარების ქვეგანყოფილება;

ბ.ბ) შესყიდვების ორგანიზების ქვეგანყოფილება;

გ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

დ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;

დ.ა) მომარაგების ქვეგანყოფილება;

დ.ბ) საწყობი;

დ.გ) შენობათა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპულატაციის ქვეგანყოფილება;

დ.დ) ტრანსპორტის ქვეგანყოფილება;

დ.ე) საწყობი;

დ.ვ) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების ქვეგანყოფილება;

ე) შენობათა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილება.

5. (ამოღებულია).

6. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო.

7. ქვემო ქართლის სამმართველო.

8. შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო.

9. კახეთის სამმართველო.

10. იმერეთის მთავარი სამმართველო.

11. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველო.

12. აჭარის სამმართველო.

დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №254 - სსმ III, №22, 27.02.2009 წ., მუხ.276

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №940 - სსმ III, №93, 28.07.2009 წ., მუხ.976

თავი V

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია

    მუხლი 11

ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:

ა) შეიმუშავებს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად;

ბ) ამოწმებს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების გაცნობისა და შეფასების მიზნით;

გ) ორგანიზებას უწევს ოპერატიული თათბირების ჩატარებას;

დ) მონაწილეობს სამთავრობო და საუწყებო კომისიების მუშაობაში;

ე) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სამართლებრივი ბაზის შექმნას;

ზ) თავისის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების და დამატებების შესატანად;

თ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;

ი) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივ (რეგიონალურ) დანაყოფებში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებისა და დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლს;

კ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი I განყოფილება:

ახორციელებს დეპარტამენტის ერთიანი სისტემის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს გაწეული საქმიანობის, აგრეთვე პატრულირების განხორციელების შემოწმებას, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

ლ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი II განყოფილება:

ლ.ა) სააღრიცხვო ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ახორციელებს ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას;

ლ.ბ) ქვეყანაში სამართალდარღვევათა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილი ოპერატიული ვითარებისა და ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს წინადადებებს მათი აღმოფხვრისათვის;

ლ.გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;

ლ.დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას;

ლ.ე) ახორციელებს ქვეყნის საავტომობილო გზებზე გამოვლენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აღრიცხვას და ანალიზს, ადმინისტრაციული პრაქტიკისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადებას;

ლ.ვ) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი შეტყობინებების გადაგზავნის შესრულებაზე;

ლ.ზ) დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე ახორციელებს საანგარიშო პერიოდში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამებას, ანალიზსა და სათანადო ინფორმაციის შედგენას;

ლ.თ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას;

ლ.ი) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების ყოველდღიურ დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროულ გამოგზავნაზე კონტროლის დაწესებას, საპატრულო პოლიციის ადგილობრივი დანაყოფებიდან წარმოდგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების რეგისტრაციას სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალებში;

ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება:

ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება:

მ.ა) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

მ.ბ) ახორციელებს დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

მ.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების და დამატებების შესატანად;

მ.დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;

მ.ე) განიხილავს შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებს;

მ.ვ) განიხილავს დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

მ.ზ) ახორციელებს ადმინისტრაციული წარმოების წესით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მომზადებასა და წარმართვას (ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფას);

მ.თ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;

მ.ი) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

მ.კ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;

მ.ლ) საპატრულო პოლიციის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში;

მ.მ) არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსასაზღვრო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;

მ.ნ) საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას.

ნ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება:

ნ.ა) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევენ საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებენ ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;

ნ.ბ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს;

ნ.გ) მონაწილეობას იღებს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში;

ნ.დ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებენ ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;

ნ.ე) ითანხმებს საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

ნ.ვ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №254 - სსმ III, №22, 27.02.2009 წ., მუხ.276

    მუხლი 12

სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების, ასევე საგანგებო სიტუაციების, გზების მდგომარეობის, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების ამსახველი და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას, მათზე რეაგირებას და დროულ გაცნობას შესაბიმისი სამსახურებისა და უწყებებისათვის;

ბ) დანაშაულთან და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მიღებული ტელეფონოგრამების და ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს დეპარტამენტის სადღეღამისო კრებსის შედგენას;

გ) უზრუნველყოფს გატაცებული, მოპარული, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული, სისხლის სამართლის დანაშაულში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე დანაშაულში ეჭვმიტანილი, გატაცებული და დაკარგული პირების მონაცემების დადგენილი წესით მიღება-გადაცემას და სამინისტროს სპეციალურ კომპიუტერულ სისტემებში რეგისტრაციას;

დ) კომპენტეციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების, აგრეთვე სპეციალური აღჭურვილობის აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას დეპარტამენტის თანამშრომლებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) სპეციალური გეგმების საფუძველზე უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის განგაშის სქემით გამოძახებას;

ვ) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობების პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების გადაადგილების დროს უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და უფლებამოსილი სამსახურებისათვის მიწოდებას; ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №940 - სსმ III, №93, 28.07.2009 წ., მუხ.976

    მუხლი 13

საერთო განყოფილება (კანცელარია):

ა) უზრუნველყოფს შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების, მოქალაქეების განცხადებების და საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;

ბ) ახორციელებს თანამშრომლებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას, იმ კორესპოდენციის დროულად გაგზავნას, რომელზედაც მოხდა რეაგირება, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;

გ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;

დ) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოში ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №940 - სსმ III, №93, 28.07.2009 წ., მუხ.976

    მუხლი 14

საკადრო და საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო დეპარტამენტისა და სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მიზნით:

ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს საკადრო ღონისძიებებს;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დეპარტამენტის დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, უზრუნველყოფს სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და სპეციალური შემოწმების გახორციელებას;

გ) მონაწილეობას იღებს პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ამ მიზნით მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებში;

ე) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში;

ვ) ამზადებს მასალებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე;

ზ)      ამზადებს წინადადებებს დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ი) ამზადებს დოკუმენტებს დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

კ) განიხილავს ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსულ განცხადებებსა და მასალებს;

ლ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოფს მისთვის გამოყოფილი სახსრების მართვასა და მიზნობრივ გამოყენებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

მ) უზრუნველყოფს ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებასა და სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში წარდგენას;

ნ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს (პროექტს დამტკიცებამდე შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოს); დამტკიცებულ გეგმას წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;

ო) ამზადებს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ოპერატიულ, სტატისტიკურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

პ) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით ახორციელებს საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვებს;

ჟ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგს, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღებას;

რ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას და ანგარიშგებას;

ს) ადგენს ბალანსს და დადგენილ ვადებში წარადგენს სამინისტროს ცენტრალურ ბუღალტერიაში (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე);

ტ) ახორციელებს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვასა და დროულ გაცემას;

უ) დადგენილი წესის შესაბამისად აწარმოებს სალაროს ოპერაციებს, ახორციელებს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენას;

ფ) უზრუნველყოფს ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავის, მობილური სატელეფონო ბარათების, მცირეფასიანი აქტივების, სახარჯი მასალებისა და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვასა და დამუშავებას;

ქ) ახორციელებს ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების (დებიტორ-კრედიტორების) ინვენტარიზაციას;

ღ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს წინადადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის;

ყ) აღრიცხავს, დადგენილი წესით და ვადებში ინახავს და არქივში აბარებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტებს;

შ) შეისწავლის და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის, ზრუნავს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე;

ჩ) აღრიცხავს სარგებლობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, აკონტროლებს მის ექსპლუატაციასა და დაცვას;

ც) ორგანიზებას უწევს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსების ადგილების – გამოყოფილი ფართობების), სხვადასხვა საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკურ მომსახურებას, მათ ექსპლუატაციას, კომუნალურ მომსახურებას, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას;

ძ) ორგანიზებას უწევს დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ანდა კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მათ ტექნიკურ ზედამხედველობას;

წ) დადგენილი წესით წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად;

ჭ) ორგანიზებას უწევს შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, თანამშრომელთა მოთხოვნით მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას;

ხ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების, მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, მათ გამართულ მუშაობას;

ჯ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას;

ჰ) უზრუნველყოფს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული კავშირგაბმულობის სისტემების გამართულ მუშაობას;

ჰ​1 ) ორგანიზებას უწევს რადიოსადგურ „022“-ის სპეცტექნიკის გამართულ მუშაობაზე კონტროლს;

ჰ​2 ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №1231 – III, №133, 25.09.2007 წ., მუხ.1449

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1628 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2068

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

    მუხლი 14​1  (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №254 - სსმ III, №22, 27.02.2009 წ., მუხ.276

თავი VI

დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების სტრუქტურა და კომპეტენცია

    მუხლი 15

დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ქ. თბილისისა და რეგიონების თავისებურებების გათვალისწინებით.

    მუხლი 16

დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების ფუნქციებია:

ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ამ სფეროში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, მათ შორის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;

ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებათა გამოყენება, მათ შორის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გამოვლენილ დანაშულებრივ ქმედობებზე;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, მათ შორის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე;

დ) მართლწესრიგის დაცვა, მოქალაქეთა მხრიდან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;

ე) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ;

ვ) ცხელ კვალზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული ავტოსანტრასპორტო საშუალებების ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ, მათ შორის, ავტოტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებების გამოყენების ღონისძიებთა განხორციელება ან მათში მონაწილეობა;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;

თ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომელთა მიმართ გაწეული საქმიანობის, ასევე პატრულირების განხორციელების შემოწმება, შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბება და დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ი) როგორც საავტომობილო, ასევე სხვა სახის მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება;

კ) განსაკუთრებულ შემთხვევებში ნება დართოს უცხოელს სახელმწიფო საზღვრის სამგზავრო დოკუმენტის გარეშე გადმოკვეთასა და საქართველოში ყოფნაზე 3 თვემდე ვადით;

ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში გასცეს ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა;

მ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №148 - სსმ III, №14, 01.02.2007 წ., მუხ.151

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

    მუხლი 17

1. დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს, ადგილობრივ (რეგიონალურ) მთავარ სამმართველოებსა და სამმართველოებს უფლება აქვთ:

ა) დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები და მომხდარი დანაშაულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინონ გამომძიებელს და სამსახურის მორიგეს;

ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე ჩაატარონ წინასწარი გამოძიება;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ჩადენილ სამართალდარღვევებზე;

დ) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩერონ სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმონ მძღოლის მოწმობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო დოკუმენტები, განახორციელონ სატრანსპორტო საშუალებათა ვიზუალური დათვალიერება, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ან მათი თანმხლები პირების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში იმოქმედონ კანონით დადგენილი წესით;

ე) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორონ პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ იგი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ და შეამოწმონ სიმთვრალის დასადგენად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) აკრძალონ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სავიზო და საპასპორტო კონტროლი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.

2. დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოები და სამმართველოები ვალდებულნი არიან:

ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს და მგზავრებს აღმოუჩინონ სათანადო დახმარება, უზრუნველყონ შემთხვევის ადგილის დაცვა;

ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისას და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს მომხდარის შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაუდებელი ზომები ადამიანთა დასახმარებლად და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;

გ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინონ საზოგადოებრივად საშიში ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1432 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1974

    მუხლი 18

დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოების სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 19

საპატრულო პოლიციის მუშაობის ძირითადი ფორმებია:

ა) ავტომობილებით პატრულირება;

ბ) ქვეითად პატრულირება;

გ) ასევე სხვა საშუალებებით პატრულირება.

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 20

1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №634, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.22.034.008.614 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64630-6/