საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.02.2007 ძალადაკარგული 13.01.2012
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.030.009.940
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 12/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.940

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №21

2007 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.326

2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №257-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1860

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე ჩვენთვის აქტუალური მოვლენების ანალიზი; ქვეყნის საგარეო პოლ იტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება; სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის ოფიციალური მოხსენებების და სხვა მსგავსი მასალების მომზადებაში მონაწილეობა.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, ისევე როგორც არსებული საერთაშორისო გარემოს საგარეო პოლიტიკური ანალიზის შედეგად საქართველოს საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ სტრატეგიულ დოკუმენტებში შესატანი საჭირო ცვლილებების მომზადება;

გ) სამინისტროში შექმნილი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების მთავრობის, დიპლომატიური სამსახურისა და ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენად მომზადება;

დ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული დოკუმენტების საჭიროებისამებრ განახლების და ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავების გზით;

ე) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში მოცემული მიზნების განსახორციელებლად დიპლომატიური სამსახურისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის და ინსტრუქციების შემუშავება და დიპლომატიური სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების სტრატეგიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ვ) სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი პირებისთვის ოფიციალური მასალების მომზადება;

ზ) ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად და ამ პოზიციის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საგარეო პოლიტიკის სფეროში ოფიციალური მოხსენებების თუ ინტერვიუების შემუშავება ან სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თუ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) სტრატეგიული პრიორიტეტების მიხედვით საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების მონიტორინგი, კვლევა და ანალიზი;

ი) განხორციელებულ კვლევებზე დაყრდნობით, სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა მოკლე- და საშუალოვადიანი პროგნოზითა და სამოქმედო რეკომენდაციებით;

კ) პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების და დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით და ამ კუთხით საელჩოების საქმიანობის კოორდინირება;

ლ) სამეცნიერო წრეებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

მ) პარტნიორი ქვეყნების მსგავს სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №257-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1860

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) უფლებამოსილია აწარმოოს კავშირები სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორებთან და წარმოადგინოს სამინისტრო პოლიტიკური დირექტორების შეხვედრებზე;

გ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით აწარმოებს ურთიერთობას საქართველოს უცხოელ ლობისტებთან;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

თ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

კ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

მ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) ამოღებულია;

ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

პ) ახორციელებს ამ დებულებით და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დირექტორის მოადგილე:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;

გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;

დ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;

ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.326

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №257-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1860

    მუხლი 4. ამოღებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.326

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №257-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1860

    მუხლი 5. ამოღებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №257-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1860

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №21, 02.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.940 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/69022-2/