საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2008 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№110
სარეგისტრაციო კოდი
200.150.000.22.033.011.472
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 07/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.472

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №110

2008 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 84​1 მუხლის მე-11 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ“ (დანართი №1).

2. დამტკიცდეს „საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ“ ხელშეკრულების ფორმა (დანართი №2).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ნ. გილაური

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №501-სსმIII, №74, 23.06.2010წ., მუხ.1079

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №700-სსმIII, №110, 03.09.2010წ., მუხ.1704

დანართი №1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84​1 მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების პროცედურებს.

2. საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

 ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება  5 000 000 ლარს;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება აღემატება 5 000 000 ლარს.

3. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეიძლება შეჩერდეს, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებლივი დევნა მის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო;

ბ) მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ითვლება ბათილად, ხოლო ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება – ბათილ გარიგებად.

5. გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მომენტიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს გადასახადის გადამხდელს და საგადასახადო ორგანოს მისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №501-სსმIII, №74, 23.06.2010წ., მუხ.1079

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №700-სსმIII, №110, 03.09.2010წ., მუხ.1704

    მუხლი 2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია

1. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, სადაც იგი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

2. განცხადებაში უნდა მიეთითოს:

ა) გადასახადის გადამხდელის სახელი და გვარი/დასახელება;

ბ) მისამართი;

გ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობა, რომლის მიმართაც უნდა შეჩერდეს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება;

ე) საგადასახადო ვალდებულების შესრულების პერიოდი და მისი გადახდის პირობითი გრაფიკი, მის სრულ გადახდამდე;

ვ) საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო გადასახადის გადამხდელის მიმართ ხომ არ არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ან ხომ არ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

    მუხლი 3. საბანკო გარანტია, ფინანსური გარანტია

1. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადებას უნდა ერთვოდეს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად (გადასახდელი გადასახადის ან/და სანქციის და შეჩერების პერიოდში მასზე დარიცხული საურავის ოდენობის გათვალისწინებით) საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია.

2. საბანკო გარანტიის ან ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი კვირით უნდა აღემატებოდეს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გადავადების პერიოდს.

3. გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.

4. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.     

    მუხლი 4. გარანტიის სახეები

1. საბანკო გარანტია:

ა) საბანკო გარანტიის (შემდგომში – გარანტია) გამცემი ბანკების ჩამონათვალს, ბანკის მიერ ერთ პირზე გასაცემი გარანტიის საგარანტიო თანხის და ყველა შესაძლო გასაცემი გარანტიების საგარანტიო თანხების მაქსიმალური ოდენობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველკვარტალურად იღებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან და აღნიშნულ ინფორმაციას ატყობინებს შემოსავლების სამსახურს;

ბ) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტორი კისრულობს ვალდებულებას საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნისთანავე გარანტიის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა; 

გ) გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტორის მიერ, თუ სრულად შესრულებული არა არის გარანტიით უზრუნველყოფილი საგადასახადო ვალდებულებები;

ე) გარანტია მოწმდება საგადასახადო ორგანოში, რათა დადგინდეს, პასუხობს თუ არა იგი განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, საგარანტიო ვადა და თანხა შეესაბამება თუ არა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;  

ვ) გარანტიის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იტოვებს მის დედანს, ხოლო ასლს გადასცემს ვალდებულ პირს; 

ზ) გარანტორის ვალდებულება კრედიტორის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია;

თ) საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდეგ წყდება საგადასახადო ორგანოს მიმართ გარანტორის ვალდებულება.

2. ფინანსური გარანტია

ა) ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი: 

ა.ა) სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალს, რომლებსაც გააჩნიათ დაზღვევის (არასიცოცხლის) ლიცენზია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველკვარტალურად იღებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან და აღნიშნულ ინფორმაციას ატყობინებს შემოსავლების სამსახურს.

ა.ბ) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტორი კისრულობს ვალდებულებას საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნისთანავე გარანტიის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა. 

ა.გ) გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ა.დ) გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტორის მიერ, თუ შესრულებული არ არის გარანტიით უზრუნველყოფილი საგადასახადო ვალდებულებები.

ა.ე) გარანტია მოწმდება საგადასახადო ორგანოში, რათა დადგინდეს, პასუხობს თუ არა იგი განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, საგარანტიო ვადა და თანხა შეესაბამება თუ არა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.   

ა.ვ) გარანტიის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იტოვებს მის დედანს, ხოლო ასლს გადასაცემს ვალდებულ პირს.

ა.ზ) გარანტორის ვალდებულება საგადასახადო ორგანოს მიმართ  შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია.

ა.თ) საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდეგ წყდება საგადასახადო ორგანოს მიმართ გარანტორის ვალდებულება.

ბ) დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში:

ბ.ა) საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დეპოზიტის (შემდგომში – გარანტია) გამოყენების შემთხვევაში მოვალის მიერ სათანადო თანხა სახელმწიფო ხაზინაში კომერციული ბანკის მეშვეობით შეიტანება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანაგარიშზე. 

ბ.ბ) გარანტია მოწმდება საგადასახადო ორგანოში, რათა დადგინდეს, პასუხობს თუ არა იგი განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, საგარანტიო ვადა და თანხა შეესაბამება თუ არა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.   

ბ.გ) სახელმწიფო ხაზინაში ბიუჯეტის შემოსულობის ერთიან ანგარიშზე დეპოზიტის სახით კომერციული ბანკის მეშვეობით თანხის შეტანა შეიძლება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანაგარიშსწორების გზით.

ბ.დ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინისათვის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია დეპოზიტზე თანხის შემომტანის მიერ მისი განკარგვა.

ბ.ე) მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების შემდეგ ხდება დეპოზიტის დაბრუნება. დაბრუნების საფუძველია თანხის დაბრუნებაზე მოვალის წერილობითი მოთხოვნა, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების შესახებ.

ბ.ვ) ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მოვალის ანგარიშზე არსებული დეპოზიტის დაბრუნება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით  ხორციელდება არა უგვიანეს 3 საბანკო დღისა.

ბ.ზ) საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისთანავე გარანტიის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. 

ბ.თ) გარანტიის დაბრუნება ხორციელდება დეპოზიტით უზრუნველყოფილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, თუ მისი დაბრუნების შესახებ ვალდებული პირის წერილობითი მოთხოვნა (რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების შესახებ)  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს (სახაზინო დეპარტამენტს) წარედგინება 6 წლის განმავლობაში, დაწყებული ვალდებულებების შესრულების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოუთხოვნელი გარანტიის თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში და დაბრუნებას აღარ ექვემდებარება.

    მუხლი 5. გარანტიის შეთანხმება

1. გარანტიის წარმდგენი ვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული გარანტიის სახეებიდან ამოირჩიოს წარსადგენი გარანტია, ხოლო საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს არჩეული გარანტიის შესრულება განსაზღვრულ ვადაში.

2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია უარი თქვას წარდგენილ გარანტიაზე, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შესრულებას.

    მუხლი 6. გარანტიის გაუქმება ან შესრულება

1. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტიები უქმდება, თუ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი საგადასახადო ვალდებულებები ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები.

2. საგადასახადო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გარანტორს,  გაცემული გარანტიით სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მოსთხოვოს გარანტიით უზრუნველყოფილი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულება.

    მუხლი 7. გარანტიის თანხის ჩამოჭრა

1. გარანტიის თანხის ჩამოჭრის საფუძვლებია:

ა) გადასახადის გადამხდელის  მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების ხელშეკრულებით განაზღვრული პირობების დარღვევა;            

ბ) გადასახადის გადამხდელის  მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების პერიოდში მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა.

2. ამ მუხლის  პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში საგარანტიო თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე განთავსება.

3. გარანტორი უპირობოდ ასრულებს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნას.                    

    მუხლი 8. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები

1. საგადასახადო ორგანო განიხილავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების თაობაზე წარმოდგენილ განცხადებას, განცხადებაზეთანდართულ დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას გადასახადის გადამხდელის შესახებ.

2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების თაობაზე წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებთან, საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდგომი განხილვის მიზნით ეგზავნება შემოსავლების სამსახურს.

3. საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან შემოსავლების სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 5 000 000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება აღემატება 5 000 000 ლარს შემოსავლების სამსახურიდან მასალები გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გადასახადის გადამხდელს და შესაბამის საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №700-სსმIII, №110, 03.09.2010წ., მუხ.1704

    მუხლი 9. ხელშეკრულება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის იდება ხელშეკ-რულება (დანართი №2), რომელშიც აისახება შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულების გადახდის პირობები, მისი დაფარვის გრაფიკი და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

2. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ხელშეკრულება დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე  გადაეცემა გადასახადის გადამხდელს.

3. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების  უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახადის არადროულად ჩარიცხვის გამო დარიცხული საურავის გადახდისაგან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №700-სსმIII, №110, 03.09.2010წ., მუხ.1704

    მუხლი 10. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების ვადის შეწყვეტა

1. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება ვადამდე წყდება:

ა) შესაბამისი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების) ვადის ამოწურვისას;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელი დადგენილი ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხებს და შესაბამის საურავს;

გ) თუ გადასახადის გადამხდელი დაარღვევს გადავადების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.

2. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების   ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეგზავნება გადასახადის გადამხდელს.          

3. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევისას ან/და საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის პერიოდში მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება.

 

დანართი №2

ხელშეკრულება

საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის

ღონისძიებების შეჩერების შესახებ

ერთი მხრივ შემოსავლების სამსახურის ————————————-(შემდგომში –

                             (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

კრედიტორი) და მეორე მხრივ ————————————————————-

(გადასახადის გადამხდელის გვარი და სახელი/დასახელება,     საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი მისამართი)

_______________________________————————————(შემდგომში – მოვალე)

           (წარმომადგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84​1 მუხლის, “საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 იანვრის №110 ბრძანებისა და________20_ _____  _______ № ბრძანების საფუძველზე

                   (საგადასახადო ორგანოს დასახელება)     (დღე)  (თვე) 

20-_წ „___”  „____________”  ________________________________________________

    (დღე)     (თვე)            (ხელშეკრულების გაფორმების ადგილი)

        

 

გავაფორმეთ ხელშეკრულება მასზედ, რომ მოვალეზე 20_წლის „__” „_______“

                                                                                                                (დღე) (თვე)

                                                                                 

რიცხული __________ ლარის (მათ შორის, ძირითადი ____ ლარი,   სანქცია ______ ლარი, საურავი ________ ლარი, სავარაუდოდ დასარიცხი საურავი _________ ლარი) საგადასახადო დავალიანების მიმართ შეჩერდეს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.

    მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

   „კრედიტორი“ იღებს ვალდებულებას 20— წლის „——“ “———————“ მდგომარეობით „მოვალეზე“ რიცხული —————— ლარის საგადასახადო ვალდებულების მიმართ არ განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები 20— წლის „——“ “——————— “დან 20— წლის „—————“ “————————-–“ მდე.

                (დღე)   (თვე)          (დღე)         (თვე)

                                                                                                               

   მუხლი 2. ხელშეკრულების პირობები

1. „მოვალე“ ვალდებულია თანდართული გრაფიკის მიხედვით უზრუნველყოს შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებისა და შეჩერების პერიოდში მიმდინარე გადასახადების გადახდა.

2. „კრედიტორი“ ვალდებულია:

ა) განახორციელოს კონტროლი „მოვალის“ მიერ გრაფიკის შესაბამისად შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებისა და მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე;

 ბ) „მოვალის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოითხოვოს წარდგენილი საბანკო გარანტიის ან ფინანსური გარანტიის შესრულება.

   მუხლი 3. ხელშეკრულების შეწყვეტა

1. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება ვადამდე წყდება:

ა) შესაბამისი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების) ვადის ამოწურვისას;

ბ) თუ „მოვალე“ დადგენილი ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხებს და შესაბამის საურავს;

გ) თუ „მოვალე“ დაარღვევს გადავადების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის შეწყვეტის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია „გარანტორს“ მოსთხოვოს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა უზრუნველყოს საგარანტიო თანხის გადახდა.

   მუხლი 4. განსაკუთრებული გარემოებები

1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის/შესრულების გადავადებისათვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალით.

2. დაუძლეველი ძალა ამ მუხლის მიზნებისათვის ნიშნავს ისეთ გარემოებებს, რომლებიც არ არსებობდა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, წარმოიშვა მხარეთა ნების გარეშე, მათი ქმედებისგან დამოუკიდებლად და რომელთა კონტროლი აღემატება მხარეთა შესაძლებლობებს.

3. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებებს დაუძლეველი ძალის გამო, ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს შესაბამისი გარემოების დადგომისთანავე, თუ ეს შეუძლებელი არ არის იმავე გარემოებების გამო.

4. წინამდებარე ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილ გარიგებად, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84​1 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.

5. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს განსაკუთრებული გარემოებების (გადამხდელი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადავიდა რესტრუქტურიზაციის რეჟიმში; საწარმო შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით გადაყვანილია გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში და სხვა) არსებობისას.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

     1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.

     2. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობით.

     3. მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები წყდება მხარეთა ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

     4. ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. ერთი რჩება „კრედიტორთან“, ხოლო მეორე – გადაეცემა „მოვალეს“.

მხარეთა რეკვიზიტები:

„მოვალე“ ———————————————————————————————

      (გადასახადის გადამხდელის გვარი და სახელი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი მისამართი,

————————————————————————————————————

              მისი წარმომადგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა)

 

„კრედიტორი“  ——————————————————————————————

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე ———————————————

    (სახელი და გვარი)

   „მოვალის წარმომადგენელი“     საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე

             /     /                                                                        /     /                   

          ბ.ა.                                                                            ბ.ა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის ბრძანება №501-სსმIII, №74, 23.06.2010წ., მუხ.1079

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №700-სსმIII, №110, 03.09.2010წ., მუხ.1704

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №110, 31.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 200.150.000.22.033.011.472 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/76006-2/