საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.09.2007 ბოლო ცვლილება 28.03.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№196
სარეგისტრაციო კოდი
310.050.000.10.003.000.837
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 132, 21/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №196

2007 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №351 – ვებგვერდი, 05.09.2023წ.

1. საქართველოს საჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 28-ე პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული დებულება.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №351 – ვებგვერდი, 05.09.2023წ.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №211 დადგენილება (სსმ III, 2005 წ., №136, მუხლი 1507).

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დებულება

საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება

     მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ან/და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გამცემ ორგანოს, ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №351 – ვებგვერდი, 05.09.2023წ.

     მუხლი 2

საქართველოს საჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ პირზე საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) ან/და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №351 – ვებგვერდი, 05.09.2023წ.

     მუხლი 3

1. საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ნებართვის მისაღებად სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული პირი სააგენტოს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  დოკუმენტების გარდა, დამატებით წარუდგენს:

ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახეობის სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ნებართვას მოითხოვს მაძიებელი;

ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ გეოგრაფიულ რეგიონში, რა დროის პერიოდში და რა ტიპის საჰაერო ხომალდ(ებ)ით შესრულდება საავიაციო სამუშაოები;

გ) სააგენტოს დირექტორის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ნებართვის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტებს (სადაზღვევო პოლისებს) ან ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება, მიადგეს მგზავრს, ტვირთს, ბარგსა და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით;

დ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ან სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების)  განხორციელების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი ეკვივალენტური დოკუმენტის, აგრეთვე სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის ასლსა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ხმაურის სერტიფიკატის ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობას (იმ სახეობის სპეციალიზებული ექსპლუატაციისათვის, რომლებიც საჭიროებენ საჰაერო ხომალდიდან ფოტო და ვიდეოგადაღებას);

ვ) ინფორმაციას ექსპლუატანტის იურიდიული მისამართის თაობაზე;

ზ) პასუხისმგებელი ხელმძღვანელის სახელსა და გვარს და საკონტაქტო ინფორმაციას;

თ) საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის სერტიფიკატ(ებ)ს;

ი) სპეციალური ნებართვის (SPA) ჩამონათვალს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კ) მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალს (MEL) ან კონფიგურაციიდან გადახრის ჩამონათვალს (CDL), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ლ) ინფორმაციას საავარიო, სამაშველო და სხვა აღჭურვილობის შესახებ;

მ) საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს (AFM) ან ეკვივალენტურ დოკუმენტ(ებ)ს;

ნ) ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს (OM), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ო) ჩანაწერებს ექსპლუატაციაში მონაწილე პერსონალის (მათ შორის, ეკიპაჟის წევრების, ამოცანის შემსრულებელი სპეციალისტებისა და ტექნიკური პერსონალის) გამოცდილების, კვალიფიკაციისა და  გავლილი მომზადების შესახებ;

პ) ინფორმაციას საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების მართვის ორგანიზაციის (CAMO) შესახებ.

2.  მაღალი რისკის კომერციული საავიაციო სამუშაოს განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელმა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, დამატებით უნდა წარადგინოს სპეციალიზებული საექსპლუატაციო პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია მაღალი რისკის შემცველი საავიაციო სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით.

შენიშვნა: მაღალი რისკის კომერციული სპეციალიზებული საექსპლუატაციო პროცედურები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის  ნორმატიული აქტით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახეობის საავიაციო სამუშაოს წარმოებაზე, მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №351 – ვებგვერდი, 05.09.2023წ.
     მუხლი 4

1. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებელი სააგენტოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, დამატებით წარუდგენს:

ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ საჰაერო ხაზზე მოითხოვს ნებართვის მაძიებელი არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების ნებართვას და რა ტიპის საჰაერო ხომალდ(ებ)ით უზრუნველყოფს იგი იმ საჰაერო ხაზის ექსპლუატაციას, ასევე რა პერიოდში შესრულდება გადაყვანა-გადაზიდვა;

ბ) სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ნებართვის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტებს (სადაზღვევო პოლისებს) ან შესაბამის ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება,  მიადგეს მგზავრს, ტვირთს, ბარგსა და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით;

გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ასლს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისთვის ახორციელებს);

დ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის ასლსა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ხმაურის სერტიფიკატის ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა გაიცემა:

ა) იმ ვადით, რა ვადაშიც უნდა განხორციელდეს მრავალჯერადი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა;

ბ) ერთჯერადად, არარეგულარული გადაყვანა-გადაზიდვის განხოციელების კონკრეტული ვადით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

     მუხლი 5

1. სააგენტო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ დებულების მოთხოვნებთან.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
    მუხლი 6

საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვა და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) ნებართვის მფლობელი ექსპლუატანტის დასახელებას;

ბ) ნებართვის ნომერს;

გ) აეროპორტების დასახელებას, სადაც უნდა განხორციელდეს ფრენა;

დ) რეისის ნომერს;

ე) საჰაერო ხომალდის ტიპსა და მის სარეგისტრაციო ნომერს;

ვ) ფრენის მარშრუტს;

ზ) ფრენის შესრულების თარიღს/პერიოდს;

თ) ფრენის მიზანს/საავიაციო სამუშაოების სახეობას.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

    მუხლი 7

სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 8

1. უცხო  ქვეყანაში  რეგისტრირებული  სამოქალაქო  საჰაერო  ხომალდის  ექსპლუატანტის მიერ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში  ადგილობრივი ფრენების განხორციელებას ესაჭიროება სააგენტოს თანხმობა.

2. თანხმობის მისაღებად ავიაკომპანიამ სააგენტოში უნდა წარადგინოს  ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

     მუხლი 9

ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება სხვა ქვეყნის საჰაერო ხომალდზე, რომლითაც ხორციელდება სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები):

ა) ჰუმანიტარული მიზნით;

ბ) ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ავარიის დროს ადამიანების, სახელმწიფო და კერძო ქონების გადასარჩენად.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №351 – ვებგვერდი, 05.09.2023წ.
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №196, 19.09.2007, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.10.003.000.837 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7750-2/