„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.04.2009 ბოლო ცვლილება 20.02.2015
ნომერი
№2-89
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.032.013.023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 27/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-89

2009 წლის 14 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის   2007 წლის 15 ივნისის №2-82 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი, რომელიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდ გომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისთვის “საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორცილებისათვის ხელშეწყობა;

დ) სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ე) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია;

ვ) სასამართლოს დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ზ) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;

თ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ი) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის, სამინისტროში შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის საბოლოო შეთანხმებისა და წარდგენის უზრუნველყოფის ორგანიზება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან;

კ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია;

ლ) (ამოღებულია);

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და ამოცანები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-68 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.803

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ახდენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.

4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციებს, უფლებამოსილებებს და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.

6. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) დეპარტამენტის უფროსის, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-68 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.803

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო ახორციელებს:

ა) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფას ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში;

ბ) სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადებას და აღნიშნული დავების განხილვაში მონაწილეობის მიღებას;

გ) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების, განცხადებების, კორესპონდენციის განხილვას კომპეტენციის ფარგლებში;

დ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

2. კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო ახორციელებს:

ა) ნორმატიული აქტების სისტემაზატიზაციისა და შესრულების მიზნით, ნორმატიული აქტებისა და მათში შეტანილი ცვლილებების შესწავლასა და აღრიცხვას;

ბ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფას;

გ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობაში წარდგენის პროცედურების ორგანიზებას;

ვ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის ორგანიზებას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების წარდგენას ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

თ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე სათანადო რეაგირებას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

კ) სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულების სამართლებრივ ექსპერტიზას (გარდა შრომითი და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა).

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-68 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.803

    მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრვი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.       

 4. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.

5. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-89, 14.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.023 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83398-1/