„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.05.2009 ბოლო ცვლილება 02.10.2013
ნომერი
№315
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.033.013.135
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 29/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება #315

2009 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე - 36​4  მუხლების და VIII თავის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

1. დამტკიცდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №89 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ. პეტრიაშვილი

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებსა და ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე და განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – სამინისტრო) კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

    მუხლი 2. კონკურსისა და ატესტაციის განხორციელების პრინციპები

სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის განხორციელების პრინციპებია:

ა) ობიექტურობა;

ბ) გამჭვირვალობა;

გ) არადისკრიმინაციულობა;

დ) საჯაროობა;

ე) კოლეგიურობა;

ვ) კორექტულობა.

    მუხლი 3. კომისია

1. სამინისტროში კონკურსსა და ატესტაციას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე ასრულებს კომისიის მდივნის (შემდგომში - კომისიის მდივანი) მოვალეობას.

2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შედგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.

3. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.

4. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები.

5. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №731-სსმIII, №140, 13.11.2009., მუხ.1610

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 12.06.2013წ.

    მუხლი 4. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა

1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.

2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 5. კომისიის რეგლამენტი

1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. კომისიის სხდომა ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

თავი II

კონკურსი

    მუხლი 6. კონკურსის მიზნები და ამოცანები

1. კონკურსის მიზნებია:

ა) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა;

ბ) (ამოღებულია - 22.01.2013, №19 ).

2. კონკურსის ამოცანებია:

ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;

ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

    მუხლი 7. კონკურსის გამოცხადება

1. კონკურსს სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სამინისტრო აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.

2. (ამოღებულია - 22.01.2013, №19 ).

3. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სამინისტროს დასახელებას და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;

ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს;

გ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

გ​1 ) შესასრულებელ სამუშაოს;

დ) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

ე) კომისიის მისამართს.

4. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გაამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

    მუხლი 8. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს

1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 მაისის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 25.05.2013წ.

    მუხლი 9. კომისიის სამდივნო   

1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი. სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) კანდიდატთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის შენახვას;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან;

გ) კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში კანდიდატთა რეგისტრაციას;

დ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ე) საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენას კომისიისთვის;

ვ) კონკურსის მომზადებისა და წარმართვის დროს წარმოშობილი სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას.

3. კონკურსის დასრულებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს ფუნქციონირებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

    მუხლი 10. კონკურსისათვის კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები და კონკურსზე გამოცხადების წესი

1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

 2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

ა)  განცხადება;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ)  ფერადი ფოტოსურათი;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

ვ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სხვა დოკუმენტები საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად (კომისიის გადაწყვეტილებით).

3. არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის ცალკეულ პროცედურაზე არ დაიშვება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

    მუხლი 11. კანდიდატის უფლება გამოითხოვოს განცხადება ან/და შეცვალოს განცხადებაში მითითებული ვაკანტური თანამდებობა

კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოითხოვოს განცხადება ან/და შეცვალოს ვაკანტური თანამდებობა შესაბამისი განცხადებით.

    მუხლი 12. კონკურსის ჩატარების პროცედურა

1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

ა) წერითი დავალება;

ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება;

გ) გასაუბრება.

2. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

    მუხლი 13. კონკურსის შედეგები

1. კომისია კონკურსის შედეგებს განიხილავს სხდომაზე კანდიდატების დაუსწრებლად.

2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

3. კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. 

4. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს წარდგენაზე.

5. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო მინისტრს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.

6. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.

7. (ამოღებულია - 22.01.2013, №19)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

თავი III

ატესტაცია

    მუხლი 14. მოხელის ატესტაცია

1. ატესტაციას ექვემდებარება:

ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;

გ) (ამოღებულია - 22.01.2013, №19) ;

დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით.

3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.

4. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

    მუხლი 15. ატესტაციის მიზნები

ატესტაციის მიზანია:

ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;

ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;

გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;

ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;

ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;

ზ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.

    მუხლი 16. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს სამსახური და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 12.06.2013წ.

 

    მუხლი 17. ატესტაციის ჩატარების პროცედურა

1. ატესტაციას ატარებს კომისია.

2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი სამსახურში  წარადგენს დახასიათებას „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული „მოხელის დახასიათების“ (დანართი №1) მიხედვით. იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.

3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.

4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს სამსახური.

5. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.

6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით.

7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს მოხელის უშუალო ხელმძღვანელი.

9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, იგი იღებს ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 12.06.2013წ.

    მუხლი 18. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

1. ატესტაციის დროს კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.

2. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.

3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:

ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;

ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);

დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

4. საჭიროების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას და მინისტრს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.

    მუხლი 19. ატესტაციის შედეგები

1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, წევრები და კომისიის მდივანი.

2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,საატესტაციო ფურცელში“ (დანართი №2), რომელსაც ავსებს კომისიის მდივანი ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, წევრები და კომისიის მდივანი.

3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.

4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მინისტრს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.

5. მინისტრი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას  სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების,  დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან  დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.

 6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, მინისტრს აქვს უფლება  მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.

7. (ამოღებულია - 22.01.2013, №19 )

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

თავი IV

საპრეტენზიო კომისია და დავის გადაწ ყ ვეტა

    მუხლი 20. საპრეტენზიო კომისია

1. კონკურსისა ან ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.

3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, წევრები (მათ შორის, მოწვეულები) და საპრეტენზიო კომისიის მდივანი. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის/კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.

4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს საპრეტენზიო კომისიის მდივანი და ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და მდივანი.

8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

9. კანდიდადტს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა, ხოლო მოხელეს – ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.

10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.

    მუხლი 21. ატესტაციასთან/კონკურსთან დაკავშირებული დავები

კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, №315, 25.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.135 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84034-4/