გადაწყვეტილება №18451/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2023
№ დოკუმენტი 18451/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18451/2/2022

10.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "----------" (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "----------"-ს 15.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18451/2/2022).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 1.09.2021 წლის №28158 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 სექტემბრის №125-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №29875 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 43 676 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 24 920

დღგ - 10 802

საშემოსავლო გადასახადი - 14 118

ჯარიმა - 10 242

საურავი - 8 514

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №16481 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 ივლისის №22823 ბრძანება და №125-22 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 36 892 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 11 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2021 წლის 1 სექტემბრის №28158 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

2021 წლის 20 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 სექტემბრის №28158 ბრძანებით განსაზღვრული ვადის 1 თვით გაგრძელება. შემოსავლების სამსახურის 11.10.2021 წლის №32349 ბრძანებით, 2021 წლის 1 სექტემბრის №28158 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვრა ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღე.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 სექტემბრის №28158 და 11 ოქტომბრის №32349 ბრძანებების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 სექტემბრის დასკვნა, 23 სექტემბრის №24437 ბრძანება და №125-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 963 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 8 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.11.2022 წლის №29875 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის №28158 ბრძანების შესაბამისად განახორციელა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, მომჩივანს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 სექტემბრის №28158 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის მაღაზია მდებარეობს "----------"-ში, ტერიტორიულად ისეთ ადგილას, სადაც ძირითადად არის საბითუმო მაღაზიები, ამიტომ მისი მაღაზიაც არის საბითუმო, საცალო პროდუქცია კი გაყიდვაშია მხოლოდ ასორტიმენტის გაზრდის მიზნით. კლიენტების უდიდესი ნაწილი დადის რაიონიდან, რათა შეისყიდონ პროდუქცია საბითუმო ფასად. იმის ფონზე რომ "----------" ძირითადად საბითუმო მაღაზიებია, მომჩივანსაც ანალოგიური ფასები აქვს პროდუქციაზე, რათა არ დაკარგოს მომხმარებელი. კლიენტები მას ჰყავს უშუალოდ კონკრეტულ პროდუქციაზე. კერძოდ, ბავშვის და ხანდაზმულთა ჰიგიენურ საფენებზე და სარეცხ საშუალებებზე, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს დაბალი ფასნამატი აქვს. აქედან გამომდინარე, საბითუმო მაღაზია შეიძლება სპეციალიზირდეს როგორც „ჰიგიენური საფენების და სარეცხი საშუალებების მაღაზია“. იმის გამო რომ კონკურენცია დიდია, კლიენტები უმეტესად ამ კონკრეტული პროდუქციით არიან დაინტერესებულნი, ხოლო მომჩივნის ინტერესის საგანს წარმოადგენს საქონელბრუნვა, რაც განპიროვნებულია დაბალი საპროცენტო ფასნამატით. ასორტიმენტში სხვა დასახელების პროდუქციაც არის. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მყიდველის უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად აქვს აღნიშნული პროდუქცია, თუმცა ისინი მცირეა და იმდენად იშვიათად იყიდება, რომ მისი გათვალისწინება არ ღირს.

მომჩივანი აცხადებს, რომ თუ შეცდომებია დაშვებული, ისინი გამოწვეულია მისი უცოდინრობიდან გამომდინარე. ამის დასტურად გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს 2018 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ხარჯებზე მითვლილ გაუქმებული ზედნადებების თანხას 9 599 ლარის ოდენობით. ამასთანავე, 2018 და 2019 წლის დეკლარაციაში არ აქვს მითვლილი და გამორჩენილია ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქტივების თანხა (შესყიდვის აქტები). ასევე, წლიურ დეკლარაციაში შევსების სისწორე არ არის დაცული, რადგან არ იცოდა სად ან როგორ ჩაეწერა. ხარჯებში არ აქვს მითვლილი საწვავის, დენის ხარჯი, იმავე მიზეზით, რომ არ იცოდა ეს ხარჯი როგორ გაეტარებინა და ა.შ. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და თუ რაიმე ხარვეზია მის საქმიანობაში იგი უნებლიედაა გამოწვეული.

გადასახადის გადამხდელის მაღაზია არის პატარა საოჯახო ბიზნესი, რომელსაც უძღვებიან ოჯახის წევრები თავად, არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას იმ მიზეზით, რომ შემოსავალი არ არის იმდენი, რათა გაუმკლავდნენ მათ ხარჯებს. ამის ფონზე 13.07.2021 წლის №22823 ბრძანების და №125-22 საგადასახადო მოთხოვნის შედეგად დარიცხული თანხები პატარა საოჯახო ბიზნესისთვის შეუძლებელია გადასახდელად. მაღაზიის ფართობი პატარაა, სულ 22 კვადრატული მეტრიც არ არის ჯამში. მომჩივანი აცხადებს, რომ მაღაზიის სიმცირის გამო ფიზიკურად ვერ შეძლებს იმ თანხების გადახდას, რაც შემოწმების შედეგად დაერიცხა და ითხოვს ჯარიმისა და დარიცხული საურავის მოხსნას. ასევე, სურს გაითვალისწინონ საქონლის ბრუნვაზე ერთიანობაში 5 პროცენტიანი ფასნამატი, ვინაიდან ხშირად რეალიზებად პროდუქციაზე ფასნამატი საშუალოდ 3-5 პროცენტია. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მხედველობაში მიიღონ მის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები და გაითვალისწინონ 2018 და 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის ხარჯებში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 სექტემბრის №28158 ბრძანებით:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 5%-ს. მეწარმე არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, არ იდენტიფიცირდება საცალოდ რეალიზებული საქონელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით და ფასების ფიქსაციით დადგენილია საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც უნდა დაკორექტირებულიყო დასაბეგრი ბრუნვა, არაარსებითია, რადგან ფასები გამოყვანილია თვითნებურად, ყოველგვარი დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასნამატი არ დაკორექტირდა და დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები) გათვალისწინებული იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ნაწილში. შესაბამისად, დაკორექტირდა 2018 წლის საშემოსავლო გადასახადი. გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა 963 ლარი.

მომჩივანი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.