ბრძანება N 16600
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16600
10 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 21 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №81811/1/2023 საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის ID------- გადაწყვეტილების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აქვს ბიუჯეტის დავალიანება. ვალის მართვის დეპარტამენტს მიმართა ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით, რაზეც მიიღო უარყოფითი პასუხი. გადამხდელი ითხოვს, მიეცეს ზედნადების გამოწერის საშუალება, ზედნადებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულება გადახდილი იქნება ბიუჯეტში სრულად მისი შემძენი ორგანიზაციის მიერ.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შპს „-------“ (ს/ნ -------) 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით აღიარებული ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 231 349.5 ლარი, საურავი 7488.89 ლარი. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2018 წლის 7 აგვისტოს №011-1410 ბრძანება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N 3751 ბრძანების საფუძველზე, შპს „-------“ (ს/ნ ------) შეეზღუდა სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის უფლება.
სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელმა განცხადებით მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს, რაზედაც ვალის მართვის დეპარტამენტის უარი ეცნობა 2023 წლის 7 ივნისის ID------- წერილით.
გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულია საგადახდო დავალება, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „-------”-ის მიერ ბიუჯეტის ერთიან სახაზინო კოდზე გადახდილია 2000 ლარი, თუმცა თავისი სახელით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების გამოცემისთანავე, ბრძანების გამოცემის შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ ოპერაციებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქონების განკარგვის აკრძალვის უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელს შეეზღუდოს სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის უფლება.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის ვალის მართვის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა საშუალება გამოწეროს შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და გაუქმებას არ ექვემდებარება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, მიეცეს სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხელს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოცემულ იქნა ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების საფუძველზე, ორგანიზაციას შეეზღუდა სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის უფლება.
სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელმა განცხადებით მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს, რაზედაც ვალის მართვის დეპარტამენტის უარი, ვინაიდან ზედნადებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო კოდზე გადახდილია შემძენი ორგანიზაციის მიერ, თავისი სახელით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და გაუქმებას არ ექვემდებარება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238; 241
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის ბრძანება N3751, მუხლი 8(5)