ბრძანება N 9907
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9907
04.05.2023
ი/მ --- --ის (ს/ნ ----)
(მის.: -----------------)
2023 წლის 30 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ --- ------------ის (ს/ნ ---------------------) №80003/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №CB1443736 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი 2020 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციით დადეკლარირებული რეალიზაცია და დაარიცხა ჯარიმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მეწარმე არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, დანაკლისი დაადეკლარირა სრულად, ნაწილი გადაიხადა და ნაწილ აღიარებულ თანხაზე ატვირთული აქვს ექვსთვიანი გრაფიკი, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ნოემბრის № 28027 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ --- ------------ის (ს/ნ ---------------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ --- ------------ის (ს/ნ ---------------------) მინდობილმა პირმა ი/მ --- ------------მა (ს/ნ ---------------------) დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. მანვე განმარტა, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე, არ იყენებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას.
ი/მ --- ------------ის (ს/ნ ---------------------) კუთვნილ ობიექტში 2022 წლის 8 ნოემბრის მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 124024.40 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ (დღგ-ს გარეშე) ჯამში შეადგინა 97169.33 ლარი.
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე.
2021 წლიდან 2022 წლამდე განხორციელებული ბრუნვების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 95656.07 ლარი.
ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ზედნადებებით მიღებულმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 349907.09 ლარი.
2022წ პირველი იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა 179456.62 ლარი, რომელიც გაანგარიშებულ იქნა მცირე მეწარმის ყოველთვიური დეკლარაციის მიხედვით. ხოლო 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებად გაანგარიშებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით, რომელმაც შეადგინა 15236.44 ლარი.
საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 8.87 პროცენტი.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2022 წლის 8 ნოემბერი) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 266732.39 ლარი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 169563.06 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 217831.90 ლარი.
ი/მ --- ------------ის (ს/ნ ---------------------) მინდობილ პირს 2022 წლის 27 დეკემბერს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით.
2023 წლის 10 იანვარს გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი პოზიცია ოქმის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიების შესახებ. აღნიშნული განხილულ იქნა 2023 წლის 6 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომაზე, რომლის გადაწყვეტილებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შედეგები დარჩა უცვლელი.
ამდენად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ --- ------------ს (ს/ნ ---------------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაერიცხა სანქცია 21783.19 ლარის ოდენობით.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 22 თებერვალს შედგენილ იქნა № CB1443736 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი საჩივარში მოყვანილ გარემოებასთან დაკავშირებით აღვნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ 2022 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაცია წარდგენილ იქნა ინვენტარიზაციის დაწყების შემდეგ, ხოლო დეკლარაციაში ზედმეტად ასახული რეალიზაციის თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადამხდელს არ გააჩნდა. შესაბამისად, 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა საკონტროლო–სალარო აპარატის მონაცემები - 15236.44 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --- ------------ის (ს/ნ ---------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს.ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაერიცხა სანქცია .
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11); 49(1 „გ“); 70(1 „ა“); 269(1.7); 270(1,2); 286(9); 302(6);