გადაწყვეტილება №24293/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.12.2024
№ დოკუმენტი 24293/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24293/2/2024

23 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 15.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24293/2/2024).

 

დავის საგანი:

საბჭოს 11.07.2024 წლის №23006/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. 03/66701) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 15.10.2024 წლის №22286 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2024 წლის №021-71 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 407 738.64 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 198 956

დღგ - 7 429

საშემოსავლო გადასახადი - 191 625

ქონების გადასახადი - (-98)

ჯარიმა - 143 323

საურავი - 65 459.64

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6858 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 22.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

- სამუშაოებს აწარმოებს როგორც სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით, ასევე, კერძო სექტორის იურიდიულ პირთა მომსახურების სახით. გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა ჩათვლილი იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები, ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც მიწოდებულ იქნა გადამხდელის მხრიდან. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ და შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ბრუნვებს შორის. ზოგიერთ შემთხვევაში სხვაობა გამოწვეულია არასრული დეკლარირების გამო, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში არასწორადაა განსაზღვრული დაბეგვრის პერიოდი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №15735 ბრძანება და ამავე თარიღის №021-50 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 3.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 13.11.2023 წლის №27839 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27839 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27839 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ

- გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული იყო სხვადასხვა სამშენებლო მასალისა და მომსახურებების შეძენის ამსახველი შესყიდვის აქტები. გადამხდელი დამატებით განმარტავდა, რომ აღნიშნული საქონელი/მომსახურება გამოყენებულ იქნა სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა ობიექტის მშენებლობისას. საჩივარზე თანდართული იყო ჯამში 309 153 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ამსახველი აქტები. გარდა აღნიშნული მასალებისა არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული ხარჯის გაწევის (ნაღდი ფულის გადახდის) ფაქტი (ნამდვილობა), შესაბამისად, აღნიშნული მასალები არ იქნა გათვალისწინებული განკარგვადი თანხების ნაშთის დათვლისას.

- გადასახადის გადამხდელს არც შესამოწმებელ და არც წინა საანგარიშო პერიოდზე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, შესაბამისად, ვერ მოხდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების ნაშთის დადასტურება. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს, რომ ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე გავლენის მოხდენის მიზნებისთვის მხედველობაში მიიღება სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაციების ამსახველი დოკუმენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ოპერაციები განხორციელდა შემოწმებით მოცულ (შესამოწმებელ) პერიოდში და ამავე დროს, შესაბამის ოპერაციაზე სათანადო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია შემოწმების დასრულებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის განცხადება დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული.

- საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი, მათ შორის, საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართული იყო ავანსის სახით მიღებული თანხები, რომლებიც შემოწმების პერიოდშივე უკან დაბრუნებულ იქნა დამკვეთი მხარისთვის, ასევე, ტექნიკური ხარვეზის გამო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული იყო თიზ-ის საწარმოზე განხორციელებული საქონლის მიწოდების ოპერაციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

გადაანგარიშებით შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა სულ 19 810 ლარი, მათ შორის გადასახადი 14 342 ლარი და ჯარიმა 5 468 ლარი.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის №4148 ბრძანება და ამავე თარიღის №021-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 17.13.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.04.2024 წლის №8284 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 11.07.2024 წლის №23006/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. 03/66701) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანებით განსაზღვრული დავალების ფარგლებში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები); აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 9.10.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები ჯამში შემცირდა 105 944 ლარით, მათ შორის გადასახადი 70 629 ლარით და ჯარიმა 35 315 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.10.2024 წლის №22286 ბრძანება და 16.10.2024 წლის №021-71 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ვრცლად წარმოადგენს არგუმენტებს შემოწმების აქტში ასახულ დარიცხვის საფუძვლებთან და შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27839 ბრძანების აღსრულების შედეგებთან დაკავშირებით. სადავო საკითხზე, საბჭოს 11.07.2024 წლის №23006/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. 03/66701) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე კი მიუთითებს შემდეგს:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სასამართლოში. რაც შეეხება, მის აღსრულებას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, სრულად არ იქნა გათვალისწინებული, მხედველობაში მისაღებია როგორც ნოტარიულად დადასტურებული, ასევე ისეთ საქმიანობაზე გადახდილი თანხები, რომელთა მოძიება კომპანიის მიერ ვერ მოხერხდა, თუმცა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ამ მომწოდებლებიდან მიღებული საქონელი/მომსახურება გამოყენებული აქვს კომპანიას.

ამასთან, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს დაკისრებული სანქციის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 11.07.2024 წლის №23006/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. 03/66701) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანებით განსაზღვრული დავალების ფარგლებში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები); აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 9.10.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ახსნაგანმარტებები). საჩივარზე თანდართულ ახსნა-განმარტებებსა და მიღება-ჩაბარებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილზე წარდგენილია ნოტარიულად დადასტურებული ხელმოწერები. წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დაკორექტირდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მხედველობაში მისაღებია, როგორც ნოტარიულად დადასტურებული, ასევე ისეთი საქმიანობაზე გადახდილი თანხები, რომელთა მოძიება კომპანიის მიერ ვერ მოხერხდა, თუმცა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ამ მომწოდებლებიდან მიღებული საქონელი/მომსახურება გამოყენებული აქვს კომპანიას. ასევე ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 11.07.2024 წლის №23006/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. 03/66701) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 11.07.2024 წლის №23006/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. 03/66701) გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს 11.07.2024 წლის №23006/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. 03/66701) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანებით განსაზღვრული დავალების ფარგლებში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები); აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 9.10.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ახსნაგანმარტებები). საჩივარზე თანდართულ ახსნა-განმარტებებსა და მიღება-ჩაბარებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილზე წარდგენილია ნოტარიულად დადასტურებული ხელმოწერები. წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დაკორექტირდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).