გადაწყვეტილება №19473/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2023
№ დოკუმენტი 19473/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19473/2/2023

07 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 20.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19473/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2022 წლის №072-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7040 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 209 420 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 130 096

აქციზის გადასახადი - 56 655 დღგ - 70 240

მოგების გადასახადი - (-1 500)

საშემოსავლო გადასახადი - 4 318

ქონების გადასახადი - 383

ჯარიმა - 65 886

საურავი - 13 438

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ბუნებრივი აირით (გაზი) ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 23 აგვისტოდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელის წერილობითი განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, ასევე აღნიშნულ ნაწილში საქონელი დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 პირზე, რომელიც არის საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირი საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად. შესაბამისად, საწარმოს შემოსავლის გაანგარიშებისას არ მოხდა დოკუმენტური სარეალიზაციო ფასის გათვალისწინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა (ფასების ფიქსაციის მიზნით), საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილი იქნა სარეალიზაციო საქონლის ფასნამატი (26.8%), რომელიც გავრცელებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რასაც დაემატა საქონლის დოკუმეტნური შემოსავალი. შედეგად დადგინდა აღნიშნულ ნაწილში მიღებული შემოსავალი, რაც შეადგენს 371 805 ლარს (დღგ-ის გარეშე).

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 12.10.2022 წლის №26046 ბრძანება და №072-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7040 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფასნამატი შეადგენდა 6%-ს, რაც დასტურდება გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით, რომელიც გამოწერილია სხვა იურიდიულ პირზე, აღნიშნული საკითხი არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს დღგ-ში დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა (ფასების ფიქსაციის მიზნით), საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილი იქნა სარეალიზაციო საქონლის ფასნამატი (26.8%), რომელიც გავრცელებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რასაც დაემატა საქონლის დოკუმენტური შემოსავალი.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით..

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა (ფასების ფიქსაციის მიზნით), საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილი იქნა სარეალიზაციო საქონლის ფასნამატი (26.8%), რომელიც გავრცელებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რასაც დაემატა საქონლის დოკუმენტური შემოსავალი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 12.10.2022 წლის №26046 ბრძანება და №072-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7040 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19(2); 73; 159; 163; 164; 2021 წლამდე მოქმედი - 160(1); 161(1)