გადაწყვეტილება №18303/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18303/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№18303/2/2022

02.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს "-------" (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ,,--------“-ის 25.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18303/2/2022).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №006-958 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21667 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 98 922.9 ლარი.

მათ შორის:

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 58 031

ჯარიმა - 29 015

საურავი - 11 876.9

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები ასახა 2021 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №40310 ბრძანება და ამავე თარიღის №006-958 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.08.2022 წლის №21667 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-10 და მე-11 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიწის გადასახადისაგან თავის არიდება არ ყოფილა არასდროს კომპანიის მიზანი და სურვილი იყო ყოველთვის პირნათლად ყოფილიყო გადასახადები გადახდილი. გაურკვეველი მიზეზების გამო (რაც, რა თქმა უნდა, კომპანიის პასუხისმგებლობაა) არ მოხდა დადეკლარირება და გადასახადის გადახდა. კომპანიის დირექტორი არ არის აღნიშნულ სფეროში სპეციალისტი და ჩათვალა, რომ ყველაფერი იყო წესრიგში, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო რეალურად სხვა ფაქტის წინაშე დადგა. 2022 წლის 17 აგვისტოს მის შვილს - "-------" ჩაუტარდა ხერხემლის ურთულესი ოპერაცია და ამჟამად გადის რეაბილიტაციას (წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თანდართულ ფაილად). ვერც საჯარო გამოქვეყნება ნახა და ვერც დროული რეაგირება მოახდინა. მისი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ნამდვილად შეუძლებელი იყო საჩივრის დროულად წარმოდგენა. აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან რთული გარემოებების წინაშე დგას. ცნობილია, თუ რაოდენ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული საზღვარგარეთ ოპერაციების ჩატარება და სხვა ხარჯები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, მიეცეს საშუალება, დაფაროს დავალიანების თანხა და მოეხსნას ჯარიმა და საურავები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №119963-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანი 2021 წლის 17 დეკემბრის აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2021 წლის 23 დეკემბრის №40310 ბრძანებას და 2021 წლის 23 დეკემბრის №006-958 საგადასახადო მოთხოვნას არ გაცნობია ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით, ვებ გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში, ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით მოხდა დოკუმენტების ჩაბარება (გაეგზავნა 2-ჯერ 26.01.2022 წელს და 10.02.2022 წელს, გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის მისამართზე: თბილისი, პ. ქავთარაძის ქ. №45, ბ. 14, გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს „წარმომადგენელი არ ცხოვრობს ამ მისამართზე“ საფუძვლით), ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2022 წლის 15 მარტს და ჩაბარებულად ჩაითვალა 4.04.2022 წელს, რომლის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 4.05.2022 წელი, ხოლო სადავო აქტების გაუქმების თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2.08.2022 წელს.

ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტაციას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2022 წლის 18 მაისს. აღნიშნული თარიღიდანაც გასულია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, შესაბამისად, სადავო აქტების წარდგენის თარიღად ითვლება აღნიშნული აქტების პირველად ჩაბარების თარიღი, საჯაროდ გავრცელებიდან მე20 დღე, 4.04.2022 წელი.

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაცულია დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები. საწარმოს დირექტორი ნინო გაწერელია განმარტავს, რომ ვერც საჯარო გამოქვეყნება ნახა და ვერც დროული რეაგირება მოახდინა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 2022 წლის 17 აგვისტოს მის შვილს - ანა ბახტაძეს ჩაუტარდა ხერხემლის ურთულესი ოპერაცია და ამჟამად გადის რეაბილიტაციას, მისთვის ნამდვილად შეუძლებელი იყო საჩივრის დროულად წარმოდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და მომჩივანი ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს (საჩივრის ელექტრონული ფორმით ან მინდობილი პირის მეშვეობით წარდგენის შეუძლებლობას დაადასტურებდა) ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, ხოლო მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები ვერ გახდება გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძველი. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21667 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.