ბრძანება N 19128

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.08.2023
№ დოკუმენტი 19128
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19128

04 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------ -------ის (ს/ნ ---------)

( მის.: -------)

2023 წლის 16 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ------ -------ის (ს/ნ -----------) №82339/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №CB1483495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ 2022 წლის 15 დეკემბრის №31600 ბრძანებით მასთან ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვანტარიზაცია, რომლის შედეგად დაფიქსირებული დანაკლისის და აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივ მაჩვენებლებთან არ მქონდა არანაირი პრეტენზია, თუმცა არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრით დათარიღებულ ექსპერტიზის დასკვნაში დანაკლისად დაფიქსირებული 43,552 კუბ.მ. ფიცრის საბაზრო ღირებულებას. აღნიშნულის თაობაზე მისი პოზიცია წარუდგინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს, რომელმაც 2023 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი N23) არ დააკმაყოფილა მისი პრეტენზია (სიტყვიერად განმიმარტეს, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცილდებოდა). საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დანაკლისად დაფიქსირდა 74038,40 ლარი და ჯარიმა 10% განისაზღვრა 7403,84 ლარით.

მან მოითხოვა ალტერნატიული ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ 2023 წლის 12 ივლისს წარმოუდგინა ექსპერტიზის დასკვნა (N--------), რომლითაც ინვენტარიზაციის დროს ფაქტობრივად დაფიქსირებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ერთელი საბაზრო ღირებულება შეადგენს 1370 ლარს. ყოველივე ზემოარნიშნულიდან გამომდინარე დანაკლისის რეალური ღირებულება უნდა განისაზღვროს 59666.24 ლარით, ხოლო 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დასარიცხი ჯარიმა 5966.62 ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბერს №31600 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ ------ ----------------ის (ს/ნ ---------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ ------ ------მა (ს/ნ -----------) დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.

საინვენტარიზაციო კომისიამ და ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტებმა მოახდინეს სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. სავაჭრო ობიექტის მიხედვით ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში. ი/მ ------ -----------ის (ს/ნ ------------) კუთვნილ ობიექტში 2022 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 45599.90 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლომატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 22143.22 ლარი.

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირებმა 2023 წლის 29 მაისს შეადგინეს ოქმის პროექტი და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 74038.40 ლარი.

ი/მ ------ ----------------ს (ს/ნ ------------------) 2023 წლის 29 მაისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით. 2023 წლის 5 ივნისს გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი პოზიცია ოქმის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიების შესახებ. აღნიშნული განხილულ იქნა 2023 წლის 6 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომაზე (სხდომის ოქმი N23), რომლის გადაწყვეტილებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შედეგები დარჩა უცვლელი.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 74038.4 ლარი. აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაექვემდებარა სანქცირებას საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 7403,84 ლარით.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა №CB1483495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ,გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 ივლისის №5004423723 დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------ ------ის (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 ივლისის №5004423723 დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №31600 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მომჩივანის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 74038.4 ლარი. აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაექვემდებარა სანქცირებას საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 7403,84 ლარით.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა №CB1483495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8 (11); 49(1 „გ“ ); 70(1 „ა“); 269(1); 270(1,2); 286(9);302(6);