გადაწყვეტილება №22808/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 27.05.2024
№ დოკუმენტი 22808/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 22808/2/2024

27 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 8.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22808/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №007-425 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4180 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 287 291 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 166 871

დღგ - 86 807

საშემოსავლო გადასახადი - 80 064

ჯარიმა - 83 436

საურავი - 36 984

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საყოფაცხოვრებო ქიმიით ვაჭრობა ქ. ---------- ტერიტორიაზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33462 ბრძანება და №007-425 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4180 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. მომჩივანი წარმოადგენს არგუმენტებს/პოზიციებს შემოწმების აქტით თანხების დარიცხვის არამართლზომიერებაზე, ამასთან აღნიშნავს, რომ 2024 წლის 27 თებერვალს გამოცემული იქნა №4180 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე, რომელიც გახსნა კომპანიის თანამშრომელმა ---------, რომელიც არის ---------- მოქალაქე და არ იცის ქართული ენა, უნდა გაეწერა სასაქონლო ზედნადები და გახსნა წერილი, რომელიც იმის გამო, რომ არ იცის ქართული წერაკითხვა, ვერ გაიგო რა არის და არ უცნობებია ხელმძღვანელობისთვის. ასევე, კომპანიის ბუღალტერმაც ვერ გააკონტროლა ზემოაღნიშნული, რადგან ყოველდღიურად დადიოდა ექიმებთან ბავშვთან დაკავშირებით, რომელსაც დაბადების დროს შექმნილი პრობლემების გამო ესაჭიროებოდა ოპერაციები, ეხლაც ელოდება ოპერაციის დასრულებას და შემდგომ შეძლებს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის მოწოდებასაც როცა დასრულდება ოპერაციის საკითხები. მისთვის (დირექტორისთვის) ცნობილი გახდა, როდესაც დაუკავშირდნენ ფინანსური სამსახურიდან, რაზეც განმარტა და შეადგინა შესაბამისი ახსნაგანმარტება, ითხოვს, გასაჩივრების ვადის გაგრძელებას, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებას და წარმოდგენილი საჩივრის განხილვას.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებით და შემოსავლების სამსახურის 16.04.2024 წლის №-------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4180 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 27.02.2024 წელს და გაცნობა ფიქსირდება იმავე დღეს 27.02.2024 წელს. შესაბამისად, სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2024 წლის 18 მარტი (ორშაბათი), ხოლო, საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 2024 წლის 8 აპრილს, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები კომპანიის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ვერ მიიჩნევა გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტის ჩაბარება და გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.

ამგვარად, ვინაიდან დარღვეულია შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4180 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და ამასთან, არ იკვეთება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დარღვეულია შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4180 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და ამასთან, არ იკვეთება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დარჩეს განუხილველი;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ე)