ბრძანება N 12132

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.05.2024
№ დოკუმენტი 12132
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12132

27 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------” (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 15 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) №89634/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №002-63 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვასა და შემოწმების აქტით დადგენილ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობებს. ასევე მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებზე შემოწმების აქტში ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ არსებული ნაშთის საბაზრო ღირებულებაზე. გადამხდელი აცხადებს, რომ დავის ეტაპზე მათ მიერ გამოთხოვილი იქნა ინვენტარიზაციის მასალები და გაირკვა, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილია დანაკლისი, რომელიც საერთოდ არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოწმების აქტით ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი გადანაწილდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის პერიოდის პროპორციულად, რაც არამართლზომიერია. შესაბამისად, მისი განმარტებით, დეფექტური საქონლის ფარგლებში დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი შემცირებულია არასწორად, წინა პერიოდებზე არასწორად გადანაწილებული დანაკლისის შედეგად არამართლზომიერად დადგენილი დასაბეგრი ბაზების გამო და ასევე, არასწორად არის კორექტირებული (შემცირებული) წუნდებული საქონლის ფარგლებში განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა-საურავის თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29517 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №002-275 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 23 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის და აუდიტის დეპარტამენტებში არსებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29517 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 57 046 ლარით, მათ შორის გადასახადი 38 355ლარით და ჯარიმა 8 691 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15 აპრილის №002-63 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის და აუდიტის დეპარტამენტებში არსებული მონაცემები და გათვალისწინებულ იქნა იმპორტირებულ მეორად საბურავებზე წუნდებული/ დეფექტური საქონლის წილი 6%-ის ოდენობით. შპს „----------“ საბუღალტრო პროგრამით შეუძლებელია მეორადი საბურავების წილის გამიჯვნა იმპორტირებულ და ადგილობრივად შეძენილ საქონელში. მათ შორის, სმფ-ს ნაშთებში. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში მითითებულ დამფუძნებლის (100%-იანი წილი) და დირექტორის საკონტაქტო ნომრებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესწავლილ იქნა კომპანიის დაფუძნებიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე საქონლის შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტაცია, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებები და საბაჟო დეკლარაციები, შედეგად, განისაზღვრა მეორად საბურავებში იმპორტირებული საქონლის წილი, რომელიც შეადგენდა 71%-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წუნდებული საქონლის პროცენტის გათვალისწინებით, შემცირდა საქონლის რპთ და შესაბამისად დასაბეგრი შემოსავალი. დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი.

ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის შემცირებამ გამოიწვია შემოწმებით დადგენილი ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასის სახით დასაბეგრი ფულის ნაშთის ცვლილებაც. გადაანგარიშებით შემცირებას დაექვემდებარა აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის დაფუძნებიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე საქონლის შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტაცია, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებები და საბაჟო დეკლარაციები. შედეგად, მეორად საბურავებში იმპორტირებული საქონლის წილი განისაზღვრა 71%-ით. წუნდებული საქონლის პროცენტის გათვალისწინებით შემცირდა როგორც საქონლის რპთ, ასევე, დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასის სახით დასაბეგრი ფულის ნაშთი.

რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინვენტარიზაციის შედეგების საგადასახადო შემოწმების აქტში ასახვის სისწორეს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვასა და შემოწმების აქტით დადგენილ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის დაფუძნებიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე საქონლის შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტაცია, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებები და საბაჟო დეკლარაციები. შედეგად, მეორად საბურავებში იმპორტირებული საქონლის წილი განისაზღვრა 71%-ით. წუნდებული საქონლის პროცენტის გათვალისწინებით შემცირდა როგორც საქონლის რპთ, ასევე, დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასის სახით დასაბეგრი ფულის ნაშთი. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინვენტარიზაციის შედეგების საგადასახადო შემოწმების აქტში ასახვის სისწორეს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).