ბრძანება N 12352
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12352
28 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------")
(მის.: "-------")
2024 წლის 13 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") 2024 წლის 13 მაისის №77024/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 აპრილის №161-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ სადავო საკითხებთან მიმართებით:
1. კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების არაეკონომიკურ ხარჯად კვალიფიკაცია;
2. მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
3. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადახდილი თანხების დირექტორის ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26688 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, დოკუმენტაცია თანხის გადახდისა და მომსახურების გაწევის შესახებ;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26688 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 20 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 29 861 ლარით, მათ შორის, გადასახადი 19 908 ლარით და ჯარიმა 9 953 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 3 აპრილის №161-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1-2.გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარმოადგინა სადავო საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ცხრილის სახით, კერძოდ, წარმოდგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშსწორებით განხორციელებულ გადახდებზე შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები. შესწავლილი იქნა წარმოდგენილ ცხრილში არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის მიმღები პირების ნაწილი წარმოადგენს რეგისტრირებულ/მოქმედ მეწარმე ფიზიკურ პირებს, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული მოგების და საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). აგრეთვე, ცხრილში ფიქსირდებიან ისეთი პირები, რომლებზეც საბანკო გადარიცხვების დანიშნულებაში დაფიქსირებულია ხელფასის გაცემა, ხოლო რამდენიმე შემთხვევაში მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე გაცემულია თანხები, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირები არ არიან, ასევე, არ უფიქსირდებათ შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი საქონლის/მომსახურების შეძენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე ამ ნაწილში არ გამოვლინდა შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას არ დაექვემდებარა.
3. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა სესხის ხელშეკრულებები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით და შედეგად იკვეთება შემდეგი:
საწარმოები წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს;
წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებები დადებულია 5 წლის ვადით და არ არის აღნიშნული გაცემული სესხის მიზნობრიობა;
კომპანია გაცემული სესხებიდან მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ იღებს სარგებელს (არ იკვეთება ფულადი სახსრების გადაცემის ეკონომიკური მოტივი, შინაარსი, როგორც ეს იარსებებდა დამოუკიდებელ პირებს შორის არსებული ჩვეულებრივი ოპერაციის შემთხვევაში);
კომპანიას მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით არ უჩნდება მსესხებელ საწარმოებთან რაიმე სახის სამართლებრივი უფლება (საწარმოთა ქონებაზე, ან/და მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება, რომელიც არაურთიერთდამოკიდებული პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის არსებობის შემთხვევაში ამცირებს იურიდიულ და ეკონომიკურ რისკებს, (მათ შორის გაცემული თანხების დაკარგვის რისკი);
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის შედგენილი სესხის ხელშეკრულებები არ შეიცავს ისეთ ტიპიურ ნიშნებს, რომლებიც იარსებებდა დამოუკიდებელი პირების არსებობის შემთხვევაში დადებული ტიპიური გარიგებისას, არ არის გამოკვეთილი გამსესხებლის ეკონომიკური ინტერესი ასევე, ოპერაცია სამართლებრივად რისკიანია სესხის გამცემისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები (მათ შორის, სესხის ხელშეკრულებები) არ ცვლის შემოწმების აქტით განხორციელებული ოპერაციისათვის მიცემულ კვალიფიკაციას, აგრეთვე, არ გამოვლინდა შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე პირველ და მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა ორივე სადავო საკითხთან მიმართებით, სულ 29 861 ლარით, ხოლო რაც შეეხება მე-3 სადავო საკითხს, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ გამოვლენდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი და ამ ნაწილში დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26688 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 20 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 29 861 ლარით, მათ შორის, გადასახადი 19 908 ლარით და ჯარიმა 9 953 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 3 აპრილის №161-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).