ბრძანება N 20228
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 20228
21/07/2020
ფ/პ -----
(მის: -------)
2020 წლის 22 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა ფ/პ ----- ს №51506/1/2020 საჩივარი, რომელიც ეხება ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 1 ივნისის № 087-103 „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ შეტყობინებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 1 ივნისის №087-103 შეტყობინებით ეცნობა მის ქონებაზე წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების შესახებ. საგადასახადო ორგანომ თავისი უფლებამოსილება სასამართლო გადაწყვეტილებამდე გამოიყენა არამართლზომიერად და ყოველგვარი მსჯელობის გარეშე გადასახადის გადამხდელზე გაავრცელა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რაც გაუმართლებელ ზიანს აყენებს გადასახადის გადამხდელს. ამასთან, მიაჩნია, რომ ცრუმაგიერ პირად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
შემოსავლების სამსახური იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის ნორმას, თუმცა ამავე მუხლში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს აღნიშნული ზომები და არ უწესებს ვალდებულებას მიმართოს ამ ღონისძიებებს. მომჩივნის მოსაზრებით, სასამართლოსათვის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენა არ გულისხმობს, რომ მან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
აღნიშნულზე მითითებით მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს მის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გამოყენების საფუძველი და ითხოვს 2020 წლის 1 ივნისის № 087-103 შეტყობინების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დავების დეპარტამენტის 2020 წლის 29 მაისის №49494-21-04 სამსახურებრივი ბარათით ანალიტიკურ დეპარტამენტს ეცნობა, რომ სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა შპს -----ს ცრუმაგიერ პირებად ---- ის , ------- ის და შპს ----- ს მიჩნევის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე 2020 წლის 01 ივნისს გამოიცა სადავო №087-103 შეტყობინება ფ/პ ----- ს ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება ფ/პ ----- ს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებპორტალის პირად გვერდზე 2020 წლის 02 ივნისს, რომელსაც იგი გაეცნო 2020 წლის 8 ივნისს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.
დადგენილია, რომ შპს ----- ს ცრუმაგიერ პირად ფ/პ ----- ს აღიარების თაობაზე ბრძანების გამოცემის მოთხოვნით სასამართლოს წარედგინა შუამდომლობა. აღნიშნულის შესახებ ანალიტიკურ დეპარტამენტს ეცნობა დავების დეპარტამენტის 2020 წლის 29 მაისის №49494-21-04 სამსახურებრივი ბარათით. დადგენილია ასევე, რომ 2020 წლის 01 ივნისის №087-103 შეტყობინების „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ გამოცემის თარიღისათვის შპს ----- ს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიმართ ანალიტიკური დეპარტამენტის №087-103 „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ შეტყობინება გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხელი არ ეთნხმება ცრუმაგიერ პირად ცნობას, მის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელებას და ითხოვს შეტყობინების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
დავების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა საწარმოს ცრუმაგიერ პირებად მომჩივანი ფ/პ-ს და სხვა პირების მიჩნევის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოიცა სადავო შეტყობინება ფ/პ-ს ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიმართ ანალიტიკური დეპარტამენტის „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ შეტყობინება გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238; 239; 246(4)