გადაწყვეტილება №19964/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 19964/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19964/2/2023

20.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს---------- (ს/ნ ----------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 13.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19964/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 2.08.2016 წლის №081-432 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 23.08.2016 წლის აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

3. ვალის მართვის დეპარტამენტის 18.05.2022 წლის №081-718 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

4. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.06.2022 წლის №2022/081-718/1 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

5. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5302 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა, ვალის მართვის დეპარტამენტის 2.08.2016 წლის №081-432 და 18.05.2022 წლის №081-718 ბრძანებები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 23.08.2016 წლის და 1.06.2022 წლის №2022/081-718/1 აქტები, 14.02.2023 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5302 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-7 და მე-9 ნაწილებით, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებით, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და განმარტავს, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით

გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღიარებს ვადის დარღვევის ფაქტს და ითხოვს აღდგენილ იქნეს საჩივრის წარდგენის ვადა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

დადგენილია, რომ მომჩივანი, ვალის მართვის დეპარტამენტის 2.08.2016 წლის №081-432 და 18.05.2022 წლის №081-718 ბრძანებებს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შესაბამისად გაეცნო 3.08.2016 წელს და 1.06.2022 წელს. ასევე 23.08.2016 წლის აქტი ჩაბარდა 23.08.2016 წელს და 1.06.2022 წლის №2022/081-718/1 აქტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გაეცნო 1.06.2022 წელს. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 14.02.2023 წელს, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით. ითხოვს აღდგენილ იქნას გასაჩივრების ვადა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5302 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ე);299(4);44(4,10);