ბრძანება N 16436

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.07.2024
№ დოკუმენტი 16436
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16436

11 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„----------“ (პ/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 6 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №90047/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №EL252639 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის განმარტავს, რომ 2024 წლის 17 მაისს ----------ის აუქციონზე შეიძინა მობილური ტელეფონი, რომელზეც ატვირთული ინვოისი და მითითებული თანხა იყო არასწორი. მომჩივანი აღიარებს სამართალდარდარღვევის ჩადენის ფაქტს, თავს დამნაშავედ ცნობს, ინანიებს და მიუთითებს, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდება.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 4 ივნისს საფოსტო გადამზიდავ შპს „----------“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე „----------“ სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №----------საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 103.99 აშშ დოლარი.

გამომდინარე იქიდან, რომ „----------“ კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 103.99 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას აღნიშნული საფოსტო გზავნილი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ იქნა იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხაში.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საფოსტო გზავნილზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ: 103.99 აშშ დოლარის ნაცვლად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (მობილური ტელეფონი) ღირებულებამ, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 31 მაისის №---------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეადგინა 247.70 აშშ დოლარი. შესაბამისად, დაფიქსირდა იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება 124.45 ლარის ოდენობით.

ვინაიდან „----------“ მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში განმეორებით არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 4 ივნისს შედგენილი №EL252639 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით „----------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 248.9 ლარის ოდენობით.

საფოსტო გზავნილზე დარეგისტრირდა №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლის მიხედვითაც საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 699.64 ლარი, ხოლო „----------“ იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ - 125.94 ლარი. დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეს „----------“ დაეთანხმა ხელმოწერით და საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. მე-4 პუნქტის თანახმად კი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს:

ა) საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);

ბ) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელით დაბეგვრას ან/და აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4-ს (დანართი №8- VIII-06).

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილით კი, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ მომჩივნის მიერ გადამზიდველსთვის მიწოდებული იქნა არასწორი მონაცემი, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს ჩდენილი განმეორებით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩდენის გამო მომჩივანი მომჩივანი წარსულშიც - 2023 წლის 20 ნოემბერსაც არის დაჯარიმებული №EL232056 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით. შესაბამისად, იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან - 2023 წლის 20 ნოემბერიდან 12 თვის განმავლობაში. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ მომჩივნის მიერ გადამზიდველსთვის მიწოდებული იქნა არასწორი მონაცემი, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს ჩდენილი განმეორებით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩდენის გამო მომჩივანი მომჩივანი წარსულშიც - 2023 წლის 20 ნოემბერსაც არის დაჯარიმებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით. შესაბამისად, იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან - 2023 წლის 20 ნოემბერიდან 12 თვის განმავლობაში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1).