გადაწყვეტილება №22011/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 22011/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22011/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 17.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22011/2/2024).

 

დავის საგანი:

დაზუსტებული დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №33863 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31475 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 31.03.2022 წელს ელექტრონულად წარადგინა 2019 წლის მაისის თვის (№----------) დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია.

17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შესაბამისად, 2019 წლის მაისის თვის დღგ-ის საანგარიშო პერიოდი რომელზეც გადასახადის გადამხდელის მიერ 31.03.2022 წელს ელექტრონულად წარდგენილია დაზუსტებული დეკლარაცია) შესწავლილი და ასახულია ამავე აქტში, რომლის შედეგებიც გადატანილია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის დაზუსტების მეშვეობით სურს იმ ანგარიშ-ფაქტურების ასახვა, რაც არ მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ. კომპანიის წარმომადგენელთან საუბრისას ასევე ირკვევა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერილია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემდგომ.

31.03.2022 წელს წარმოდგენილ 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციაზე (№----------) მიბმულია შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი ეა---------- №---------- ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა დაწყვილებულია საწარმოსთვის 2018 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილ ავანსის ანგარიშ-ფაქტურებთან (ავ---------- და ავ----------), რომელთა განაშთვის საკითხი მოცულია მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების აქტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ 31.03.2022 წელს წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებული დეკლარაცია (№----------) არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №33863 ბრძანება და მომჩივანს უარი ეთქვა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი 2019 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციის (დაზუსტებული, №----------) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №33863 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10483 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 14.09.2023 წლის №20110/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10483 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 14.09.2023 წლის №20110/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 13.12.2023 წლის №31475 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 69-ე მუხლის პირველ-მე-3 ნაწილებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 31.03.2022 წელს წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციაზე (----------) მიბმულია შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----------, რომელიც დაწყვილებულია საწარმოსთვის 2018 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან (ავ---------- და ავ----------), აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვის საკითხი მოცულია შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საგადასახადო შემოწმების აქტით 2019 წლის იანვრის თვეში. აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ 10.04.2022 წელს დაზუსტებული იქნა 2019 წლის იანვრის თვის დღგის დეკლარაციაც (----------), რომლითაც იგი გაუნაშთავად (სრული ოდენობით) ითვლის შპს „----------“-ის მიერ გამოწერილ (ეა----------) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრულ დღგ-ის თანხას, რომელიც შემოწმების მიერ 2019 წლის იანვრის თვეში იყო განაშთული. ამავე დეკლარაციაში გადამხდელს არასწორად აქვს დაფიქსირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №513 ბრძანებით 2019 წლის იანვრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია არ დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციაზე მიბმული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა----------) ასახვის საკითხი დაკავშირებულია ამავე წლის იანვრის თვის დღგ-ს დაზუსტებულ დეკლარაციაში განხორციელებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვასთან, კომპანიის მიერ 31.03.2022 წელს წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებული დეკლარაციაც არ დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაცია არ არის იმგვარი გარემოება, რომელიც დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახული მონაცემების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 31.05.2021 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 14.06.2021 წლის №1912 ბრძანება და 15.06.2021 წლის №259-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 907 679 ლარი, მათ შორის, გადასახადი 472 821 ლარი, ჯარიმა 292 787 ლარი და საურავი 142 071 ლარი.

შპს „----------“-ს იმავე პერიოდში შესრულებული ჰქონდა 81 300 ლარის ღირებულების მომსახურება და დაფარული იყო დავალიანება. ორივე კომპანიამ არასწორად ჩათვალა, რომ ავანსის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა საკმარისი არის შესრულებული მომსახურების შესაბამისი დღგ-ის სრულად ჩასათვლელად. შეცდომის გამოსწორების მიზნით: გამოიწერა 2022 წლის მარტის თვეში, 10.05.2019 წელს, დასრულებული მომსახურების, ანგარიშ-ფაქტურა (ეა----------, დღგ 12 401,69 ლარი) და მომჩივანმა დააზუსტა 2019 წლის იანვრის და მაისის დეკლარაციები. 2019 წლის იანვარში, დაზუსტებით, მოვითხოვეთ 19 782 ლარის ჩათვლის ასახვა. მაშინ როდესაც შემოწმების აქტით ჩათვლა ასახულია 7 381 (19 782-12 401) ლარი, 19 782 ლარის ჩათვლის ნაცვლად. შემოწმების დროს ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით (ავ---------- და ავ----------) შემცირდა 2019 წლის იანვრის თვის დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რაც არასწორია ავანსის გამოქვითვა უნდა მოხდეს 2019 წლის მაისის თვეში, ანგარიშ-ფაქტურის ეა---------- ის საფუძველზე. ამიტომ 2019 წლის მაისის თვეში დაზუსტდა დეკლარაცია, დაწყვილდა ავანსის და შესრულების ანგარიშ-ფაქტურები. ჩათვლა არ იქნა მოთხოვნილი, ვინაიდან დღგ-ის ავანსების ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლები უკვე იყო ასახული 2018 წლის ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში. დაზუსტებული დეკლარაციებით 2019 წლის იანვარში გაიზარდა ჩათვლა 12 401 ლარით, ხოლო მაისის თვეში აისახა შესრულების ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- (დღგ 12 401,69 ლარი) და გაინაშთა ავანსები (დღგ 12 401,69 ლარი), ე.ი. დაზუსტებით სულ გაიზარდა ჩათვლა 12 401,69 ლარით.

№31475 ბრძანებაში შემმოწმებელი აღნიშნავს, შემდეგს: „შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 31.03.2022 წელს წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციაზე (----------) მიბმულია შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----------, რომელიც დაწყვილებულია საწარმოსთვის 2018 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან (ავ---------- და ავ----------), აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვის საკითხი მოცულია შპს„----------“-ის (ს/ნ ----------) საგადასახადო შემოწმების აქტით 2019 წლის იანვრის თვეში. აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ 10.04.2022 წელს დაზუსტებული იქნა 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაც (----------), რომლითაც იგი გაუნაშთავად (სრული ოდენობით) ითვლის შპს „----------“-ის მიერ გამოწერილ (ეა---------- №----------) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრულ დღგ-ის თანხას, რომელიც შემოწმების მიერ 2019 წლის იანვრის თვეში იყო განაშთული. ამავე დეკლარაციაში გადამხდელს არასწორად აქვს დაფიქსირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №513 ბრძანებით 2019 წლის იანვრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია არ დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. რაც არ არის სწორი: შემმოწმებელმა მხოლოდ, საგადასახადო შემოწმების აქტით, 2019 წლის იანვრის თვეში, ჩათვლები შეამცირა ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით (ავ---------- და ავ----------), თანხით 12 401,69 ლარი, შპს „----------“-ის მიერ გამოწერილი 2019 წლის იანვრის თვის ანგარიშ-ფაქტურის საშუალებით (ეა---------- №----------). მხედველობაში არ მიიღო და არცერთ საჩივრის პასუხში არ განიხილა შპს „----------“-ის მიერ გამოწერილი (ეა---------- №----------) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული დღგ-ის (12 401,69 ლარი) ჩათვლის ასახვის საკითხი, მაშინ როდესაც, მომსახურება წარმატებით შესრულებულია, ბინები გაყიდულია. საგადასახადოს მიერ შპს „----------“-ში შემოწმდა აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის ასახვის და გადახდის საკითხი. შპს „----------“-ს გადახდილი აქვს ბიუჯეტში შესაბამისი დღგ. ამ მომსახურების შესრულების გარეშე ბინები საერთოდ ვერ გაიყიდებოდა. მიუხედავად ამისა მომჩივანს უარი ეთქვა ანგარიშ-ფაქტურის ეა---------- (დღგ 12 401,69 ლარი) ჩათვლის მიღებაზე.

სრულად უნდა გაუქმდეს №31475 გადაწყვეტილება და 2019 წლის იანვრის და მაისის დაზუსტებული დეკლარაციების შედეგები უნდა აისახოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რის შედეგად მომჩივანს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება შეუმცირდება 12 401,69 ლარით და შესაბამისი საურავით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად:

1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.

3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად 31.05.2021 წელს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. მომჩივნის მიერ 31.03.2022 წელს წარდგენილია 2019 წლის მაისის თვის (№----------) დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანი აზუსტებდა შემოწმებული პერიოდის დეკლარაციებს, დაზუსტებული ჰქონდა დღგ-ის ბრუნვები და ჩასათვლელი თანხები. დეკლარაციაში ასახულია 2019 წლის მაისის თვის ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც გამოწერილია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემდეგ. 2019 წლის მაისის თვის ანგარიშ-ფაქტურები დააწყვილა 2018 წლის ავანსის ანგარიშ-ფაქტურებთან. 2019 წლის იანვრის თვეში მიღებული ანგარიშ-ფაქტურა, რაც შემოწმებით გაინაშთა, დააზუსტა გადასახადის გადამხდელმა და სრულად ჩაითვალა. დაზუსტებული დეკლარაციის ასახვის შემთხვევაში უნდა აისახოს დღგ-ის ბრუნვაც და დღგ-ის ჩასათვლელი თანხაც, ასეთ შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გამოვა 2-ჯერ შემცირებული.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაცაზე და მიიჩნევს, რომ დაზუსტებული დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის აღრიცხვის მართლზომიერების საკითხი შესწავლილია სრულყოფილად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაზუსტებული დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად 31.05.2021 წელს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. მომჩივნის მიერ 31.03.2022 წელს წარდგენილია 2019 წლის მაისის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანი აზუსტებდა შემოწმებული პერიოდის დეკლარაციებს, დაზუსტებული ჰქონდა დღგ-ის ბრუნვები და ჩასათვლელი თანხები. დეკლარაციაში ასახულია 2019 წლის მაისის თვის ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც გამოწერილია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემდეგ. 2019 წლის მაისის თვის ანგარიშ-ფაქტურები დააწყვილა 2018 წლის ავანსის ანგარიშ-ფაქტურებთან. 2019 წლის იანვრის თვეში მიღებული ანგარიშ-ფაქტურა, რაც შემოწმებით გაინაშთა, დააზუსტა გადასახადის გადამხდელმა და სრულად ჩაითვალა. დაზუსტებული დეკლარაციის ასახვის შემთხვევაში უნდა აისახოს დღგ-ის ბრუნვაც და დღგ-ის ჩასათვლელი თანხაც, ასეთ შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გამოვა 2-ჯერ შემცირებული.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაზუსტებული დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის აღრიცხვის მართლზომიერების საკითხი შესწავლილია სრულყოფილად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69(3).