ბრძანება N 3617
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3617
27.02.2023
სს „-----“ (ს/ნ ----)
(მის.: ქ. -----------)
2022 წლის 24 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა სს „-----“ (ს/ნ ---) 2022 წლის 24 ნოემბრის №76754/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №006-456 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტი დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას დაეყრდნო გადამხდელის მიერ წარდგენილ აუდირებულ დასკვნას, თუმცა სს „-----“ ბალანსზე არსებული ხაზოვანი ობიექტი, კერძოდ, მაღალი წნევის გაზსადენი კვლავ დარჩა ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. აცხადებს, რომ სს -----“ მიერ არ ხდება და არც იგეგმება საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების კომერციული მიზნით გამოყენება. ამასთან, აღნიშნული ობიექტიდან არანაირი შემოსავლის მიღება არ ფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდში. აცხადებს, რომ 2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდი აუდირებულია აუდიტორული ფირმის შპს „-----“ მიერ. აუდიტორული დასკვნის მიხედვით, სს „-----“ ბალანსზე აღრიცხული ქონება დაკვალიფიცირდა ბასს 40-ის მიხედვით, როგორც გასაყიდად გამიზნული აქტივი. ამიტომაც შემდგომ პერიოდებში არ მომხდარა ამ აქტივებზე ქონების გადასახადის გადახდა. წარმოდგენილ აუდირებულ დასკვნაშიც არ არის განხილული აღნიშნული აქტივი არც ძირითად საშუალებად და არც საინვესტიციო ქონებად. შესაბამისად მიიჩნევს, რომ აღნიშნულ აქტივზე ქონების გადასახადის გადახდა არ არის შესაბამისობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19334 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს -----“ (ს/ნ -----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. სს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისი აუდიტორული დასკვნა);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19334 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 7 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 93 459 ლარი, მათ შორის: გადასახადი 62 306 ლარი, ჯარიმა 31 153 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 18 ოქტომბრის №006-456 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია შპს „-----“ 2021 წლის 19 ნოემბრის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად, 2020 წლის 31 დეკემბრის დასრულებული წლისთვის, რომლის მიხედვითაც მარაგების თვითღირებულება 2019 და 2020 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 4 571 00 ლარს და 4 332 000 ლარს. აუდიტორული დასკვნის მიხედვით, კომპანიის კუთვნილი აქტივები (კომერციული ფართები და პარკინგები ქალაქ -------ში) შეფასებულია როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. წარდგენილი აუდიტორული დასკვნის გათვალისწინებით, გადამხდელს გადაანგარიშებით შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ქონების გადასახადი და დარიცხული ჯარიმა სულ 93 459 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნის გათვალისწინებით, კომპანიის კუთვნილი აქტივები (კომერციული ფართები და პარკინგები ქალაქ -------) შეფასებულია როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ქონების გადასახადი და დარიცხული ჯარიმა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტორულ დასკვნაში მარაგების ჩამონათვალში მითითებული არ არის მაღალი წნევის გაზსადენი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს „-----“ (ს/ნ-----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.