ბრძანება N 7458
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7458
04 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(მის: ---) 2024 წლის 22 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ---ს (ს/ნ ---) №88634/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 7 მარტის №CB1597429 და NCB1597430 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №34).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ყოველთვიურად იხდის საშემოსავლო გადასახადს 1%-ს. ამბობს, რომ მის მიერ გადასახადების გადახდა ხორციელდებოდა კანონმდებლობის შესაბამისად და მის მიერ დაცულია კანონში მოცემული ყველა პირობა. კეთილსინდისიერად ახორციელებდა რეალიზაციას საკონტროლოსალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის საშუალებით და დეკლარირებაც ხდებოდა შესაბამისად ამ მონაცემების საფუძველზე. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 5 თებერვლის N1909 ბრძანების საფუძველზე იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის სამმართველოს მთავარმა ოფიცრებმა ჩაატარეს ი/მ ---ის (ს/ნ ---) სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ი/მ --- (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 23 მარტს. გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სურსათით ვაჭრობა.
ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ ---მ (ს/ნ ---) განაცხადა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა შემდეგ მისამართზე: ----. ასევე დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 5 თებერვლის N1909 ბრძანებით, ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. კომისიას დაევალა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით წარმოედგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო-სახელობითი) ნაშთი, ჩაეტარებინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა და განესაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგი. ინვენტარიზაცია დაიწყო 2024 წლის 5 თებერვალს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დასრულდა 2024 წლის 7 მარტს. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემების საფუძველზე კომისიის მიერ შედგენილი იქნა ,,სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ“ ოქმი (დანართი N16).
ი/მ ---ის (ს/ნ ---) ობიექტში 2024 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ - 30738.23 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით.
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ შევსებულ იქნა დანართი N19–ის I და II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:
- საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 2022 წლის 23 მარტიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (05 თებერვალი 2024 წელი);
- სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი აღებული იქნა 0 ლარი.
- გადასახადის გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სმფების პირვანდელი ღირებულება - 506049,04 ლარს.
- გადასახადის გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რეალიზებული სმფ-ების ღირებულებამ შეადგინა - 204032,36 ლარი. რეალიზებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო:
გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებული დასაბეგრი ბრუნვები, არადეკლალირებულ პერიოდზე საკონტროლო სალარო აპარატზე და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები.
- ფასნამატად აღებულ იქნა 20.29 %, რომელიც გაანგარიშებული იქნა ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხული სმფ-ების თვითღირებულებისა და საბაზრო ღირებულების შეპირისპირებით. ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 5 თებერვალი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი N19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა: - 304441.81 ლარი.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი N22-ის I ცხრილი (პროექტი) – დანართი N16-ისა და დანართი N21-ის მონაცემების საფუძველზე, სადაც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 13098.37 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი N22–ის II ცხრილი (პროექტი) – დანართი N19–ის I ცხრილისა და დანართი N21– ის მონაცემების საფუძველზე.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა - 289778.09 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ფასნამატი 20,29%) – 348574.06 ლარი.
ი/მ---ს (ს/ნ ---) 2024 წლის 28 თებერვალს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გაეგზავნა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი N22–ის I და II ცხრილები) პროექტით, რომელსაც ი/მ --- გაეცნო იმავე დღეს. გადასახადის გადამხდელს შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში შემოსავლების სამსახურში საწინააღმდეგო წერილობითი/ელექტრონული პოზიცია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, ი/მ --- (ს/ნ ---) დაჯარიმდა 34857.41 ლარით. აღნიშნულზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1597430.
ამასთან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე–4 ნაწილის შესაბამისად, ი/მ ---ს დაეკისრა ჯარიმა 6549.19 ლარი, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1597429.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა მცირე მეწარმის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1597423, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო: გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებული დასაბეგრი ბრუნვები, არადეკლალირებულ პერიოდზე საკონტროლო-სალარო აპარატზე და საბანკო ანგარიშზე ჩამორიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, გადამხდელი დაჯარიმდა 34857.41 ლარით. აღნიშნულზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1597430.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე–4 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 6549.19 ლარი, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1597429.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286.