ბრძანება N 13762

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2023
№ დოკუმენტი 13762
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13762

19.06.2023

შპს „----------“-ის (ს/ნ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 7 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს ----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 7 მაისის №19615/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №007-80 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. მიუთითებს, რომ საწარმოში დანერგილია და გამოიყენება საცალო და საბითუმო სავაჭრო სპეციალიზირებული პროგრამა „----------“, რომლის მეშვეობით საქონლის ცალკეული სახეობების და ჯგუფების მიხედვით ხორციელდება ოპერაციების რაოდენობრივ-თანხობრივი აღრიცხვა (მიღება, გადაადგილება, რეალიზაცია, ნაშთი). ამ პროგრამაში ხდება ცალკეული სახეობების მიხედვით საქონლის თვითღირებულების გაანგარიშება და ჯამური მონაცემების გამოყვანა. პერიოდულად (თვის ბოლოს) სმფ-ების მოძრაობის ჯამური მონაცემები გადადის ბუღალტრულ პროგრამა „ინფო ბუღალტერში“ და აქ ხდება ოპერაციების სინთეზური (ჯამური) ასახვა, ხოლო ანალიზური (რაოდენობრივ-თანხობრივი) აღრიცხვა წარმოებს საცალო და საბითუმო სავაჭრო სპეციალიზირებული პროგრამა „-----------“-ს მეშვეობით ცალკეული სასაქონლო ნომენკლატურის ჭრილში.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ ობიექტზე არსებობს განფასების რამდენიმე ტიპი: საბითუმო, საცალო და კლიენტზე ორიენტირებული ფასნამატები, ხოლო აუდიტორებს ყველა სახის საქონელზე, მიუხედავად მიწოდების ხასიათისა გავრცელებული აქვთ ერთიანი ფასნამატი, რაც არამართლზომიერია.

3. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვას და ითხოვს სალაროს ნაშთის შესწავლას შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) მე-9 მუხლის მიხედვით, კერძოდ, ითხოვს ეკონომიკური სპეციფიკიდან გამომდინარე არაგონივრული ნაშთიs გონივრულ ნაშთად ჩათვლას და დარიცხული თანხების გაუქმებას. ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

4. მოგების გადასახადის დეკლარაციაში სმფ-ების ნაშთის შეცდომით ასახვაზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №31324 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2022 წლის 18, 30 ივლისისა და 12 აგვისტოს საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის 007-187 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/ გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეების მიხედვით არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად და დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადამხდელს შეუმცირდა სულ 103 350 ლარი, მათ შორის გადასახადი 70 168 ლარი, ხოლო ჯარიმა 33 182 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 აპრილის №007-80 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა ცხრილების სახით შემმოწმებელს წარუდგინა ინფორმაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის სახეობების მიხედვით მაქსიმალურად დაჯგუფება და თითოეული ჯგუფის ფასნამატის დადგენა. გადაანგარიშების შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საცალო რეალიზაციაზე ჩამოწერილ საქონელზე გავრცელდა გადამხდელის მიერ გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, რაც თავის მხრივ გაანგარიშდა მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შეპირისპირებით. გადაანგარიშების შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. წარმოდგენილი მასალები დამუშავდა გადამხდელთან ერთად და ასევე, მიღებული შედეგები გადაეგზავნა გადამხდელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

ხოლო მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, ხოლო შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეების მიხედვით არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად და დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, შემმოწმებელმა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები შეისწავლა გადამხდელის მონაწილეობით, განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის სახეობების მიხედვით მაქსიმალურად დაჯგუფება და თითოეული ჯგუფის ფასნამატის დადგენა. საცალო რეალიზაციაზე ჩამოწერილ საქონელზე გავრცელდა გადამხდელის მიერ გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, რაც თავის მხრივ გაანგარიშდა მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შეპირისპირებით. შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მოწოდებული ინფორმაციითა და განმარტებით დგინდება, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის კორექტირებას გავლენა არ მოუხდენია შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეების მიხედვით არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე. შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხვა დარჩა უცვლელი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას.

2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს.

3.მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვას.

4.მოგების გადასახადის დეკლარაციაში სმფ-ების ნაშთის შეცდომით ასახვაზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №31324 ბრძანების საფუძველზე მომჩივანის საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის 007-187 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა ცხრილების სახით შემმოწმებელს წარუდგინა ინფორმაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის სახეობების მიხედვით მაქსიმალურად დაჯგუფება და თითოეული ჯგუფის ფასნამატის დადგენა.გადაანგარიშების შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.გადაანგარიშების შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6);304(21);