გადაწყვეტილება №25623/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
01 ოქტომბერი 2025
N 25623/2/2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- ----- 08.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25623/2/2025).
დავის საგანი:
უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.06.2025 წლის N ID: ----- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის N 16301 ბრძანება.
ფაქტების აღწერა:
კომპანიის საქმიანობაა მეორადი ლითონის მილებით ვაჭრობა.
მომჩივანმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარადგინა არაერთი განცხადება დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.06.2025 წლის N ID:----- გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.07.2025 წლის N 16301 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N 3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საქართველოში საქმიანობს 2024 წლის ნოემბრიდან. ამ დროის განმავლობაში გადახდილი აქვს 10 861.92 ლარი დღგ-ის გადასახადი ბიუჯეტის სასარგებლოდ. გააჩნია საქართველოში მოქმედი სხვა კომპანიების შესყიდვების დამადასტურებელი ზედნადებები და ანგარიშ - ფაქტურები, რომელთა ჩათვლასაც ვერ ახორციელებს. ჩასათვლელი თანხა შეადგენს 18 246.92 ლარს. კომპანიები არ ახორციელებენ ჩასათვლელი თანხის ჩარიცხვას, რომელიც შეადგენს 40 000 ლარს.
ითხოვს, მიენიჭოს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი, რათა შეძლოს ფუნქციონირება და გადაიხადოს ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.06.2025 წლის N ID:----- გადაწყვეტილებას და შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის N 16301 ბრძანებაში ასახულ გარემოებებს და მიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დასკვნა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის N 16301 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარადგინა არაერთი განცხადება დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 302(6);