ბრძანება N 3444
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3444
26 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 4 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა ------ (პ/ნ -------) №94044/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 4 თებერვლის №EL274902 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ------ გამოიწერა მანქანის 2 ცალი ფარი ღირებულებით 770 დოლარი. ტრანზაქცია მოხდა ერთჯერადად. გამყიდველმა გამოაგზავნა ორ გზავნილად, რადგან ერთი ინვოისი ჰქონდა და იყო ორი გზავნილი, ამის გამო დეკლარირება ვერ მოახერხა და გადამზიდის შუამავლობით საბაჟოს გადაეგზავნა ყველა დოკუმენტი.
მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ ის ფაქტი, თითქოს არასწორი თანხით მოხდა საქონლის დეკლარირება, არ შეესაბამება სიმართლეს. დეკლარაცია გადამზიდი კომპანიის საიტზე არ შეუვსია, რაც ასევე პირად კაბინეტშიც ჩანს და გადამზიდი კომპანიაც სატელეფონო საუბრისას უდასტურებს, რომ არასწორად კი არა, საერთოდ არ აქვს დეკლარირებული ნივთები. შესაბამისად მიაჩნია, რომ გზავნილები არასწორად ვერ იქნებოდა დეკლარირებული. ნივთის დეკლარირება შესაძლებელია მისი ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც მოხდა მისი დაჯარიმება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 27 იანვარს საფოსტო გადამზიდავ შპს „--------“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ------- სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №------- და №-------- საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით – 160 ლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ --------- კუთვნილი საფოსტო გზავნილები დეკლარირებული იყო ჯამში 160 ლარად, მათი ზოგადი დეკლარირება განხორციელდა საფოსტო გზავნილების დეკლარაციით, რომელიც, საქონლის ზოგადი დეკლარირების დოკუმენტთან ერთად, წარმოადგენს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად. მებაჟე-ოფიცრის მიერ ამანათზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას კი გამოვლინდა საფოსტო გზავნილების ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ, 160 ლარის ნაცვლად, საფოსტო გზავნილებში განთავსებული საქონლის ღირებულებამ ნასყიდობის დოკუმენტების თანახმად შეადგინა ჯამურად 740 აშშ დოლარი, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება 461.10 ლარის ოდენობით.
ვინაიდან-------- მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 4 თებერვალს შედგენილი №EL274902 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით --------- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 461.10 ლარის ოდენობით.
საფოსტო გზავნილზე საბაჟო ფორმალობები არ არის დასრულებული და საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა: ე) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.
ამავე ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია). მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ საფოსტო გზავნილების დეკლარაციის მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმების ანალიზით, ნათელია, რომ მომჩივანი არის ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი), რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე შევსებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია.“ ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი კი თავის მხრივ ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას, რისთვისაც იგი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების (მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის) მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
საგულისხმოა ასევე, რომ იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო მომჩივანი წარსულშიც - არის დაჯარიმებული. ამასთან მას უფიქსირდება ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილების სახით მიღების მრავალი ფაქტი. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღების (დეკლარანტის) ვალდებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 4 თებერვალს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163(1);167(1);