ბრძანება N 12673

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.06.2023
№ დოკუმენტი 12673
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12673

07.06.2023

შპს „-------------“-ის (ს/ნ -------------)

(მის.:------------------)

2023 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 18 იანვრის №78206/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №056-63 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი განმარტავს, რომ ხელფასის ოდენობის განსაზღვრისას ხარჯების ნაწილში არ იქნა გათვალისწინებული განვადებით რეალიზებული საქონლის საკომისიო, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 5%-ს. შესამოწმებელ პერიოდში მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში არსებული საკომისიო თანხები შეადგენდა 161 776 ლარს, აქედან სს „----------“ გაცემული განვადების საკომისიო შეადგენს 51 922 ლარს, ხოლო სს „-------------“ 109 854 ლარს. აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად გადაანგარიშების პროცესში წარდგენილ იქნა სს „-------------“ და სს „-------------“ განვადებით რეალიზაციის ამონაწერები, საიდანაც გარკვევით ჩანს რეალიზაციის თანხის ოდენობა, განვადების საკომისიოს ოდენობა, რომელიც დარჩა სესხის გამცემ ორგანიზაციაში და თანხის ოდენობა, რომელიც ჩაირიცხა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე. განმარტავს, რომ კომპანიის ანგარიშებზე ხდებოდა რეალიზებული თანხების ჩარიცხვა საკომისიოს გამოკლებით. შესაბამისად, საკომისიოს თანხები არ მოხვედრილა კომპანიის საბანკო ანგარიშზე და ვერ მოხდებოდა მისი განკარგვა კომპანიის მიერ. აცხადებს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას შემოწმებისთვის ასევე მიწოდებულ იქნა საბანკო ამონაწერები, სადაც გარკვევით ჩანდა ინფორმაცია განვადებით რეალიზებული საქონლის შესახებ და შესაბამისი შემოსავლების ოდენობა. აღნიშნულმა შემოსავლებმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 3 მილიონ ლარზე მეტი. აღნიშნავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საოჯახო ტექნიკით, შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირების აბსოლიტური უმრავლესობისთვის რეალიზაციაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს განვადებით გაყიდვებს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 მაისის №12409 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს ,,-------------“-ს (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 მაისის №12409 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 7 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 103 404 ლარი, მათ შორის: გადასახადი 69 070 ლარი, ჯარიმა 34 334 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 29 დეკემბრის №056-63 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება,რომ გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. კერძოდ, წარადგინა საბანკო ამონაწერები, სადაც ხდებოდა განვადებით რეალიზებული საქონლის საკომისიოს გადარიცხვები, საგულისხმოა, რომ გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა, შესაბამისად შემოწმების ეტაპზე არ იყო წარდგენილი ინფორმაცია პროდუქტის განვადებით რალიზაციასთან დაკავშირებით და ასევე შესაბამისი საბანკო ამონაწერები. ამასთან, უცნობი იყო განვადებით რეალიზაციის შესახებ. შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატით, რომელსაც არ უფიქსირდებოდა განვადებით რეალიზაცია. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა უარი განაცხადა რეალიზებული ფასნამატის გაშიფვრაზე, დაეთანხმა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ ფასნამატს და მოითხოვა გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული განვადების საკომისიოების გამოქვითვა ხარჯებიდან, რაც შემოწმების შეფასებით არ ექვემდებარება გათვალისწინებას, რადგან შემოწმების მიერ გავრცელებული აუდირებული ფასნამატი წარმოადგენს კომპანიის ფასნამატს, რომელსაც არ უფიქსირდება განვადებით რეალიზაცია. აღსანიშნავია, რომ შპს „-------------“ შემოწმების დროს, ფულის მოძრაობის ანალიზისას საკომისიოს თანხა გათვალისწინებულ იქნა შემოსავლებსა და ხარჯებში (დაკლებულია მიღებული ფულის გაანგარიშებისას). გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია კონკრეტულ რეალიზაციებზე, რომლის რეალიზებაც განვადებით განხორციელდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

გადაანგარიშებით გადამხდელის მიერ საჩივარში დასმული საკითხი სასაქონლო ზედნადებებთან დაკავშირებით გათვალისწინებულ იქნა სრულად. აღებული ბიზნეს სესხის ნაწილში გამოქვითვას დაექვემდებარა საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული გადახდილი საპროცენტო ხარჯები და საკომისიოები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა კრედიტორებთან დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები, შესაბამისად, კორექტირება განიცადა საწყის-საბოლოო კრედიტორული დავალიანების ნაშთებმა, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატით, რომელსაც არ უფიქსირდებოდა განვადებით რეალიზაცია. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა უარი განაცხადა რეალიზებული ფასნამატის გაშიფვრაზე, დაეთანხმა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ ფასნამატს და მოითხოვა გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული განვადების საკომისიოების გამოქვითვა. ამასთან, კომპანიის შემოწმების დროს, ფულის მოძრაობის ანალიზისას საკომისიოს თანხა გათვალისწინებულ იქნა შემოსავლებსა და ხარჯებში (დაკლებულია მიღებული ფულის გაანგარიშებისას). გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია კონკრეტულ რეალიზაციებზე, რომლის რეალიზებაც განვადებით განხორციელდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. რაც შეეხება სხვა სადავო საკითხებს, გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 103 404 ლარი, მათ შორის, გადასახადი 69 070 ლარი, ჯარიმა 34 334 ლარი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. კერძოდ, წარადგინა საბანკო ამონაწერები, სადაც ხდებოდა განვადებით რეალიზებული საქონლის საკომისიოს გადარიცხვები, საგულისხმოა, რომ გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა, შესაბამისად შემოწმების ეტაპზე არ იყო წარდგენილი ინფორმაცია პროდუქტის განვადებით რალიზაციასთან დაკავშირებით და ასევე შესაბამისი საბანკო ამონაწერები. ამასთან, უცნობი იყო განვადებით რეალიზაციის შესახებ. შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატით, რომელსაც არ უფიქსირდებოდა განვადებით რეალიზაცია.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6);304(21);