ბრძანება N 24690

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.10.2023
№ დოკუმენტი 24690
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24690

06 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ის “ (ს/ნ "------" )

(მის.: "------")

2023 წლის 23 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №102) განიხილა შპს „------- - ის “ (ს/ნ "------" ) №143783/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივლისის №EL217909 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საკონტეინერო ტერმინალში სატრანსპორტო საშუალებების მისი მფლობელებისთვის მიწოდების ვადა, პერიოდი, პირობები და ა.შ. გარდა დადგენილი მომსახურების მიღების რიგითობისა, დამოკიდებულია კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ და ვიზუალურ მდგომარეობასთან. გაუმართავი და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ამოსაყვანად კომპანიის მიერ ხორციელდება დამატებითი ძალების მობილიზება, თანამშრომლებისა და საჭირო ტექნიკის დამატება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბუქსირება, ევაკუატორით გადაადგილება.

საბაჟო დეპარტამენტის წერილებსა და მოთხოვნებს, კომპანია ყოველ მათგანზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად რეაგირებდა და უფრო მეტიც, საბაჟო დეპარტამენტთან ერთად აქტიურად მუშაობენ პროცედურების დახვეწის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო პროცედურების ეფექტურობის გაზრდას და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის გადაცემის დროის შემცირებას. კომპანია დაინტერესებულია და მაქსიმალურად ცდილობს მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების დროული გაყვანა მფლობელების მიერ. თუ ეს დროულად ვერ ხერხდება, გამოწვეულია მხოლოდ მფლობელების მიზეზით ან სხვა მათგან დამოუკიდებელი ტექნიკური ხასიათის მიზეზით. შესაბამისად მიაჩნია, რომ კომპანიის დადანაშაულება არის არასწორი. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს შეასრულოს ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა და საქმიანობა წარმართოს რაიმე წესისა და მოთხოვნის დარღვევის გარეშე.

მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ სადავო ოქმი არ მოიცავს დასაბუთებას, არ არის განსაზღვრული თუ კონკრეტულად რომელი ვადების დარღვევაზე არის საუბარი, ან რას ნიშნავს დროულად არ ხდება მიწოდება - რომელ დროსა და ვადაზე არის მითითება გაკეთებული და კონკრეტულად რა სახის საკანონმდებლო ვალდებულება არის დარღვეული. შესაბამისად მიაჩნია, რომ ოქმი არის სრულიად ზოგადი, ბუნდოვანი, არ შეიცავს დასაბუთებას, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონო.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ - ის “ დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის ზოგადი დეკლარირებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის შემდეგ, მფლობელებისათვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება ხორციელდება მომჩივანის (ს/ნ "------") საბაჟო საწყობის თანამშრომლების მიერ, რის შემდეგაც საბაჟო ორგანოს თანამშრომლები საბაჟო კონტროლის ზონიდან სატრანსპორტოს საშუალებების გაყვანამდე ახორციელებენ საბაჟო კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას.

ვინაიდან შპს მომჩივანის საბაჟო საწყობის თანამშრომლები სისტემატურად აგვიანებდნენ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისათვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის გადაცემას, რითაც ხელი ეშლებოდა საბაჟო კონტროლის განხორციელებას, გაფორმების ეკონომიკური ზონა "-----"-ის უფლებამოსილი პირების მიერ საბაჟო საწყობის თანამშრომლებს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით (№"------" 08.07.2023) ეთხოვათ, რომ უზრუნველეყოთ მფლობელებისთვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის სატრანსპორტო საშუალებების დროული გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ განხორციელდებოდა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო სანქციების დაკისრება.

არაერთი გაფრთხილების მიუხედავად,მომჩივანის საბაჟო საწყობის მიერ არ შესრულდა საბაჟო ორგანოს მოთხოვნა და კვლავ ჭიანურდება საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელება. შესაბამისად, საბაჟო ორგანოს კვლავ ეშლება ხელი საბაჟო კონტროლის განხორციელებაში

ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, ამასთან, იმავე სანებართვო პირობების დარღვევისთვის საბაჟო საწყობს პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს 2023 წლის 16 იანვარს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL197311), გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 26 ივლისს შედგენილ იქნა №EL217909 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანის (ს/ნ "------") დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

№EL217909 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომები, რაც გასწორდა საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 18 სექტემბრის №22811 ბრძანებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

 დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;

 ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილის მიხედვით კი, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვინაიდან საბაჟო საწყობის თანამშრომლები სისტემატურად აგვიანებდნენ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისათვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის გადაცემას, აღნიშნულით ხელი ეშლებოდა საბაჟო კონტროლის განხორციელებას და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების გაღიზიანებას, ასევე კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობას შემოსავლების სამსახურისა და მისი თანამშრომლების მიმართ. შესაბამისად, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ - ის უფლებამოსილი პირების მიერ საბაჟო საწყობის თანამშრომლებს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით (№"------" 08.07.2023) ეთხოვათ, რომ უზრუნველეყოთ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნების შესრულება (საბაჟო პროცედურების დროულად და ეფექტურად შესრულება) და მფლობელებისთვის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის სატრანსპორტო საშუალებების დროული გადაცემა.

დადგენილია ასევე, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საბაჟო საწყობის მიერ არ შესრულდა საბაჟო ორგანოს მოთხოვნა და კვლავ ჭიანურდება საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელება. შესაბამისად, საბაჟო ორგანოს კვლავ ეშლება ხელი საბაჟო კონტროლის განხორციელებაში და კვლავ აქვს ადგილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების გაღიზიანებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას და დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამასთან, იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანისთვის (ს/ნ "------") საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------- - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, ამასთან, იმავე სანებართვო პირობების დარღვევისთვის საბაჟო საწყობს პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს,გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

127(3),163,176.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლი.