ბრძანება N 14540

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2023
№ დოკუმენტი 14540
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14540

23.06.2023

ი/მ --------- (ს/ნ -------)

(მის.: -----------)

2023 წლის 2 და 17 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა ი/მ -------- (ს/ნ -------) №37445/21 და №79750/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №046-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ:

1. აცხადებს, რომ მის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, ასევე, საქონლის ჩამონათვალი, რომელიც გამოიყენებოდა სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებისთვის და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშება. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საქონლის სახეობები/ჯგუფები და ფასნამატის ოდენობა (ფასნამატის ნაწილში ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის არგუმენტები), სრულად იქნა გათვალისწინებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. აუდიტის დეპარტამენტს ვერ მოჰყავს არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის არგუმენტები და მტკიცებულებები ნაწილობრივ. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ცხრილების შესაბამისად, რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი გამოთვლილია რეალიზაციისას გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებსა და რეალიზაციის წინა უახლოეს პერიოდში საქონლის შეძენისას გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული სარეალიზაციო და შეძენის ფასების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა უკანონოდ გაავრცელა მის მიერ არასწორად გამოთვლილი ფასნამატი.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2020 წელს საქმიანი ეზოს მოწყობის სამუშაოებზე გამოყენებული მასალების გადასახადებით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხვის მიზნით, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა იმის გამო, რომ არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა. განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილია შესრულებული სამუშაოების მიხედვით შიდა ჩამოწერის უწყისები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტზე დაცული ორთოფოტოები, რითაც დასტურდება ხსენებული სამუშაოების ჩატარების რეალობა და თარიღი. საყურადღებოა, რომ მშენებლობაზე დახარჯული მასალების უმეტესი ნაწილი დახარჯულია ფურცლოვანი თუნუქით გადახურული ღია კონსტრუქციის მოწყობაზე, რომელიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს. ასეც რომ არ იყოს მშენებლობის კანონიერების დადგენა არ წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას, მეტიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილ და იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლას შემოწმებით მოცულ პერიოდში. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე მითითებით არ განხორციელდა ჩათვლა, რაც არამართლზომიერია. აღნიშნული მუხლით საბაჟო დეკლარაციაზე ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრული არ არის. მოქმედი კანონმდებლობით საბაჟოზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი დღეის მდგომარეობითაც ჩასათვლელ გადასახადს წარმოადგენს. შემოსავლების სამსახური 2018 წელს საბაჟო დეკლარაციით გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის შემოწმებით მოცულ პერიოდში ჩათვლას ხანდაზმულ ოპერაციად არ მიიჩნევს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში იქნებოდა ჩანაწერი ხანდაზმულობის მოტივით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28157 ბრძანებით ი/მ -------- (ს/ნ -------) საჩივარი 2022 წლის 16 ივნისის №046-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. ი/მ -------- (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-5, მე-6 და მე-9 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, მშენებლობის ნებართვა);

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28157 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 18 577 ლარი, მათ შორის გადასახადი 12 467 ლარი და ჯარიმა 6 110 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 თებერვლის №046-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში წარმოადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. ასევე, წარმოდგენილია საქონლის ჩამონათვალი (შესაბამისი სასაქონლო ზედნადების მითითებით), რომელიც გამოიყენებოდა სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებისათვის (ზეთი, საპოხი საშუალებები და ავტომობილის ნაწილები) და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშება.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საქონლის სახეობები/ჯგუფები და ფასნამატის ოდენობა (ფასნამატის ნაწილში ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის არგუმენტები). ასევე, სრულად იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის და შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი, ასევე გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ჯამში 18 577 ლარის ოდენობით.

 სამშენებლო სამუშაოებზე გამოყენებული მასალების დასაბეგრი ბრუნვიდან/ბაზიდან ამორიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების მიხედვით მასალების შიდა ჩამოწერის უწყისები, მაგრამ არ წარმოუდგენია შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვა ან/და საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა ამ ნაწილში არ დაკორექტირდა.

 იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვარი) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა.

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 2022 წლის 14 მარტს, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური საჩივარში მითითებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საქონლის სახეობები/ჯგუფები და ფასნამატის ოდენობა. ასევე, სრულად იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილშია არამართლზომიერად მისი არგუმენტაცია ნაწილობრივ გათვალისწინებული. ასევე, 2020 წელს საქმიანი ეზოს მოწყობის სამუშაოებზე გამოყენებული მასალების გადასახადებით დასაბეგრი ბრუნვიდან/ბაზიდან ამორიცხვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია მშენებლობის ნებართვა ან/და საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგის ჩათვლასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა შესამოწმებელ პერიოდში.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -------- (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში წარმოადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. ასევე, წარმოდგენილია საქონლის ჩამონათვალი (შესაბამისი სასაქონლო ზედნადების მითითებით), რომელიც გამოიყენებოდა სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებისათვის (ზეთი, საპოხი საშუალებები და ავტომობილის ნაწილები) და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშება. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საქონლის სახეობები/ჯგუფები და ფასნამატის ოდენობა (ფასნამატის ნაწილში ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის არგუმენტები). დასკვნით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ჯამში 18 577 ლარის ოდენობით.

სამშენებლო სამუშაოებზე გამოყენებული მასალების დასაბეგრი ბრუნვიდან/ბაზიდან ამორიცხვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვა ან/და საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა ამ ნაწილში არ დაკორექტირდა.

იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, სსკ-ს მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21), 4.