გადაწყვეტილება №24159/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24159/2/2024
21 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 21.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24159/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება - ქონებაზე ყადაღის დადება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის №011-4939 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ” ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21079 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
შპს „----ზე (ს/ნ --- ) რიცხული საგადასახადო დავალიანების (390 641.06 ლარი) უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული კომპანიის მთელ ქონებაზე, მათ შორის ---- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2.03.2022 წლის №006–10233 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 27.06.2024 წელს, ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა მომჩივნის საკუთრების უფლება.
საჯარო რეესტრის ამავე დღეს მომზადებული ამონაწერის (განცხადება N----, 22.12.2023წ.) თანახმად, აღნიშნულ ქონებაზე კვლავ გავრცელდა ქონების წინა მესაკუთრის მიმართ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამასთან ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 14.08.2024 წელს გამოცემულ იქნა №011-4939 ბრძანება, „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივნის საკუთრებაში არსებული, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონება, (ს/კ ----). 16.08.2024 წელს შედგენილ იქნა №2024/011-4939/1 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი. ვალის მართვის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის №011-4939 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ” ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.09.2024 წლის №21079 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილებით, 241-ე მუხლის პირველი და მე-9 ნაწილებით და განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
14.01.2015 წელს ---სა და შპს „----ს“ (ს/ნ ---) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება №19, რომლის საფუძველზეც შპს „---ს“ (ს/ნ ---) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში უნდა გადაეცა ----თვის, ხოლო ----ს სამაგიეროდ უნდა გადაეხადა 67 000 აშშ დოლარი.
შპს „----მა“ (ს/ნ ---) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ----ს, თანხის სრულად გადახდის მიუხედავად, საკუთრებაში არ გადასცა საცხოვრებელი ბინა, რაზეც ----მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრედ ცნობა.
სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის დროს 9.10.2023 წელს ----სა და მომჩივანს შორის დაიდო ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოთხოვნა ცესიონერზე გადავიდა ისეთ მდგომარეობაში, როგორც ეს ---ის ხელში იყო. შესაბამისად, მიმდინარე საქმეზე მომჩივანი გახდა ----ის უფლებამონაცვლე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 28.11.2023 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №2/7230-23) სარჩელი მოპასუხე შპს „----ის“ (ს/ნ ---) მიმართ დაკმაყოფილდა და მომჩივანი ცნობილ იქნა ბინის (ს/კ ----) მესაკუთრედ.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ----მა ჯერ კიდევ 14.01.2015 წელს შეიძინა საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კი მოხდა 27.06.2024 წელს, ყადაღის დადებამდე. ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის №011-2419 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ” ბრძანების და შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21079 ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის ვალის მართვის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის №011-4939 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ” ბრძანებას და შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21079 ბრძანებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული მომჩივნის მიერ დასახელებული გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დასკვნა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21079 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება - ქონებაზე ყადაღის დადება.
ფაქტობრივი გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება, „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივნის საკუთრებაში არსებული, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონება. 16.08.2024 წელს შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი. ვალის მართვის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ” ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.09.2024 წლის №21079 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1, ბ.