ბრძანება N 13185

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.06.2024
№ დოკუმენტი 13185
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13185

04 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (პ/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 26 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივნისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 26 მაისის №23131/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აპრილის №028-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. აცხადებს, რომ თითოეული რეალიზაცია ზუსტად და დროულად არის აღიარებული შემოსავლად და დაბეგრილია კუთვნილი გადასახადებით. ასევე, შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატით მიღებული შემოსავლები ბევრად აღემატება საწარმოს მიერ რეალურად მიღებულ შემოსავალს, ამასთან, საწარმოს მიერ გამოყენებული ფასნამატი მთელი შესამოწმებელი პერიოდის მანძილზე საშუალოდ შეადგენს 7-8 პროცენტს, ხოლო 2020 წელს - 5 პროცენტს, რაც გამოწვეულია პანდემიის დროს შემცირებული მოთხოვნით და მიუთითებს რიგ საკითხებზე. ასევე აღნიშნავს, რომ საწარმო სარგებლობს არა მხოლოდ საბანკო კრედიტით, არამედ დამფუძნებლის მიერ საწარმოში შეტანილი თანხებით და თუ თანხა დასჭირდებოდა დირექტორს/დამფუძნებელს, სესხის ნაცვლად გაიტანდა საკუთარ თანხას საწარმოდან. აღნიშნული ფაქტი არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას, ასევე გამოვლენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცრებასთან მიმართებაში არ არის გათვალისწინებული. შედეგად, გადამხდელი ითხოვს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31448 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას საგადასახადო შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით განვადებით რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხა საკომისიოს გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31448 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 19 609 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 924 ლარი, ჯარიმა 5 685 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 აპრილის №028-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, ფასნამატის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა სს „----------“ მეშვეობით განვადებით რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხა საკომისიოს გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ ფასნამატის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა სს „-----------“ მეშვეობით განვადებით რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხა საკომისიოს გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, ფასნამატის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ბანკის მეშვეობით განვადებით რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხა საკომისიოს გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21)