გადაწყვეტილება №87249/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 87249/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№87249/1/2024

15 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 30.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №87249/1/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 15.09.2023 წლის №19640/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №069-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 503 862 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 272 201

დღგ - 91 826

საშემოსავლო გადასახადი - 179 034

ქონების გადასახადი - 1 341

ჯარიმა - 139 794

საურავი - 91 867

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა სურსათის ნაწარმით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2022 წლის 21 აპრილის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 2 ივნისიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2018 წლის 29 აგვისტოდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს განსაზღვრული 2019-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო მარაგების რაოდენობა (განცხადების სახით) და საბანკო ამონაწერები. გადასახადის გადამხდელი, შესამოწმებელ პერიოდში, არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის ჩამოწერებს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების მიერ, მოხდა დოკუმენტური შეძენისა და რეალიზაციის დაყოფა საქონლის კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად, ხოლო შემდგომ, თითოეულ ქვეკატეგორიაში შემავალი საქონლის მიხედვით, შეძენილი და რეალიზებული საქონლის ზუსტი იდენტიფიცირების პრინციპით, ფასნამატების გაანგარიშება. შედეგად, 2019-2021 წლებში წლიურმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 23%. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

- შემოწმებით ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (დებიტორ-კრედიტორები), დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირებზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების გათვალისწინებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 ოქტომბრის №27140 ბრძანება და 27 ოქტომბრის №069-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის №1576 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებსა და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის №1576 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა გადასახადის გადამხდელის მიერ.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის №1576 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №069-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8568 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 15.09.2023 წლის №19640/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხილვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 15.09.2023 წლის №19640/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 90 844 ლარით, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №069-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 28 იანვარს წარდგენილი №87249/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 30.01.2024 წლის № "-------" წერილით, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცი

აუდიტის დეპარტამენტმა, 2023 წლის 22 დეკემბრის დასკვნით, დარიცხვების შემცირება განახორციელა მხოლოდ შემოწმებისას მის მიერ დაშვებული შეცდომების ნაწილში (გადაანგარიშდა შემოწმებისას მიწოდებად განხილული, კომპანიის მიერ საქმიანობის ფარგლებში მოხმარებული შეძენილი საქონელი და ძირითადი საშუალებების ღირებულება, 2022 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა). ძირითად ნაწილში არ ეთანხმება დასკვნას და მის საფუძველზე გამოცემულ №069-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას და წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებებს, მათ მოსაზრებებს და სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთა საფუძველზეც მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი გასაჩივრებულ ნაწილში უკავშირდება დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადაანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვებს და მათზე დამატებით განხორციელებულ დარიცხვებს. აღნიშნული საჩივრის მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 26.11.2022 წელს დაწყებული დავის შედეგად, 1 წელზე მეტი ხნით მიმდინარე დავაზე, მიიღეს მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებული „შეცდომების გასწორება“. კერძოდ, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა მხოლოდ საგადასახადო შემოწმებისას მიწოდებად განხილული კომპანიის მიერ საქმიანობის ფარგლებში მოხმარებული შეძენილი საქონელი და ძირითადი საშუალებების ღირებულება. ანუ, დავის შედეგად მოხდა მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტის მიერ აქტის მომზადებისას დაშვებული შინაარსობრივი და მექანიკური შეცდომების გასწორება, მაშინ, როდესაც, დავა დაწყებული იყო და შემოსავლების სამსახურის (1.02.2023-ის №1576) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს (21.09.2023 წლის №19640/2/2023) გადაწყვეტილებები უპირველეს ყოვლისა ეხებოდა:

1. მარაგების ნაშთებს და მათი რეალიზაციის არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას (შემოსავლების სამსახურის №1576 გადაწყვეტილების მე-5 გვერდის ბოლო აბზაცი გადაწყვეტილებამდე და ამავე გვერდზე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი);

2. პარალელურად, აღნიშნული არაპირდაპირი მეთოდისას აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებული მექანიკური და შინაარსობრივი შეცდომების გასწორება.

შედეგად მიიღეს „შეცდომების გასწორება“, ხოლო მარაგების ნაშთის და არაპირდაპირი მეთოდით გადაანგარიშება არ მომხდარა, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი არგუმენტაცია და პოზიციის გამამყარებელი ნორმა არ არის მოყვანილი აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის დასკვნაში საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე.

რეალურად არის შემდეგი მოცემულობა, 1.02.2023 წლის №1576 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივარზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 21.09.2023 წლის №19640/2/2023 გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სწორედ №1576 ბრძანების აღსრულებას, რისთვისაც იქნა გამოცემული აღნიშნული გადაწყვეტილებები, აღსრულება სრულფასოვნად არ/ვერ მოხდა და შედეგი არის მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებული შეცდომების გასწორება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრის პირველადი განხილვა გაიმართა 29.06.2023 წელს, რომელზეც საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის და საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩინა საჩივრის განხილვის შეჩერება და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების (9.05.2023 წლის საჩივრის №11, №12, №13 და №14 დანართები) მომჩივნის მონაწილეობით გავლა და საბჭოსთვის ინფორმაციის მიწოდება. საბჭოს მიერ საჩივრის საბოლოო განხილვა მოხდა 15.09.2023 წელს, რომელზეც მომჩივანი დასასწრებად არ გამოუძახიათ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ სამუშაოს დიდი მოცულობის გამო არ გამორიცხავს ხარვეზების არსებობას, ამასთან გადასახადის გადამხდელმა წარუდგინა მისი ნამუშევარი - პროგრამის ამონაწერი, რომელსაც გადახედა და შესაძლებელია აღნიშნულმა გარკვეული გავლენა მოახდინოს დარიცხვებზე (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 21.09.2023 წლის №19640/2/2023 გადაწყვეტილება).

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საბჭომ მიიღო 21.09.2023 წლის №19640/2/2023 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხილვა;

- ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ქონდა 3 სატელეფონო კომუნიკაცია, რომლის დროსაც მოიკითხა გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი და გამოხატა საკითხების დეტალურად გავლის (მათ შორის აუდიტის დეპარტამენტში სტუმრობა) სურვილი, რომელიც სამწუხაროდ, ხან დეპარტამენტის წარმომადგენლის მივლინებაში ყოფნის, ხან მისი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ვერ განხორციელდა. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში თავად დაუკავშირდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ქონდა დაახლოებით 5-10 წუთიანი საუბარი, რომლის დროსაც გამოიკვეთა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში, პროგრამის ამონაწერში დაფიქსირებულ მარაგების ნაშთებთან დაკავშირებით, მისი უარყოფითი პოზიცია. გადასახადის გადამხდელის პასუხი კი იყო, რომ დავის საფუძველიც სწორედ შემოწმებისას, მისთვის კომპანიის მიერ მარაგების ნაშთების შესახებ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია (აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინოა 2021 წლის საბოლოო ნაშთის შემთხვევაში) იყო და დავის შედეგადაც მათ რეალობასთან მიახლოებას მოითხოვდა. აუდიტორი დაპირდა უკუკავშირს ხელმძღვანელთან საკითხის გავლის შემდგომ, თუმცა დამატებითი კომუნიკაცია, შეხვედრა აღარ განხორციელებულა და 29.12.2023 წელს მიიღო დასკვნა, ბრძანება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანი ითხოვს დავის მიმდინარეობის რეტროსპექტივის, მისი მიმდინარეობისას მიღებული გადაწყვეტილებების, კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და აღსრულების პროცესის დეტალურად გაცნობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს დარიცხვის გაუქმების საფუძველს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის №1576 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაც გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8568 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ხსენებული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 15.09.2023 წლის №19640/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხილვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 15.09.2023 წლის №19640/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სულ 90 844 ლარით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

- დაკორექტირდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით. ამასთან, გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა კომპანიის მიერ, საქმიანობის ფარგლებში მოხმარებული, შეძენილი საქონელი და ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტით, ფასნამატის გაანგარიშებისას განხილული იყო როგორც რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. შედეგად, შემცირდა დღგ-ში დარიცხული გადასახადი და დაკისრებული ჯარიმა;

- დაკორექტირდა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი, შესაბამისად შემცირდა დარჩენილი ფულადი ნაშთი, რომელიც შემოწმების მიერ ჩათვლილი იქნა მისი წარმოშობის მომენტიდან კომპანიის პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული გადასახადი და დაკისრებული ჯარიმა.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულებულია ნაწილობრივ, მხოლოდ არაპირდაპირი მეთოდისას აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებული მექანიკური და შინაარსობრივი შეცდომის ნაწილში, შედეგად მოხდა „შეცდომების გასწორება“, ხოლო მარაგების ნაშთის და არაპირდაპირი მეთოდით გადაანგარიშება არ მომხდარა. ამგვარად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებების, რისთვისაც იქნა მიღებული შემოსავლების სამსახურის და საბჭოს მიერ, აღსრულება სრულფასოვნად არ/ვერ მოხდა და შედეგი არის მხოლოდ შემოწმების აქტში დაშვებული შეცდომების გასწორება. ამასთან აღნიშნავს, რომ აუდიტის წარმომადგენელთან განხორციელებულია მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, თავდაპირველად საუბრისას გამოხატა საკითხების დეტალურად გავლის სურვილი, რომელიც დეპარტამენტის წარმომადგენლის შეუძლებლობის გამო ვერ განხორციელდა. ხოლო შემდგომ, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან კომუნიკაციისას, გამოიკვეთა მიწოდებულ ინფორმაციაში, პროგრამის ამონაწერში დაფიქსირებულ მარაგების ნაშთებთან დაკავშირებით მისი უარყოფითი პოზიცია. მიიჩნევს, რომ საქმის მასალების დეტალურად გაცნობის შემთხვევაში, არსებობს დარიცხვის გაუქმების საფუძველი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადს გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციებზე დამატებით აღნიშნა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შემდგომ ქონდა კომუნიკაცია აუდიტორთან, დეტალურ განხილვამდე ვერ მივიდნენ, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ მარაგების ნაშთებთან დაკავშირებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, ფასნამატის მარჟაზე, წარადგინეს დოკუმენტაცია და უნდოდათ გადაანგარიშება მომხდარიყო იმ მიდგომით, რომ ეს დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელს ქონდა თავიდანვე. როგორც აღნიშნა, გადაანგარიშების ეტაპზე, წარდგენილი ნაშთების დეტალურ განხილვამდე ვერ მივიდნენ, მაგრამ გადაწყვეტილება გულისხმობდა, რომ აუდიტორს მიეცემოდა დეტალური ბუღალტრული აღრიცხვა და მისი მიხედვით მოხდებოდა გადაანგარიშება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო ნაშთი მნიშვნელოვნად გაზრდილია, თავდაპირველად, შემოწმების ეტაპზე, კომპანიის პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ნაშთის ოდენობა მიჩნეული იქნა გონივრულად, ადექვატურად, თავის საქმიანობასთან და ბრუნვასთან, დარგთან შესაბამისი და აღნიშნული არ აჩენდა რისკებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი წარადგენდა ინფორმაციას, რომ რომელიღაც ობიექტში აქვს საქონელი და წარმოადგენდა სხვა, გაზრდილ ციფრს, აღნიშნულს მოყვებოდა სათანადო მიმდინარე პროცედურების ჩატარება, ამჟამად გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია კი აჩენს რისკებს.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 15.09.2023 წლის №19640/2/2023 გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დავის მიმდინარეობის რეტროსპექტივის, მისი მიმდინარეობისას მიღებული გადაწყვეტილებების, კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და აღსრულების პროცესის დეტალურად გაცნობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს დარიცხვის გაუქმების საფუძველს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 2 ივნისიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2018 წლის 29 აგვისტოდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არასწორად აქვს განსაზღვრული 2019-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო მარაგების რაოდენობა და საბანკო ამონაწერები.შემოწმების მიერ, მოხდა დოკუმენტური შეძენისა და რეალიზაციის დაყოფა საქონლის კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად, ხოლო შემდგომ, თითოეულ ქვეკატეგორიაში შემავალი საქონლის მიხედვით, შეძენილი და რეალიზებული საქონლის ზუსტი იდენტიფიცირების პრინციპით, ფასნამატების გაანგარიშება. შედეგად, 2019-2021 წლებში წლიურმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 23%. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა;

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 15.09.2023 წლის №19640/2/2023 გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5).