ბრძანება N 3990

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 3990
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3990

02.03.2023

შპს „------“ (ს/ნ ------)

(მის.: ქ.------)

2022 წლის 8 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ ------) №163549/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 აგვისტოს №081-143 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

,,1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება ნაღდი ფულის ნაშთის სესხად განხილვას და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრას. აცხადებს, რომ გადაანგარიშებისას მხოლოდ შესყიდვის აქტები იქნა გათვალისწინებული, თუმცა მათ მიერ წარდგენილი იყო სხვა დოკუმენტაციაც (მაგ. სატრანსპორტო მომსახურების ხარჯის დოკუმენტები). მიუთითებს, რომ მათი საქმიანობა ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობაა, საქონლის მიწოდება უმეტესად ხდებოდა რესტორნებზე და სასტუმროებზე ადგილზე მიტანით. ამდენად, გადამხდელის პოზიციის მიხედვით, სატრანსპორტო ხარჯის გათვალისწინება მიზანშეწონილია. აცხადებს, რომ ხარჯები მხოლოდ საქონლის შეძენაზე არ გაიწევა, ზოგ შემთხვევაში ხდება დამატებითი ფართის ქირაობა სასაწყობედ. ასევე, გადამხდელს მიაჩნია, რომ სხვა საწარმოებისგან ინფორმაციის გამოთხოვის გზით უნდა გარკვეულიყო საქმის გარემოებები და დაზუსტებულიყო დაბეგვრის ობიექტი.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ივნისის №18355 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,,1. შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ივნისის №18355 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 15 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა სულ 150 034 ლარი, მათ შორის, გადასახადი 105 895 ლარი, ჯარიმა 44 139 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 10 აგვისტოს №081-143 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია, კერძოდ, გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა 287 995 ლარის ღირებულების შესყიდვის აქტები. გადანგარიშების შედეგად, წარმოდგენილი შესყიდვის აქტების საფუძველზე დაკორექტირდა საწარმოს ხარჯები შესამოწმებელ პერიოდზე ჯამურად 287 995 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების შედეგად 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოანგარიშებული ფულის ნაშთი, ამასთან გადამხდელმა წარმოადგინა სხვა არგუმენტაცია ფულადი ნაშთის შემცირების მიზნით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არ წარმოადგენს შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირების (შემცირების) საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები. გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ გადაანგარიშების შედეგად არ იქნა გათვალისწინებული ტრანსპორტირების თანხები, რომლებიც მისი განმარტებით გადაუხადა შპს ------ (ს/ნ ------). შემოწმებით გამოვლენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდება 5 სატრანსპორტო საშუალება, ასევე შეძენილი აქვს საწვავი, რომელსაც მისივე განმარტებით იყენებდა მომსახურების გაწევისას. გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნულის (სატრანსპორტო მომსახურება) დასადასტურებლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს ------ (ს/ნ ------), თუმცა აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა და გადამხდელი ელექტრონულ ვებგვერდზე შეტყობინებას დღემდე არ გაცნობია. ასევე, შპს ------ (ს/ნ ------) აღნიშნულ პერიოდში წარმოადგენდა დღგ-ს გადამხდელს, თუმცა არც შპს ------ის მიერ მითითებულ პერიოდში და არც სხვა პერიოდში შპს „------“ არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასევე მითითებულია, რომ შპს „------“ დირექტორი საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით საქონლის გადაზიდვისას დაფიქსირებულია როგორც მძღოლი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია დაუსაბუთებელია. აგრეთვე, გადამხდელის მიერ სადავო გარემოებად მითითებულია ისეთი მოთხოვნა, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება ნაღდი ფულის ნაშთის სესხად განხილვას და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრას. ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოება

გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია, კერძოდ, გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები. გადანგარიშების შედეგად, წარმოდგენილი შესყიდვის აქტების საფუძველზე დაკორექტირდა საწარმოს ხარჯები შესამოწმებელ პერიოდზე ჯამურად/ შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების შედეგად 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოანგარიშებული ფულის ნაშთი, ამასთან გადამხდელმა წარმოადგინა სხვა არგუმენტაცია ფულადი ნაშთის შემცირების მიზნით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არ წარმოადგენს შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირების (შემცირების) საფუძველს. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ივნისის №18355 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 15 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 ( 21 ); 304.