გადაწყვეტილება №20975/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.11.2023
№ დოკუმენტი 20975/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20975/2/2023

08 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 3.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20975/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს N021-61 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 სექტემბრის №22581 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 42 960,66 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 29 327

ჯარიმა - 8 147

საურავი - 5 486,66

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 24 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა გადასახადების/ გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის პირველი აგვისტოს №18862 ბრძანება და 2023 წლის 2 აგვისტოს №021-61 საგადასახადო მოთხოვნა.

სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი 2014 წლიდან სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. 2020 წლიდან შესამოწმებელ პერიოდამდე გადამხდელი ახორციელებდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებას მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, საქმიანობის საგანია ავეჯით, საყოფაცხოვრებო საქონლით, რკინა-კავეულით და რკინის სხვა წვრილმანით საცალო ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მცირე ბიზნესისთვის კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვის სისტემა არ გააჩნია. რეალიზაციაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. მეწარმის კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატი DY---რეგისტრირებული იყო 2014 წლიდან მისამართზე: ---.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული შემოსავლები და საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი ჩეკების ღირებულება საანგარიშო პერიოდში თითქმის ემთხვევა დოკუმენტური რეალიზაციის სტატისტიკას და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციათა ბაზის მონაცემებს. 2021 წლის ივლისის თვეში გადამხდელს დაუდგა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება კერძოდ, უწყვეტი კალენდარული 12 თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს 2021 წლის ივლისში და აღნიშნულ პერიოდში შემოსავალმა შეადგინა 107 714 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი 2021 წლის 8 ივლისი. დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22581 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია კვალიფიციური ექსპერტის მიერ შესწავლილია ზემოთხსენებული - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი - მომჩივანთან დაკავშირებით, რომლის საფუძვლებს არ დაეთანხმა „---“-ის კვალიფიციური ექსპერტი და შეადგინა 2023 წლის 29 სექტემბრის №38 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად: „სავარაუდოა, რის გამოც საბუღალტრო ექსპერტიზას მისი გაზიარება - არ შეუძლია, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ უნდა მოხდეს დარიცხული გადასახადების - გადაანგარიშება - ექსპერტიზაში მითითებული დებულებების მიხედვით“. ამდენად აუცილებელია მოხდეს შესაბამისი - გადაანგარიშება შემმოწმებლების მიერ ორგანიზაციაში - ადგილზე მისვლით, რასაც ითვალისწინებს - გასვლითი საგადასახადო შემოწმება და განხორციელდეს შემოწმების აქტის ციფრობრივი მონაცემების ობიექტური, სამართლიანი კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზით დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის საბანკო ანგარიშზე შემოსავლის სტატუსით ადგილი ჰქონდა ტრანზაქციებს ფიზიკური პირებისგან. აღნიშნულის შესახებ ეცნობა მეწარმეს, მისი განმარტებით, აღნიშნული საქართველოს ბანკის ანგარიში არის სრულად პირადი ანგარიში და ამ ანგარიშზე არსებული გადარიცხვები და შემოსავლები არ არის დაკავშირებული ი/მ ---ს ეკონომიკურ საქმიანობასთან. ბანკის ამონაწერის მიხედვით იდენტიფიცირებულ იქნა ფიზიკური პირები, რომელთა მიერაც ხორციელდებოდა თანხების ჩარიცხვა გადამხდელის ანგარიშზე. აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან განხორციელდა სატელეფონო გასაუბრება. შედეგად დადგინდა, რომ მათი ნაწილი იცნობდა გადამხდელს და მათი განმარტებით ურთიერთობა არ ატარებდა ეკონომიკურ შინაარს (საგადასახადო შემოწმების აქტში, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული), სხვა დანარჩენმა კი აღიარა საქონლის შეძენა და არ დაადასტურა თანხის სესხად გადაცემა ი/მ ---თვის. ფიზიკური პირების ნაწილის იდენტიფიცირება და მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა (აღნიშნული თანხები გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას).

გადამხდელს სხვა სააღრიცხვო-ბუღალტრული ან განმარტებითი ინფორმაცია არ მოუწოდებია. ამასთან, შემოწმებით გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული შემოსავლები და საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი ჩეკების ღირებულება საანგარიშო პერიოდში თითქმის ემთხვევა დოკუმენტური რეალიზაციის სტატისტიკას და საშემოსავლო დეკლარაციათა ბაზის მონაცემებს.

2021 წლის ივლისის თვეში გადამხდელს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, კერძოდ, მეწარმის შემოსავალმა უწყვეტი კალენდარულ 12 თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს და შეადგინა 107 714 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის 100 000 ლარიან ზღვარს დოკუმენტური რეალიზაციითაც (სასაქონლო ზედნადებებით) აჭარბებდა. იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების მიერ მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა მცირე ბიზნესის შემოსავლის ყოველთვიურ დეკლარაციებში დეკლარირებული, დოკუმენტური რეალიზაციის, საბანკო ამონაწერისა და საკონტროლო-სალარო ჩეკების მონაცემების მიხედვით და მომჩივნის შემოსავალმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და შესაბამისად, დღგ-ის დარიცხვა მოხდა მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი 2021 წლის 8 ივლისი. დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22581 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და შესაბამისად, დღგ-ის დარიცხვა მოხდა მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 92; 165; 159; 282.