გადაწყვეტილება №20239/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20239/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ , 21.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---ის 11.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20239/2/2023).
დავის საგანი:
ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება რეორგანიზაციის ფარგლებში შერწყმული კომპანიისგან მიღებული უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №081-326 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14399 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
28.12.2022 წლის №081-326 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია გადასახდელად დარიცხული გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა - 5 264 979 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №40564 ბრძანების საფუძველზე 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე ჩატარდა თემატური საგადასახადო შემოწმება, როგორც უშუალოდ სს ---გან (ს/ნ ---, დამფუძნებელი კომპანიისგან) მიღებული, ასევე, სს ---გან (ს/ნ ---), რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია და უძრავი ქონება მიღებული აქვს სს ---გან) მიღებული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) რეალური ღირებულების მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე. 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2018 წელს საწარმოში განხორციელდა რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც შერწყმული აქვს სს --- (ს/ნ ---). 2018 წლის მდგომარეობით სს --- ფლობდა, როგორც დედა კომპანიისგან მიღებულ 20 064,14 მ 2 ფართობის შენობა-ნაგებობას, ასევე სს ---გან რეორგანიზაციის დროს მიღებულ უძრავ ქონებას.
საწარმო ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას იყენებს თვითღირებულების მეთოდს და გადასახადის გაანგარიშებას ახდენს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისგან.
შემოწმებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით 1 მ 2 -ის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული იქნა სს ---გან რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული უძრავი ქონების 1 მ 2 -ის ღირებულება (ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით). საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე მომჩივანს დასაბეგრი ქონების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი. საგადასახადო შემოწმების შედეგების მიუხედავად, გადასახადის გადამხდელი 2019, 2020 და 2021 წლებში ისევ იყენებს თვითღირებულების მეთოდს. მიმდინარე შემოწმება დაეყრდნო 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა ქონების გადასახადი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №081-326 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14399 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 41 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებზე. შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისგან. ამასთან, საწარმო არ იყენებს გადაფასების მეთოდს. შესაბამისად, მას არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ შემოწმებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით 1 მ 2 -ის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული იქნა სს ---გან რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული უძრავი ქონების 1 მ 2 -ის ღირებულება (ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე წარმოებული საგადასახადო დავის ეტაპზე ანალოგიურ საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ 21.04.2022 წლის №10242 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით, ის ფაქტი, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა 2018 წელს, რის საფუძველზეც სს ---ს შეერწყა სს ---, არ ცვლის ოპერაციის შინაარს და არ ათავისუფლებს უფლებამონაცვლეს საგადასახადო ვალდებულების შესრულებისაგან, რეორგანიზაციის დროს კი უძრავი ქონების მიღება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც აქტივების შეძენა. შემოსავლების სამსახურის ამავე ბრძანებით, 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მიუხედავად საგადასახადო შემოწმების და დავის შედეგებისა, გადასახადის გადამხდელი 2019-2021 წლებში კვლავ იყენებს თვითღირებულების მეთოდს. ხოლო, საგადასახადო შემოწმება დაეყრდნო 27.12.2021 წლის საგადასახადო აქტის შედეგებს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებს, მათ მიერ განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად ქონების ღირებულების შეფასება, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას აღნიშნული ქონების შეფასების ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების თაობაზე.
მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილება ენიჭება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
როგორც შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნავს, საწარმოს შემოწმებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით 1 კვ. მ ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა სს ---გან (ს/ნ ---) რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული უძრავი ქონების 1 კვ. მ-ის ღირებულება (ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით).
რეორგანიზაციის შედეგად სს ---ს 27.07.2018 წელს შეერწყა სს ---. შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა სს ---ს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე შეფასების დასკვნა, რომელიც შედგენილია თურქული კომპანიის მიერ თურქულ ენაზე. შემოწმების მიერ აღნიშნული დასკვნის სანდოობა გადამოწმებული არ ყოფილა და აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული ქონების ღირებულების მიხედვით განსაზღვრა როგორც სს ---ს, ასევე სს ---ს საკუთრებაში არსებული ქონებების ღირებულებები და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
შემმოწმებლის მიერ არამართლზომიერად იქნა გამოყენებული სს ---ს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე თურქული კომპანიის მიერ გამოცემული შეფასების დასკვნის გამოყენება. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საშემფასებლო საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოში ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურისთვის სარწმუნო საშემფასებლო დასკვნა უნდა გამხდარიყო მხოლოდ აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნა და იმ გარემოების გამო, რომ არ არსებობს კომპანიის საკუთრებაში არსებულ ქონებებზე გაცემული დასკვნა არამართებულია თურქული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97- ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
შესაბამისად, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც აღიარებული იქნებოდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით,ასევე აღნიშნულის თაობაზე არ მიეცა კომპანიას შესაძლებლობა წარედგინა კომპეტენტური პირის მიერ გაცემული დასკვნა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა დაუსაბუთებლად. საყურადღებოა, რომ სს ---ს საკუთრებაში არსებული ქონების 4 165 კვ.მ კომერციული ფართის შეფასების დასკვნით დგინდება, რომ მთლიანი ქონებიდან შემფასებელმა ქონების ღირებულება განსაზღვრა უშუალოდ იმ ქონებების მიხედვით, რომელიც წარმოადგენს კომერციულ ფართს და რომელიც ქირავდება და აღნიშნული ფართი განისაზღვრა 3 505,3 კვ. მ-ით, ანუ მთლიანი ქონების 84% და აღნიშნული შეფასდა 36 280 000 ლარად. შესაბამისად, შემფასებელმა აღნიშნული დასკვნით მიიჩნია, რომ ქონების 16% წარმოადგენს საერთო და დამხმარე დანიშნულების ფართებს, რომლებიც კომპანიისთვის არ წარმოადგენენ მატერიალური დოვლათის შემქმნელ ელემენტებს და ქონების შეფასების შემოსავლების მეთოდის გამოყენებით, ქონების ღირებულება განსაზღვრა მხოლოდ ქონების 84%-ზე. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ სს ---ის ქონების შეფასებისას გამოყენებული იქნა სს ---ს ქონების შეფასების დასკვნა, არ იქნა გათვალისწინებული შეფასების დასკვნით განხილული პრინციპი და კვადრატული მეტრის ღირებულება გავრცელებულ იქნა სს ---ის საკუთრებაში არსებული ქონების სრულ მოცულობაზე, 20 064 კვ. მ-ზე. შესაბამისად, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემმოწმებლებს არ შეუსწავლიათ საკითხი და მათი მიზანი არ იყო კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრა და თუნდაც გაურკვეველი წარმომავლობის დასკვნაზე დაყრდნობით მათ არ მოახდინეს ამ დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინება.
ამდენად, არასწორია ქონების ღირებულება ყველა დანიშნულების ფართზე განისაზღვროს იდენტურად და თუ შემმოწმებელი სს ---ის ქონების შეფასებისთვის იყენებს სს ---ს ქონების ღირებულებას, პრინციპიც ანალოგიურად უნდა იქნეს განსაზღვრული.
შემოწმების მიერ არამართებულად იქნა განსაზღვრული დასაბეგრი ქონების ღირებულება, კერძოდ სს ---ის დასკვნის მიხედვით განხორციელებულია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება. შესაბამისად, უძრავი ქონება შეფასებულია საბაზრო ღირებულებით, დღგ-ის ჩათვლით. შემოწმების შედეგად ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა მოხდა აუდიტის შეფასების დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით, ანუ ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა ქონების ღირებულებაზე დღგ-ის ჩათვლით. ქონების ღირებულებაში არ უნდა იქნას გათვალისწინებული დღგ-ის თანხა და გადასახადის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ქონების ღირებულებაზე დღგ-ის გარეშე. ქონების გადასახადის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (მათ შორის, უძრავი ქონების) საბალანსო ღირებულება არსებითად არ განსხვავდებოდეს მათი რეალური ღირებულებისგან საგადასახადო წლის ბოლოს, რასაც უზრუნველყოფს ბასს 16-ით რეკომენდირებული გადაფასების მოდელის გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს ბალანსზე თავდაპირველად თვითღირებულებით (შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გარეშე) ასახული დასაბეგრი ქონების შემდგომში ასახვას გადაფასებული (აფასებული ან ჩამოფასებული) თანხით, რომელიც გადაფასების მომენტისთვის არსებული აქტივის რეალური ღირებულების ტოლია, შემდგომში დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლებით. ის გარემოება, რომ აქტივის ღირებულება მოიცავს ამ აქტივის მიწოდების ფასზე დანამატის სახით დადგენილ დღგ-ის თანხას, არ ცვლის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის წესს, რომლის თანახმად, ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივის ღირებულება არ მოიცავს დღგ-ის კომპონენტს. შესაბამისად, როდესაც საწარმოს გააჩნია აუდირებული ფინანსური ანგარიშგება, ამ ანგარიშგებაში დასაბეგრი უძრავი ქონების საბალანსო ღირებულება ასახულია საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე და მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ამ საწარმოს საგადასახადო შემოწმებისას არ წარმოიშობა დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის საფუძველი.
შესაბამისად, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის მოქმედი კანონმდებლობა საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის გამოყენების შემთხვევას უთანაბრებს გადასახადის გადამხდელის მიერ გადაფასების მოდელის გამოყენებას. კომპანიებზე, რომლებსაც გააჩნიათ ფინანსური ანგარიშგება და იყენებენ გადაფასების მოდელს, არ ვრცელდება ქონების საბაზო ღირებულებით განსაზღვრის წესი. შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ღირებულების პრინციპი ვერ იქნება განსხვავებულად განსაზღვრული იმ პირებისთვის, ვისაც გააჩნია აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და არ იყენებს გადაფასების მოდელს. ამდენად, ვინაიდან ნორმათა ერთობლიობით ცალსახად დგინდება, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულება არ მოიცავს დღგ-ს, ყოვლად უსაფუძვლოა შემოწმების შედეგად ქონების გადასახადის დარიცხვა აქტივის ღირებულებაზე დღგ-ის ჩათვლით.
შემოსავლების სამსახურის №14399 ბრძანებით კი უგულვებელყოფილი იქნა საჩივარში მითითებული გარემოებები, შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ არც ერთ არგუმენტზე და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებს, რაც სწორედაც რომ სადავო გარემოებას წარმოადგენს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და ექვემდებარება გაუქმებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემმოწმებლის მიერ არამართლზომიერად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სს ---ს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გაცემული თურქული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით უნდა გაუქმდეს და შემოსავლების სამსახურის ბრძანება და დარიცხული თანხები სრულად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2020 წლამდე მოქმედი რედაქციით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი, მე-2 და 41 ნაწილების თანახმად:
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.
4 1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №40564 ბრძანების საფუძველზე 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე ჩატარებულია თემატური საგადასახადო შემოწმება როგორც უშუალოდ სს ---გან (ს/ნ ---, დამფუძნებელი კომპანიისგან), ასევე სს ---გან (ს/ნ ---, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია და უძრავი ქონება მიღებული აქვს სს ---გან) მიღებული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) რეალური ღირებულების მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრის მიზნით 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე.
შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. მიმდინარე შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგების მიუხედავად, გადასახადის გადამხდელი 2019, 2020 და 2021 წლებში ისევ იყენებს თვითღირებულების მეთოდს. მიმდინარე შემოწმება დაეყრდნო 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის საბაზრო ფასით განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება რეორგანიზაციის ფარგლებში შერწყმული კომპანიისგან მიღებული უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა ქონების გადასახადი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №081-326 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14399 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202 (41).