ბრძანება N 4116
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4116
06.03.2023
შპს „------------“ (ს/ნ ------------)
(მის.: ქ. ----------------------------)
2023 წლის 10 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ---------) №79026/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის Nა245-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტს, „გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ“ 2022 წლის 29 დეკემბრის №33518 ბრძანებას და 2022 წლის 29 დეკემბრის №001-270 საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით პროდუქციის იმპორტირება ხდება CPT ან CIP თბილისი მიწოდების პირობით, რაც გულისხმობს გამყიდველის მიერ პროდუქციის მიწოდებას დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად გადამზიდავ კომპანიასთან შპს ------------ს კავშირი არ აქვს, მას ქირაობს მომწოდებელი. გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. ამ შემთხვევაში შეძენის ფასი განისაზღვრება შესყიდვის დოკუმენტით, რომელსაც წარმოადგენს საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები და არა სატრანსპორტო ზედდებულებები (Air Waybill), ხოლო მიწოდების პირობის (CPT, CIP) გათვალისწინებით აღნიშნული ღირებულება მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯებსაც. ამასთან კომპანიის მოთხოვნის მიუხედავად შემოწმების მიერ არ მომხდარა შემოწმების მასალების (ავიახაზებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, გაანგარიშების ცხრილები) გადმოცემა, რომელიც დაეხმარებოდა საკითხის დეტალურად შესწავლაში.
აღნიშნულზე მითითებით არ ეთანხმება 2022 წლის 29 დეკემბრის №001-270 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32912 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----------“ (ს/ნ ---------) ------------ საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.
მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის მიწოდების პირობაა CPT თბილისი, დეკლარაციებში და მის თანმხლებ დოკუმენტებში (ინვოისებში) ასევე გამოყოფილია საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება, რომელებიც სავარაუდოდ შესაძლებელია (მნიშვნელოვნად დაბალი იყოს) რეალურად/სრულად არ ასახავდეს საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯს, რომელიც წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველომ, საქონლის საბაჟო ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სიზუსტის დადგენის მიზნით ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა შპს “----------” (ს/ნ -------------); პერიოდის მიხედვით შერჩეული დეკლარაციების თანმხლები სატრანსპორტო ზედნადებებით (Air Waybill) გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „-------------------“ (ს/ნ ------------) და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს -----------ს ავიახაზების ------ ფილიალისგან (ს/ნ -----------).
საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიდან აღსანიშნავია, შემდეგი:
1) შპს “-----------” (ს/ნ --------------) მიერ №------/21-11 12.08.2022 და №-------/21-10 03.11.2022 განცხადებებით, წარმოდგენილი ------- ბანკის მიერ 01/01/2019-11/08/2022 პერიოდზე გაცემული გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერიდან იკვეთება, რომ მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხა შეუსაბამობაშია მოცემულ პერიოდში შპს “----------” საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებასთან;
2) უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „------------ის ფილიალმა საქართველოში“ (ს/ნ -------) გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა “oracle”-ში №ID --------- 25.12.2022 განცხადებით, სატრანსპორტო ზედნადებების (Air Waybill) მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტს მიაწოდა ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ამსახველი დოკუმენტები, რომლებშიც მითითებული თანხები ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს;
3) უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს ------------- ფილიალისგან (ს/ნ ---------) სატრანსპორტო ზედნადებების (Air Waybill) მიხედვით №----------/21-10-20 წერილით გამოგზავნილ ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ამსახველ დოკუმენტში მოცემული თანხები ასევე ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს;
4) გადამზიდავი ფირმა ------------ის მიერ განხორციელებული გადაზიდვების შემთხვევებშიც შესაბამის სატრანსპორტო ზედნადებებშიც (Air Waybill) მითითებულია საქონლის ტრანსპორტირების ხარჯები ასევე ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს.
მოპოვებული ინფორმაციისა (მათ შორის მსგავსი გადაზიდვების ღირებულების ანალიზის) და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გამოირკვა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს გაეგზავნა 2022 წლის 28 დეკემბრის N ა 245-21- 10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც შპს „-----------“ (ს/ნ ---------) შემოწმების შედეგად საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) - 79 436,58 ლარი, ხოლო სანქცია ჯარიმის სახით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაეკისრა - 79 436,58 ლარი. ასევე გაეგზავნა 2022 წლის 29 დეკემბრის №33518 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 2022 წლის 29 დეკემბრის №001-270 საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ქვემდებაქრეობის მიხედვით №21-10/-------- 29/12/2022 წერილით ასევე გაეგზანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს. ზემოაღნიშნული შემოწმების მასალები გადამხდელს ჩაჰბარდა 2023 წლის 11 იანვარს ელექტრონულად rs.ge-ს საშუალებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;
ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლი კი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით კი დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით დარიცხული სანქცია და საბაჟო ვალდებულება მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ მოთხოვნის მიუხედავად შემოწმების მიერ არ მომხდარა შემოწმების მასალების გადაცემა, რომელიც დაეხმარებოდა საკითხის დეტალურად გარკვევაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული შემოწმების მასალები გადამხდელს გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომელსაც ადრესატი გაეცნო 2023 წლის 11 იანვარს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ვალდებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,--------------'' (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ვალდებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 27; 167;