ბრძანება N 3081

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.02.2023
№ დოკუმენტი 3081
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3081

20.02.2023

ი/მ ---------ის (ს/ნ -----------)

(მის.: ქ. -----------------------)

2022 წლის 21 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა ი/მ ------------- (ს/ნ ------------) 2022 წლის 21 სექტემბრის №74894/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 აგვისტოს №084-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგები გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სწორადაა ასახული, თუმცა საგადასახადო მოთხოვნაში სავარაუდოდ ადგილი აქვს ტექნიკურ ხარვეზს და ითხოვს აღნიშნულის გასწორებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 11 ოქტომბრის №32246 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ----------- (ს/ნ ---------------) 2021 წლის 26 ივლისის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 11 ოქტომბრის №32246 ბრძანების აღსრულების მიზნით 2022 წლის 20 ივლისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 30 188 ლარი, მათ შორის გადასახადი 20 372 ლარი და ჯარიმა 9 816 ლარი. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 19 აგვისტოს №084-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად განხორციელდა გარკვეული კატეგორიის საქონლის კატეგორიების (ხორცპროდუქტი, რძის პროდუქტი, ბურღული, უალკოჰოლო სასმელები, კონსერვი, შაქარი) ფასნამატების კორექტირება (შემცირება), რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე შემცირებულია დღგ, თუმცა საშემოსავლო გადასახადი პირიქით გაზრდილია და შეადგენს 34 183 ლარს. მიუთითებს, რომ გადაანგარიშებით დათვლილი საავანსო გადასახდელი შეადგენს 9 002 ლარს და არა 13 898 ლარს. ამასთანავე, ----------- წარდგენილი აქვს 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია 2022 წლის 31 მარტს, სადაც დარიცხვა შეადგენს მხოლოდ 3 ლარს. შესაბამისად, რადგან სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია ხსენებული თარიღის შემდგომ, მიაჩნია რომ საგადასახადო მოთხოვნაში თანხები ასახულია არასწორად, სავარაუდოდ ადგილი აქვს ტექნიკურ ხარვეზს და ითხოვს აღნიშნულის დაკორექტირებას.

საქმის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელის მიერ მოწოდე ბული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხები სწორადაა ასახული და შესაძლებელია, ადგილი აქვს საგადასახადო მოთხოვნაში ტექნიკურ უზუსტობას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----------ის (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.