გადაწყვეტილება №22846/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22846/2/2024
11 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 11.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22846/2/2024).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის შეფარდებული გაფრთხილების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.02.2024 წლის №CB1588477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6595 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
გაფრთხილება.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.02.2024 წლის №CB1588477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების მიხედვით, 2024 წლის 15 თებერვალს 10:41 საათზე ----------ში მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ----------, რომლითაც ---------- (პ/ნ ----------) ახდენდა შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (650 ლარის ღირებულების საქონლის: წყლის ტუმბო) მიწოდებას ელ. სასაქონლო ზედნადებით N---------- შპს „----------“ (ს/ნ ----------).
გადამხდელთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ მიწოდების მისამართში ნაცვლად სენაკისა მითითებული იყო კახეთის გზატკეცილი. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევისთვის შპს „----------”-ის მიმართ შედგა NCB1588477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილება.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.03.2024 წლის №6595 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის
გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136 მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 ნაწილებზე და 291-ე მუხლზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
15.01.2024 წელს სენაკის ტერიტორიაზე მოხდა სადისტრიბუციო მანქანის შემოწმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოხდა საქონლის დათვლა და გადაამოწმეს გამოწერილი ქვეზედნადებები. დათვლის შედეგად საქონლის რაოდენობა ზუსტი აღმოჩნდა. რადგანაც მძღოლი ---------- არის ეროვნებით ---------- და არ იცის ქართულად წერა-კითხვა, მართალია ხელი მოაწერა სამართალდარღვევის აქტს, მაგრამ შინაარსი ვერ წაიკითხა. ოფიცრებმა უთხრეს რომ ხელი მოეწერა ოქმზე სადაც ეწერა, რომ დათვლის შედეგად საქონლის რაოდენობა ზუსტი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდარღვევის აქტი არ ითვალისწინებს ფულად ჯარიმას, მიაჩნია, არასამართლიანად შედგენილი და ითხოვს მის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამკტიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
ამავე ინსტრუქციის 251 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი).
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქმზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი №---------- სასაქონლო ზედნადებში საქონლის მიწოდების ადგილი იყო შეცდომით მითითებული, კერძოდ, ნაცვლად ---------- მითითებული იყო ---------- გზატკეცილი.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში საქონლის მიწოდების ადგილი შეცდომით იყო მითითებული, სახეზეა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და მიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის შეფარდებული გაფრთხილების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი სასაქონლო ზედნადებში საქონლის მიწოდების ადგილი იყო შეცდომით მითითებული.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში საქონლის მიწოდების ადგილი შეცდომით იყო მითითებული, სახეზეა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და მიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტრო დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 270(7).