გადაწყვეტილება №79340/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 79340/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№79340/1/2023

6.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 7.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №79340/1/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.06.2021

წლის №11173/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის №094-7 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 102 967,44 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 33 657

დღგ - (- 48 948)

საშემოსავლო გადასახადი - 82 605

ჯარიმა - 33 660

საურავი - 35 650,44

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 30.12.2019 წლის აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 31.12.2016 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2016 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმო ახდენს ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენას ნაღდი ანგარიშსწორებით (ჯამურად შეძენილია 24 219 629 ლარის ჯართი), ჯართის შეძენა ასახულია ბუღალტრულად. გადასახადის გადამხდელი ახდენს შეძენილი საქონლის რეალიზაციას დოკუმენტურად. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს ხარჯები (დოკუმენტურად დაუდასტურებელი შეძენის ნაწილში) განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: ბუღალტრულად აღრიცხული შეძენილი საქონელის რაოდენობა გამრავლდა თვის ჭრილში დადგენილ, ამავე დასახელების საქონლის საშუალო ფასზე (შპს -------- შეძენის სასაქონლო ზედნადებებზე დაყრდნობით). აღნიშნული წესით გაანგარიშებული 2016 წლის განმავლობაში შეძენილი საქონლის ღირებულება 330 432 ლარით ნაკლებია დეკლარირებულ მონაცემებზე გამოვლენილი სხვაობით 330 432 ლარით შემცირდა საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები და შემცირდა დეკლარირებული ზარალი.

აღნიშნულ ნაწილში, გადახდილი თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად (413 040 ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

2016 წლის განმავლობაში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი განაცემები საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებული იქნა ხელფასის ხარჯებში, შედეგად გაიზარდა დეკლარირებული ზარალი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2019 წლის №094-305 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.08.2020 წლის №24965 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს კომპანიის თანამშრომლებზე გაცემული ხელფასის კაპიტალიზებად ხარჯად განხილვის საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). გადახდის წყაროსთან დასაბეგრი განაცემების შესახებ ინფორმაციის არასწორად (არასრულად) წარდგენის გამო თვეების მიხედვით გამოვლენილი სამართალდარღვევები განხილული იქნა ერთ სამართალდარღვევად და საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმების ნაცვლად, მომჩივანს განესაზღვრა გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.08.2020 წლის №24965 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 17.06.2021 წლის №11173/2/2020 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.08.2020 წლის №24965 ბრძანება. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის შემცირების და თანხის დირექტორის სარგებლად ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯისა და დირექტორის სარგებლად განხილული თანხის დაზუსტების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობს შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 17.06.2021 წლის №11173/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარდა ელექტრონულად 18.08.2021 წელს. ამასთან, 1.09.2021 წელს გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება, რითიც ითხოვდა დამატებით ვადას საბჭოს 17.06.2021 წლის №11173/2/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოსადგენად.

საგადასახადო შემოწმებისა და დავების განხილვის პროცესში წარმოდგენილი და ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით/წინა გადაანგარიშებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა და მიმდინარე გადაანგარიშებით ზემოაღნიშნული შუალედური აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 8.02.2023 წლის №094-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მაშინვე წარუდგინა ელექტრონულ მეილზე ---------- მეილიდან -----------, რომლის მიღებაც დადასტურებულიც აქვს-----------. 2021 წლის მერე არავის რეაგირებაც კი არ მოუხდენია აღნიშნული საკითხის შესწავლაზე და 2022 წლის მარტში დაუკავშირდა აუდიტი -----------, რომელმაც განუმარტა, რომ არსად არ ფიქსირდება ექსპერტიზის დასკვნების გაგზავნა და უთხრა თავიდან გაეგზავნათ. სავარაუდოდ დაკარგეს წარდგენილი დასკვნები, თუმცა შენახული აქვს ----------- მიმოწერა, რომლითაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნების წარდგენა.

18.03.2022 წელს კვლავ განმეორებით გაუგზავნეს ექსპერტიზის დასკვნები მეილიდან ----------- აუდიტს, ---------- მეილზე ------------- რომელსაც საქმე თითქმის 1 წელი ჰქონდა წარმოებაში გაურკვეველი მიზეზით. 1.02.2023 წლის დასკვნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ არც კი იქნა შესწავლილი და გამოკვლეული წარდგენილი დასკვნები და უსაფუძვლოდ მხოლოდ ფორმალურად თითქოსდა გადასინჯვის შემდგომ 7.02.2023 წელს მიღებულ იქნა №2055 ბრძანება, რომლის საფუძველზეც 30.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

2 წელი აუდიტის დეპარტამენტმა თაროზე შემოდო საქმე და დაკარგეს ექსპერტიზის დასკვნები და 1 წლის შემდგომ თავიდან გაგვაგზავნინეს და კიდე 1 წლით შემოდეს თაროზე და არც კი შეისწავლეს, ფორმალურად თითქოს გადასინჯეს საკითხი და უსაფუძვლოდ, კანონთან შეუსაბამოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ იქნა გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნები და 30.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა და უკანონოდ მიღებულ იქნა 8.02.2023 წლის №094-7 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ ბუღალტრულად ასახულია 2016 წლის საანგარიშო პერიოდში ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენა. საქონლის ნაწილის შეძენა არ დასტურდება დოკუმენტურად.

საბჭოს 17.06.2021 წლის №11173/2/2020 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯისა და დირექტორის სარგებლად განხილული თანხის დაზუსტების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობს შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარდა ელექტრონულად 18.08.2021 წელს. საგადასახადო შემოწმებისა და დავების განხილვის პროცესში წარმოდგენილი და ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შუალედური აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მითითებულ მეილებზე გამოგზავნილია ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა არსებობდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროსაც. ამასთან, აღნიშნული დასკვნით არ არის განსაზღვრული საბაზრო ფასი.

საბჭო ყურადღებას საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ საბჭოს 17.06.2021 წლის №11173/2/2020 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საექსპერტო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის შესწავლა დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი არ იქნა საექსპერტო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნა შედგენილია საბჭოს 17.06.2021 წლის №11173/2/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებოს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.06.2021 წლის №11173/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2016 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმო ახდენს ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენას ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმებით,საწარმოს ხარჯები (დოკუმენტურად დაუდასტურებელი შეძენის ნაწილში) განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით.

გამოვლენილი სხვაობით,შემცირდა საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები და შემცირდა დეკლარირებული ზარალი. აღნიშნულ ნაწილში, გადახდილი თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმებისა და დავების განხილვის პროცესში წარმოდგენილი და ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შუალედური აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

105(2);73(5);