გადაწყვეტილება №25473/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25473/2/2025
07 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 16.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25473/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 1.05.2025 წლის №8339 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №006-208 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15747 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 34 915.49 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 33 897.70
საურავი - 1 017.79
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ცხოველთა მოვლის (გრუმინგ) მომსახურებას. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 14.09.2022 წელს. დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. რეგისტრაციის ადგილია ---, ----, საქმიანობის ადგილი - ---, ---. №58. 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2025 წლის №1044 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 28.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
ზემოთ ხსენებული საქმიანობის გარდა გადასახადის გადამხდელი ახდენს ცხოველთა საკვების შეძენასა და რეალიზაციას. მეწარმეს 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატზე უფიქსირდება 17 591 ლარის, ხოლო პოს-ტერმინალზე 353 045 ლარის შემოსავალი. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ოპერაციებმა 12.12.2023 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. აღნიშნული თარიღიდან განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ამ პერიოდის შემდგომ განხორციელებული ბრუნვები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. 2022 წლიდან მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სარეალიზაციო პროდუქციის შეძენაზე, მცირე ღირებულების ძირითად საშუალებებსა და ელ. ენერგიის ღირებულებაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე ჩათვლა არ განხორციელებულა. მეწარმეს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის №6103 ბრძანება და 1.04.2025 წლის №006-55 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.05.2025 წლის №8339 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის №006-55 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.05.2025 წლის №8339 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირდა სულ 12 854 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 384 ლარით და ჯარიმა 11 470 ლარით, ასევე შესაბამისი საურავი.
აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ :
- შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები). ჩასათვლელი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მომწოდებლებისათვის გადახდილი დღგ-ის ის ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. გადაანგარიშების ეტაპზე მიღებული/ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა აღემატება საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ მონაცემებს, შესაბამისად, გაიზარდა ჩასათვლელი თანხა და შემცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები.
- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციები. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 30.06.2025 წლის №14195 ბრძანება და 1.07.2025 წლის №006-208 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.07.2025 წლის №15747 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი გასაჩივრებულ დოკუმენტში მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15747 ბრძანებას (რაც ახლავს საჩივარს), ხოლო არგუმენტებში მითითებულია შემდეგი ტექსტი: „აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა სრულყოფილად აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მომჩივნის არგუმენტები. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სრულყოფილად აღსრულება“.
ვინაიდან, საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, საჩივარში არ იყო მითითებული საკონტაქტო მისამართი სრულად (მითითებულია მხოლოდ თბილისი), საჩივრიდან არ ირკვეოდა მოთხოვნის არსი (არ იყო წარმოდგენილი არგუმენტები (შემოსავლების სამსახურის ბრძანების არასრულად/არასწორად აღსრულებაზე)), არ ერთვოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებები (აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული სადავო აქტები), მომჩივანს 17.07.2025 წლის №03/53025 წერილით დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა მისი გამოსწორების ვადა - წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე.
ასევე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. გადასახადის გადამხდელი 17.07.2025 წლის №03/53025 წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 29.07.2025 წელს.
საჩივრის განხილვისას ხარვეზი გამოსწორებული არ არის. საჩივარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირებისას მომჩივნის წარმომადგენელმა, განმარტა რომ სადავო თანხის გადახდაზე შედგენილია გრაფიკი, რაც მისთვის მისაღებია და ხარვეზის გამოსწორების საფუძველი აღარ არსებობს (საჩივრის მიმართ ინტერესი აღარ აქვს). საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში. აღნიშნული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხარვეზი გამოსწორებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განუხილველად დატოვების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 1.05.2025 წლის №8339 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №8339 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირდა სულ 12 854 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 384 ლარით და ჯარიმა 11 470 ლარით, ასევე შესაბამისი საურავი.
აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ :
შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები). ჩასათვლელი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მომწოდებლებისათვის გადახდილი დღგ-ის ის ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. გადაანგარიშების ეტაპზე მიღებული/ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა აღემატება საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ მონაცემებს, შესაბამისად, გაიზარდა ჩასათვლელი თანხა და შემცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციები. დასკვნის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №15747 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განუხილველად დატოვების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ვ).