ბრძანება N 31309
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31309
13 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 24 ნოემბრის და 5 დეკემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი№128) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №85349/1/2023 და №205907/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 2023 წლის 3 აგვისტოს №20010/1572862 საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებული მონაცემის (სეს ესნ) მართლზომიერების საკითხს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორის განმარტებით, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წარდგენილ ერთ-ერთი საქონლის (---------- (ექსპორტიორი ----------; მწარმოებელი ----------)) სეს ესნ კოდად ინვოისში მითითებულია 90189084. საბაჟო დეპარტამენტმა მოცემულ საქონელზე დანიშნა ექსპერტიზა, რის შედეგადაც საქონლის კოდად განისაზღვრა 90275000000. შედეგად მოცემული საქონელი დაიბეგრა იმპორტის გადასახდელით და კომპანია დაჯარიმდა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ჩატარებულ იქნა ალტერნატიული ექსპერტიზა (შპს „----------“), რომლის თანახმადაც წინამდებარე სასაქონლო კოდზე განისაზღვრა სასაქონლო კოდი 90189084. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოცემულ კოდზე ვერ ჩატარდა ექსპერტიზა. მომჩივნის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია რომ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული სამსახური არ გასცემს იმგვარ აკრედიტაციას, რომელიც ამ აკრედიტაციის მქონე პირს მისცემს უფლებას, რომ განახორციელოს ნებისმიერი საქონლისთვის საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ) გათვალისწინებული სასაქონლო კოდის მინიჭება.
მომჩივანი მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილის მიხედვით, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი - სასაქონლო ნომეკლატურული კოდის დადგენის მიზნით ჩასატარებელი ექსპერტიზის მიმართულებით, არ არის აკრედიტირებული, სსიპ აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
საჩივრის ავტორის განმარტებით, საქონელი წარმოადგენს ევროკავშირში, კერძოდ, ---------- წარმოებულ საქონელს, რომელზეც გაცემულია ---------- საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაცია და ექსპორტიორის ინვოისი, სადაც საქონლის სეს ესნ კოდად მითითებულია 90189084. მოცემულ საქონელზე ---------- და საქართველოს საბაჟოებს გააჩნიათ შეუქცევადი წინაღობა. შესაბამისად, თუ საქართველოს საბაჟოს მიაჩნია, რომ მოცემული საქონლის კოდი არ არის 90189084 და არის 902750, მომჩივნის მოსაზრებით, საბაჟო დეპარტამენტმა უნდა იმოქმედოს საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ქვეკომიტეტის გადაწყვეტილების №1/2018 შესაბამისად და დაიწყოს სათანადო სამართლებრივი პროცედურები ექსპორტის განმახორციელებელ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოსთან.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო ოქმი და საბაჟო დეკლარაციაში ---------- სეს ესნ კოდად განისაზღვროს 90189084.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს საფოტო გადამზიდავის – შპს „----------“ მიერ შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი, №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი (---------- – 2 ერთეული; ---------- – 2 ერთეული) №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დადეკლარირდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნულ დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ის მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---------- საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს (----------) არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სეს ესნ კოდი – 9018 90 840 00, რის გამოც დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“ და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 4 აგვისტოს №---------- დასკვნის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში, კერძოდ: ---------- განესაზღვრა სეს ესნ კოდი 9027 50 000 00, ხოლო ---------- – სეს ესნ კოდი 8443 32 100 00.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „9018“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო „8443“ და „9027“ სასაქონლო პოზიციებში შემავალი საქონლის იმპორტი იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. აღნიშნულმა კი გამოიწვია №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1245.88 ლარით (დღგ).
ვინაიდან შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1245.88 ლარით შემცირებას, ამასთან ერთად, შპს „----------“ საბაჟო დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის შემცირებისთვის დაჯარიმებულია 2023 წლის 20 თებერვალს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL200758), საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2491.76 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილია. რომ საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების, სეს ესნ-ის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებით, სეს ესნ-ის 9018–9022 კოდებით (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის, სეს ესნ-ის 8713 და 8714 20 000 00 კოდებით გათვალისწინებული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული) იმპორტი.
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) 90 ჯგუფში გაერთიანებულია ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები. 84 ჯგუფში კი - ბირთვული რეაქტორები, ორთქლის ქვებები (ბიოლერები), დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები; მათი ნაწილები.
9018 პოზიციაში ჩართულია ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები:
9018 90 ქვეპოციაში – ინსტრუმენტები და მოწყობილობები დანარჩენი: 9018 90 840 00 სეს ესნ კოდში მითითებულია – – დანარჩენი.
9027 პოზიციაში ჩართულია ხელსაწყოები და აპარატურა ფიზიკური ან ქიმიური ანალიზისათვის (მაგალითად, პოლარიმეტრები, რეფრაქტომეტრები, სპექტრომეტრები, აირ- ან კვამლანალიზატორები); სიბლანტის, ფორიანობის, გაფართოების, ზედაპირული დაჭიმულობის საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები ან ანალოგიური; სითბოს, ხმისა ან სინათლის რაოდენობის საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ექსპონომეტრების ჩათვლით); მიკროტომები:
9027 50 000 00 სეს ესნ კოდში მითითებულია – – ხელსაწყოები და აპარატურა, დაფუძნებული ოპტიკური გამოსხივების (ულტრაიისფერის, სპექტრის ხილული ნაწილის, ინფრაწითელის) მოქმედებაზე, დანარჩენი.
8443 პოზიციაში ჩართულია მანქანები საბეჭდი, გამოსაყენებელი 8442 სასაქონლო პოზიციის ფირფიტების, ცილინდრებისა და სხვა საბეჭდი ფორმების მეშვეობით ბეჭდვისათვის; სხვა პრინტერები, კოპირების და ფაქსიმილური აპარატები, გაერთიანებული ან არა; მათი ნაწილები და საკუთნოები:
8443 32 ქვეპოციაში – – დანარჩენი, გამომთვლელ მანქანასთან ან ქსელთან მიერთების საშუალებით:
8443 32 100 00 სეს ესნ კოდში მითითებულია – – – პრინტერები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის - „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ თანახმად, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის განმარტებებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 4 აგვისტოს №---------- დასკვნის მიხედვით, ---------- განესაზღვრა სეს ესნ კოდი 9027 50 000 00, ხოლო ---------- – სეს ესნ კოდი 8443 32 100 00.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1245.88 ლარით შემცირებაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო ვინაიდან, ქმედება ჩადენილია განმეორებით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) აკრედიტებულია მხოლოდ სამშენებლო და ტექნიკურ სფეროში, ხოლო დასკვნის შემდგენი ექსპერტი ---------- (პ/ნ ----------) უფლებამოსილია განსაზღვროს უძრავი-მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება. №---------- დასკვნაში საქონლის კლასიფიციკაციისათვის არ არის გამოყენებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლით განსაზღვრული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. შესაბამისად, წარმოდგენილი დასკვნა ვერ იქნება გაზიარებული 2023 წლის 3 აგვისტოს №---------- საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებული მონაცემის (სეს ესნ) კორექტირების საფუძვლად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი, დაკისრებული პასუხისმგებლობა და 2023 წლის 3 აგვისტოს №---------- საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებული მონაცემი (სეს ესნ) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს სადავო ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1245.88 ლარით შემცირებაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო ვინაიდან, ქმედება ჩადენილია განმეორებით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემფასებელი აკრედიტებულია მხოლოდ სამშენებლო და ტექნიკურ სფეროში, ხოლო დასკვნის შემდგენი ექსპერტი უფლებამოსილია განსაზღვროს უძრავი-მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება. დასკვნაში საქონლის კლასიფიციკაციისათვის არ არის გამოყენებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლით განსაზღვრული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. შესაბამისად, წარმოდგენილი დასკვნა ვერ იქნება გაზიარებული 2023 წლის 3 აგვისტოს საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებული მონაცემის (სეს ესნ) კორექტირების საფუძვლად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებული მონაცემი (სეს ესნ) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(2).