გადაწყვეტილება №25553/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25553/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25553/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 30.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25553/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23958 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №006-27 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15750 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 523 684,57 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 234 911

დღგ - 156 917

საშემოსავლო გადასახადი - 77 994

ჯარიმა - 136 106

საურავი - 152 667,57

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-642 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20651 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დღგ-ის ნაწილში ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების და საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20651 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემმოწმებლის მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილი იქნა საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დაბეგვრის საკითხი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/ინფორმაცია კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, ანგარიშვალდებული პირის მიერ საბანკო ანგარიშებიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების მოძრაობის დამადასტურებელი ინფორმაცია, მათ შორის, გატანილი თანხების ნაწილის გადახდის/გახარჯვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (კრედიტორული დავალიანების დაფარვა, საწესდებო კაპიტალის შემცირება, სხვა მცირე ფასიანი ხარჯების ანაზღაურება). შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემმოწმებლის მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილი იქნა დღგ-ში დარიცხვის საკითხი. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა დოკუმენტაცია/ინფორმაცია კომპანიის მიერ ბინების რეალიზაციის ნაწილში დაბეგრილი/დასაბეგრი ოპერაციების შესახებ (ფიზიკურმა პირმა შესამოწმებელი პერიოდის წინა საანგარიშო პერიოდში შეიძინა უძრავი ქონება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში გააფორმა კომპანიასთან შეთანხმება, სადაც იცვლება მისაწოდებელი ქონება (გაზრდილია ფართის მოცულობა და შესაბამისად ღირებულებაც), ამავე შეთანხმებით, ფიზიკურ პირს გადასახდელად დარჩენილი აქვს 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რომელიც შემოწმებით ქონების საკუთრების გადაცემის მომენტში დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მტკიცებულებებით (წინა საანგარიშო პერიოდებში საბანკო ოპერაციებით) დგინდება, რომ ფიზიკურ პირს ზემოაღნიშნული თანხის ნაწილი გადახდილი აქვს წინა საანგარიშო პერიოდებში).

დამატებით გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2024 წლის დასკვნის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.04.2024 წლის №006-137 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2024 წლის №11914 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 1.08.2024 წლის №23245/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.05.2024 წლის №11914 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 1.08.2024 წლის №23245/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 12.11.2024 წლის №23958 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20651 ბრძანების აღსრულების და საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია მესამე მხარეებისგან;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №93958 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, ასევე დამატებით შესწავლილ იქნა წინა საანგარიშო შემოწმების მასალები, რის საფუძველზეც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2018 წელს რეალიზებული ბინები დაუბრუნდა ისევ კომპანიას. შედეგად დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი. ასევე, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, გაანგარიშებები. 2021 წლის ნოემბრის და 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდებზე ფიქსირდება ფიზიკური პირის მიერ ჩარიცხული თანხები ავანსის სახით, თუმცა აღნიშნული ფიზიკური პირები თანხას რიცხავდნენ სხვა ფიზიკური პირის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებულ იქნა აქტით დარიცხული თანხები. აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №006-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15750 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 12 ნოემბრის №23958 ბრძანებით, საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის და ასევე, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების ნაწილში მიეცა არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა. ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, ბრძანების აღსრულების შედეგად, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება დღგ-ის ნაწილში სულ 54 967 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 49 174 ლარით და ჯარიმა - 5 793 ლარით.

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კი - სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

გადასახადის გადამხდელმა 2025 წლის 29 მაისს წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, რომელსაც დაურთო დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ: დოკუმენტაცია ნაღდი ანგარიშსწორების შესახებ, სასაქონლო ზედნადებები, სალაროს გასავლის ორდერები საწესდებო კაპიტალის თანხის გატანის შინაარსით, საბანკო ანგარიშზე თანხების შემოტანის და გატანის დოკუმენტები, თანხების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და ა.შ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სადავო საკითხები არაერთგზის განხილულია გადასახადის გადამხდელთან ერთად.

ამასთან, ნაღდი ფულის გაანგარიშების ცხრილი შედგენილია გადასახადის გადამხდელის მიერ, რაც სრულად იქნა გაზიარებული შემოწმების მიერ, გამონაკლისია მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების საკითხი. არც საგადასახადო შემოწმების და ასევე, არც საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი საწესდებო კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ხოლო დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის საწესდებო კაპიტალის ნაშთის არსებობას.

კერძოდ: - წარმოდგენილია კომპანიის დირექტორის მიერ 2020 წელს კომპანიიდან გატანილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც საწესდებო კაპიტალის არსებობას ვერ ადასტურებს; - წარმოდგენილია 2021 წლის სასაქონლო ზედნადები კომპანიის მიერ სამშენებლო დგარის რეალიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნული დოკუმენტით რაიმეს იდენტიფიცირება სადავო საკითხთან მიმართებით შეუძლებელია.

- წარმოდგენილია 2019 წლის და 2020 წლის სალაროს გასავლის ორდერი, კომპანიის დამფუძნებლის მიერ გატანილია თანხა საწესდებო კაპიტალის შინაარსით, აღნიშნული დოკუმენტი ვერ დაადასტურებს საწესდებო კაპიტალის არსებობას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, პირიქით, დოკუმენტი ასახავს კომპანიიდან თანხის გატანის ოპერაციას;

- წარმოდგენილია საბანკო ანგარიშის ამონაწერი 01.01.2015 წლიდან - 20.11.2015 წლამდე პერიოდზე, სადაც დაფიქსირებულია კომპანიის დამფუძნებლის მიერ თანხის შემოტანა საბანკო ანგარიშზე კაპიტალის გაზრდის შინაარსით. შეუძლებელი აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თანხების შემოტანა კაპიტალის შევსების გზით განხილულ იქნას 2019 წლის საწყისი ნაშთის არსებობის მტკიცებულებად;

- წარმოდგენილია შესამოწმებელი პერიოდის ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციები, საბანკო ანგარიშების გასავლის ორდერები, სალარო აპარატის „ჩეკები“. ვინაიდან სადავო საკითხს წარმოადგენს შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთან „არსებული“ საწესდებო კაპიტალის ნაშთი, აღნიშნული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს საწყისი ნაშთი განსაზღვრის მტკიცებულებას.

- წარმოდგენილია საქონლის შეძენის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ანგარიშებიდან გასავლის ორდერები. აღნიშნული დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით არ წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას;

- წარმოდგენილია გარკვეული ინფორმაცია ცხრილის ფორმატში, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს საბუღალტრო პროგრამის 1110-ის რეპორტს, სადაც ასახულია გარკვეული თანხების მოძრაობა. შეუძლებელია შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნას აღნიშნულ ცხრილში ასახული ოპერაციები. ამასთან, გადამხდელის მიერ არც შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე არაა წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა, შესაბამისად, არც შესამოწმებელი პერიოდის ოპერაციები და საწყისი ნაშთები არაა წარმოდგენილი.

- წარმოდგენილია 2018 წლის დეკემბრის სალაროს გასავლის ორდერი, სადაც დაფიქსირებულია, რომ კომპანიის დამფუძნებლის მიერ გატანილია თანხა საწესდებო კაპიტალის შემცირების დანიშნულებით, შესაბამისად, შემოწმებისთვის საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთი არსებობის განსაზღვრის მიზნით (1.01.2019 წლისთვის) წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ იქნება სათანადო მტკიცებულება.

რაც შეეხება საჩივარში მითითებულ ბარტერული ოპერაციის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მართლზომიერების საკითხს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20651 ბრძანებით საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი ეხებოდა დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, კონკრეტულად დღგ-ს 2019-2020-2021 წლების დეკემბრის თვეებში. აღნიშნულ პერიოდში დღგ-ით იბეგრებოდა, როგორც რეალიზებული ბინები ასევე ბარტერი. აღნიშნულ თვეებში აუდიტს გაშიფვრით უნდა მიეცა როგორც ბინების, ასევე ბარტერის დაბეგვრის ბაზები, რომელიც მოწოდებული იყო ნაწილობრივ, რამაც საბოლოოდ შედეგი ვერ მისცა გასულიყო დასაბეგრ თანხამდე. დღგ-ის სხვაობები შეადგენს 12.2019 წ. – 5 387,73 ლარს, 12.2020 წ. – 4 960,87 ლარს, 12.2021 წ. – 764ლარს. ითხოვდა კიდევ ერთხელ შედარებას, რაც საბოლოო შედეგამდე გაიყვანდა. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადით სალაროს ნაშთის დაბეგვრას, მიწოდებულ იქნა სალაროს ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში, მოწოდებულ იქნა სალაროს ნაღდი ანგარიშსწორების დოკუმენტები, ქვითრები დაკრული შესაბამისი ხარჯის დოკუმენტებთან (სასაქონლო ზედნადებებთან), ნაღდი ანგარიშსწორების დასამტკიცებლად გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურასთან ერთად. მიწოდებულ იქნა ბანკის ამონაწერი საწესდებო კაპიტალის შეტანის დასამტკიცებლად. მიწოდებულ იქნა სალაროს გასავლის ორდერები გატანილ საწესდებო კაპიტალზე და კრების ოქმიც მის გასატანად, თუმცა ბრძანებაში მიუთითეს, რომ „შეუძლებელია აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თანხის შემოტანა კაპიტალის შევსების გზით განხილულ იქნას 2019 წლის საწყისი ნაშთის არსებობის მტკიცებულებად“ - რატომ? რა არის კიდევ დამატებით წარმოსადგენი რომ მტკიცებულება დამაჯერებელი იყოს? კომპანიამ შემოწმება გაიარა 2015 წლიდან 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე, თითქმის არსებობის მთელი პერიოდი 5 შემოწმებულია აუდიტის მიერ. შესაძლებელია გადამოწმდეს წინა შემოწმების დოკუმენტებით, საწესდებო კაპიტალის არსებობა ყველაზე ძლიერი არგუმენტი იქნება ალბათ „დამაჯერებლობისთვის“ თუ წარდგენილ დოკუმენტაციას არ განიხილავს მტკიცებულებად! ბრძანება მითითებულია, რომ შეუძლებელია გადამოწმებულ იქნას წარმოდგენილი დოკუმენტებით ოპერაციები, რატომ არის წარდგენილი სალაროს ბრუნვის გადამოწმება შეუძლებელი. იქ ხომ ასახულია ბანკიდან გამოსული ყველა თანხა და წარმოდგენილი დოკუმენტებით ყველა ნაღდი სახით გასავალი. მარტივია, გადაეცეს აუდიტის მიერ გამოყვანილი სალაროს ბრუნვა, შეადარებს მონაცემებს და იპოვის განსხვავებას! სალაროს ნაშთი შეადგენს 216 309,11 ლარს, რომელზეც დარიცხული გადასახადი შეადგენს 25%-ს - 54 077,28 ლარს, რომელსაც ემატება ხელფასზე გადაუხდელი 11 687 ლარი და საბოლოოდ 65 764,28 ლარი, რაც განსხვავდება აუდიტის მიერ დარიცხული 77 992 ლარისგან 12 228 ლარით.

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ჭეშმარიტებისა შემოსავლების სამსახური 11.07.2025 წლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უნდა გადაიხედოს აღნიშნული მონაცემები და დარიცხულ გადასახადებში შეტანილ იქნას შესაბამისი კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23958 ბრძანებით, ამავე სამსახურის 22.08.2023 წლის №20651 ბრძანების აღსრულების და საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია მესამე მხარეებისგან.

განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, ასევე დამატებით შესწავლილ იქნა წინა საანგარიშო შემოწმების მასალები, რის საფუძველზეც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2018 წელს რეალიზებული ბინები დაუბრუნდა ისევ კომპანიას. შედეგად დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი. ასევე, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, გაანგარიშებები. 2021 წლის ნოემბრის და 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდებზე ფიქსირდება ფიზიკური პირის მიერ ჩარიცხული თანხები ავანსის სახით, თუმცა აღნიშნული ფიზიკური პირები თანხას რიცხავდნენ სხვა ფიზიკური პირის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებულ იქნა აქტით დარიცხული თანხები.

მომჩივნის განმარტებით, ბინების რეალიზაციის ოპერაციების დაბეგვრის, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით განხორციელბული დარიცხვის და ფულის ნაშთის დაბეგვრის საკითხებიდან ვერ არკვევს თითოეულის მიხედვით მონაცემებს, მისთვის გაუგებარი რჩება და ითხოვს ცალ ცალკე მონაცემების გადაცემას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალის შემცირება. კაპიტალის შემცირებაზე შედგენილია პარტნიორთა კრების ოქმები, თუმცა ხელმოწერები ნოტარიულად დამოწმებული არ არის. ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხევდელობის სამსახურში ფინანსური ანგარიშგებები წარდგენილი არ არის.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო საკითხები უკავშირდებოდა ბინების რეალიზაციის ოპერაციების დაბეგვრას, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით განხორციელბულ დარიცხვას და ფულის ნაშთის დაბეგვრის საკითხებს, საიდანაც შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბინების რეალიზაციის და ფულის ნაშთის დაბეგვრის საკითხებში.

მომჩივანს არაერთხელ გაეცნო ავანსებისა და რეალიზაციების დაბეგვრის მონაცემები თვეების მიხედვით, შესწავლა ხდებოდა ერთობლივად და ცნობილია, რომ დარიცხვას იწვევს გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვები, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ დაკმაყოფილებული არ ყოფილა. ფულის ნაშთის საკითხთან დაკავშირებით გათვალისწინებულია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, გარდა საწესდებო კაპიტალის შემცირების ნაწილისა.

მომჩივანს შემოწმების და დავების ეტაპზე არ წარმოუდგენია ბუღალტრული პროგრამა, ხოლო წარმოდგენილი ცალკეული ანგარიშების ამონაწერებით შეუძლებელია მომჩივნის მიერ მითითებული მონაცემების გადამოწმება. წინა პერიოდის საგადასახადო შემოწმების დროსაც არ ყოფილა წარდგენილი სრული საბუღალტრო აღრიცხვა, ასევე შემოწმებულ პერიოდებს შორის არის რამდენიმე თვიანი შუალედი, რომელიც არ მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ. შესაბამისად, ვერ გაკეთდება აღნიშნული პერიოდის სამეურნეო ოპერაციების ანალიზი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23958 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23958 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23958 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, ასევე დამატებით შესწავლილ იქნა წინა საანგარიშო შემოწმების მასალები, რის საფუძველზეც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2018 წელს რეალიზებული ბინები დაუბრუნდა ისევ კომპანიას. შედეგად დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი. ასევე, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, გაანგარიშებები. 2021 წლის ნოემბრის და 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდებზე ფიქსირდება ფიზიკური პირის მიერ ჩარიცხული თანხები ავანსის სახით, თუმცა აღნიშნული ფიზიკური პირები თანხას რიცხავდნენ სხვა ფიზიკური პირის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებულ იქნა აქტით დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23958 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2021 წლამდე მოქმედი 161 .

159 (1,ა); 163 (1,2); 160 (5); 164 (1); 73 (9,ბ); 101 (1); 154 (1,ა).