გადაწყვეტილება №18977/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18977/2/2023
6.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------- -----------ე (პ/ნ -----------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------- -----------ის 27.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18977/2/2023).
დავის საგანი:
საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე (ტელევიზორი) განსაზღვრული გადასახდელები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 5.01.2023 წლის №21-10-20/53 წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 2.02.2023 წლის №1717 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
არ ირკვევა.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა 22.12.2022 წლის №232997/21-11 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა საფოსტო გზავნილში მოთავსებული ტელევიზორის გადაცემა დაბეგვრის გარეშე. საბაჟო დეპარტამენტის 5.01.2023 წლის №21-10-20/53 წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.02.2023 წლის №1717 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №18352-21-02 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2.02.2023 წლის №1717 ბრძანება მომჩივანს ჩაბარდა პირადად 3.02.2023 წელს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 23.02.2023 წელი, საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით 27.02.2023 წელს (საფოსტო დაწესებულებაში წარდგენილია 24.02.2023 წელს). შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 2.02.2023 წლის №1717 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.