გადაწყვეტილება №19413/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19413/2/2023
8.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს--ს 13.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19413/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13889 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2022 წლის №28017 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 9.11.2022 წლის №081-210 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2843 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 234 760 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 114 856
ჯარიმა - 57 427
საურავი - 62 477
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზების და ავტობანების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლის პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ: კომპანიას არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზასა და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს უნდა ჰქონოდა ფულადი ნაშთი 2018 წლის ბოლოს 199 488 ლარი, 2019 წლის ბოლოს 165 547 ლარი, 2020 წლის ბოლოს 114 670 ლარი და 2021 წლის თებერვლის თვის ბოლოს 21 829 ლარი, რომელიც არ იყო განთავსებული კომპანიის საბანკო ანგარიშებზე. შემოწმების შედეგად აღნიშნული განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს დაეკისრა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №42235 ბრძანება და ამავე თარიღის №081-446 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 28.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13889 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13889 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 26.10.2022 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას, კერძოდ სულ შემცირდა 15 790 ლარი, გადასახადი 10 526 ლარი და ჯარიმა 5 264 ლარი.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2022 წლის №28017 ბრძანება და 9.11.2022 წლის №081-210 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 8.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2843 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 13.04.2023, 25.04.2023 და 28.04.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით განახორციელა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, შემოწმებისთვის ბეტონის დამამზადებელი ქარხნის შესყიდვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ხარჯის გაწევის ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არც საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების და არც დავის ეტაპზე არ არის წარდგენილი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
30.12.2021 წელს გამოიგზავნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამეურნეო საფინანსო საქმიანობის შემოწმების აქტი, რომელიც მოიცავდა 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე განვლილ პერიოდს. 2022 წელს გაეგზავნა პრეტენზია გაანგარიშებასა და რეალიზაციის სისწორეში დაშვებულ უზუსტობაზე მაგრამ გადამოწმებისას არ გამახვილდა ყურადღება რეალიზაციის სისწორისა და შესაბამისად გამომდინარე მოგების გაანგარიშების სისწორეზე. შემოსავლების სამსახურის 16.0.22023 წლის №2843 ბრძანებით უფლება ჰქონდა განმეორებით გადასამოწმებლად გაეგზავნა საბუთები, შესაბამისად განმეორებით წარადგინა მასალები და ინფორმაცია წლების მიხედვით.
შემოწმებას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ცალკეული წლების დეკემბრის ბოლო თარიღების მდგომარეობით გამოყვანილი აქვს სალაროს ნაშთი და მას პირდაპირ ხელფასად განიხილავს და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად მიიჩნევს, მაშინ როცა მომდევნო წლის დასაწყისში სწორედ ამ ნაშთად არსებული თანხებით ხდება საქმის წარმოება. შემმოწმებელი წლის ბოლოს სალაროს ნაშთების გარკვევით იყო დაკავებული მხოლოდ და მას სალაროში თანხების მოძრაობის ანალიზი საერთოდ არ აქვს გაკეთებული - სხვა შემთხვევაში წლის ბოლოს სალაროს ნაშთს ხელფასად არ/ვერ განიხილავდა. ამ შემთხვევაში სალაროს მოძრაობა უნდა გაკეთებულიყო მთელ შესამოწმებელ პერიოდზე და სალაროში გაყინული ფულის ნაშთის არსებობის შესაბამისად უნდა ემსჯელა (არაგონივრულობის შემთხვევაში მოკლევადიან სესხებად განხილვა). სადავო არ არის ის ფაქტი, რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სახელმწიფო ტენდერებში იღებდა მონაწილეობას და ასრულებდა სხვადასხვა დაკვეთებს. ისე არ ყოფილა, რომ ყოველი კალენდარული წლის ბოლოს მთავრდებოდა ტენდერი (საქმიანობა) და სალაროში არსებული ფულის ნაშთით არ ხდებოდა მომდევნო წლის დასაწყისიდან საქმიანობა. შემოწმების მიერ წლის ბოლოს და ასევე მომდევნო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის ანალიზი უნდა გაკეთებულიყო - თუ რის ხარჯზე ხდებოდა ახალი კალენდარული წლის დაწყება. თუ სალაროს ნაშთს ყოველი წლის ბოლოს განიხილავდა ხელფასად - მაშინ ისმის კითხვა მომდევნო წლის დასაწყისში რის ხარჯზე ხდებოდა საქმიანობის გაგრძელება. ტენდერები ხომ დროში იყო ჩასაბარებელი და საქონლის/მომსახურების შეძენაც შესაბამისად უნდა მოეხდინა გადამხდელს და როგორც აღინიშნა - ეს პროცედურები კალენდარული წლის დასასრულით არ იყო განსაზღვრული, შესაბამისად ამ ნაწილში შემმოწმებლის მოსაზრება არასწორია.
საგადასახადო შემოწმება ადმინისტრაციული წარმოებაა, რა დროსაც საქმისათვის არსებითად მნიშვნელობის მქონე გარემოებები უნდა გამოიკვლიოს/შეისწავლოს შემოწმებამ და საქმის მასალების მოქმედ კანონმდებლობასთან შეჯერებით უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა და ამ წესების დაუცველად გამოცემული აქტები არ შეიძლება კანონშესაბამისად ჩაითვალოს. შესაბამისად, ამ ნაწილში სადავო აქტების კანონშესაბამისობაში მოყვანა უნდა მოეხდინა შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13889 ბრძანების აღსრულების დროს აუდიტის დეპარტამენტს.
მოცემულ შემთხვევაში სალაროში არსებული ფულის ნაშთი შემმოწმებლის მიერ განხილულია ხელფასად, მაშინ როცა საუბარია ტენდერებზე/შეკვეთებზე და უამრავ შესრულებულ თუ შეუსრულებელ სამუშაოებზე, რა დროსაც არის შეთხვევები, როცა საქონლის/მომსახურების შესაძენად ავანსად ხდება თანხების ხელზე გადახდა, ხოლო დოკუმენტები მოგვიანებით გაიცემა, რაც არასწორად იქნა გაგებული შემმოწმებლის მიერ. საყურადღებოო ის რომ შესამოწმებელ პერიოდში სალაროს ნაშთი არის ცვალებადი (არ არის სალაროს გაყინული ნაშთი - თუ არ ჩავთვლით საქონლის შესაძენად გადახდილ თანხებს), შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში ყოველი კალენდარული წლის ბოლოს სალაროს ნაშთის არსებობა ცალსახად არ უნდა ნიშნავდეს რომ აღნიშნული განხილულ უნდა იქნეს ხელფასად - როგორ ეს მოცემულ შემთხვევაშია.
მნიშვნელოვანია ის რომ შემოწმების მიერ სალაროს ნაშთი არასწორად იქნა დადგენილი - იგი ბევრად უფრო მეტია ვიდრე ეს საქმის მასალებით დასტურდება. შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარუდგინა დეტალური/ჩაშლილი ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდში ცალკეული წლების მიხედვით მიღებული შემოსავლების და ხარჯების შესახებ რა დროსაც გადამხდელის მონაცემებით დადგინდა შემდეგი: 2018 წლის ბოლოს განკარგვადი/თავისუფალი თანხა შეადგენდა 163 369 ლარს (და არა 199 488 ლარს, როგორც ეს გასაჩივრებულ აქტებშია მითითებული); 2019 წლის ბოლოს განკარგვადი/თავისუფალი თანხა შეადგენდა 72 427 ლარს (და არა 165 547 ლარს, როგორც ეს გასაჩივრებულ აქტებშია მითითებული);
2020 წლის ბოლოს განკარგვადი/თავისუფალი თანხა შეადგენდა 94 580 ლარს (და არა 114 670 ლარს, როგორც ეს გასაჩივრებულ აქტებშია მითითებული); 2021 წლის თებერვლის ბოლოს შესრულებული სამუშაოდან დამკვეთის მიერ დაგვიანებით მოხდა თანხების გადმორიცხვა, რის გამოც გამოყენებულია 2020 წლის თავისუფალი თანხა და შესაბამისად 2021 წლის იანვარ-თებერვალში არ დარჩენილა თავისუფალი თანხები, პირიქით ნაკლებია შემოსავალი, ვიდრე გასავალი, 2021 წლის თებერვლის ბოლოს განკარგვადი/თავისუფალი თანხა შეადგენს 0 ლარს (და არა 21 829 ლარს როგორც ეს გასაჩივრებულ აქტებშია მითითებული).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც ხელფასად დაბეგვრის ობიექტი მთელ შესამოწმებელ პერიოდში შეადგენ სულ 352 205 (163369+72427+94580+21829) ლარს და არა შემოწმების მიერ დადგენილ 501 534 ლარს ე.ი. მოცემულ შემთხვევაში შემოწმების მიერ დამატებით/არასწორად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაზრდილია 149 329 ლარით.
მართალია შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების დროს გადაანგარიშების ეტაპზე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ობიექტი შემცირდა დაახლოებით 40 000 ლარით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტის კიდევ უფრო მეტად შემცირება არ უნდა მოხდეს. აღსრულების შედეგად გამოცემული გასაჩივრებული აქტებით ვერ დგინდება თუ რატომ არ მოხდა დანარჩენ ნაწილში გადამხდელის პოზიციების/მასალების გაზიარება და უფრო მეტად რატომ არ შემცირდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. ამ ნაწილში შემოწმების ინფორმაციის გადამოწმება/შესწავლა არ გაუკეთებია, არ გამოუთხოვია დამატებითი ინფორმაცია გადამხდელისაგან ან სხვა მესამე პირისაგან.
გასაჩივრებული აქტები ვერ აქარწყლებს გადამხდელის არგუმენტებს ამ ნაწილში და შესაბამისად თვლის რომ სადავო აქტები არ უნდა იქნეს გაზიარებული. შემოწმების პროცესში და ასევე გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისათვის გადამხდელის მიერ მიწოდებული იქნა ინფორმაცია. მასალები მასზედ, რომ საწარმოში არსებული თავისუფალი თანხები 318 744 ლარი ეტაპობრივად ავანსად გადახდილი იქნა --- კომპანიისათვის - ბეტონის ქარხნის შესაძენად. თანხების სრულად გადაუხდელობის გამო ბეტონის ქარხნის მოწოდება დღემდე ვერ მოხერხდა.
შემმოწმებელი თვლის რომ წარდგენილი მასალები არ არის საკმარისი მისი ხარჯად აღიარების თვალსაზრისით და მას სარწმუნოდ არ მიიჩნევს, რის გამოც არ მოხდა მისი გაზიარება. ამ ნაწილში შემოწმებას დამატებით მასალები არ გამოუთხოვია, მაშინ როცა შუამავალ კომპანიაზეც მიუთითებდა გადამხდელი და შესაძლებელი იყო ინფორმაციის გადამოწმება. ამ ეტაპზე დამატებით გამოთხოვილია მასალები ბეტონის ქარხნის მომწოდებელი --- კომპანიისგან და როგორც საუბრის დროს აღნიშნეს, ისინი მზად არიან საჩივრის განხილვის დროს გამოცხადდნენ და დაადასტურონ ხსენებული თანხების ავანსად მიღება.
შესაბამისად, მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი უნდა შემცირდეს ბეტონის ქარხნის შესაძენად --- კომპანიისთვის ავანსად გადახდილი 318 744 ლარით. ხსენებული საკითხები სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული/შესწავლილი შემოწმების მიერ სადავო აქტების მიღების დროს, შესაბამისად თვლის რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები არასწორია და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
განსახილველ შემთხვევაში გადამხდელზე სანქცია დაკისრებულია იმის გამო რომ ერთ შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდში ყოველი კალენდარული წლის ბოლოს სალაროში არსებული ფულის ნაშთი შემოწმების მიერ ხელფასად არასწორად იქნა განხილული, ხოლო მეორე შემთხვევაში საქონლის შესაძენად გადახდილი თანხები არ იქნა გათვალისწინებული სალაროს ნაშთის გაანგარიშების დროს - რაც ქმნის გარკვეულ გაუგებრობას შესამოწმებელ პერიოდში.
გასათვალისწინებელი ის რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი არც ერთხელ არ არის დაჯარიმებული ზედნადების გარეშე საქონლის შეძენა/შენახვა/ტრანსპორტირებაზე, შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება საქონლის დანაკლისის/აღურიცხავობის შემთხვევები, შესაბამისად თვლის რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დამალული შემოსავლების არსებობის ვარაუდის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის რომ ტენდერები/დამკვეთები შესრულებულია სრულად, დადგენილ ვადაში/წესით და ჩაბარებულია დამკვეთზე, შედგენილია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები და ამ ნაწილში დამკვეთს პრეტენზია არ გააჩნია. ხსენებული ტენდერები/დამკვეთები მთლიანობაში შესრულებულია უნაკლოდ და რაიმე არსებითი სახის დარღვევებს ადგილი არ აქვს.
საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კომპანია უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისაგან. გადამხდელს და სახელმწიფო ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებიდან, სზაკის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული დარღვევების არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება (სზაკ-ის 601 მუხლი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13889 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისთვის საბანკო-საგარანტიო უზრუნველყოფის ხელშეკრულებები. წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, პირის საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას;
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ---ის მუნიციპალიტეტთან დადებული შეთანხმების აქტი და ბანკის საგადახდო დავალებები. დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ მომჩივანს უფრო ნაკლები თანხები აქვს მიღებული, ვიდრე ეს შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვაობით შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა;
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია დამფუძნებელთა კრების ოქმი და ინვოისი ---დან ბეტონის დამამზადებელი ქარხნის შესყიდვაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელისგან დამატებით მოთხოვნილია დოკუმენტაცია/მტკიცებულება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ხარჯის გაწევის ნამდვილობის დადასტურება, თუმცა შესაბამისი მასალა გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი. გადაანგარიშებით, აღნიშნულ საკითხში პირის საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირება/შემცირებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადამხდელმა აღნიშნა, რომ თუ სალაროს ნაშთს ყოველი წლის ბოლოს განიხილავდა ხელფასად - მაშინ ისმის კითხვა მომდევნო წლის დასაწყისში რის ხარჯზე ხდებოდა საქმიანობის გაგრძელება. ტენდერები ხომ დროში იყო ჩასაბარებელი და საქონლის/მომსახურების შეძენაც შესაბამისად უნდა მოეხდინა გადამხდელს და ეს პროცედურები კალენდარული წლის დასასრულით არ იყო განსაზღვრული, შესაბამისად ამ ნაწილში შემმოწმებლის მოსაზრება არასწორია.
შემოწმების პროცესში და ასევე გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისათვის გადამხდელის მიერ მიწოდებული იქნა ინფორმაცია. მასალები მასზედ, რომ საწარმოში არსებული თავისუფალი თანხები 318 744 ლარი ეტაპობრივად ავანსად გადახდილია --- კომპანიისათვის - ბეტონის ქარხნის შესაძენად. თანხების სრულად გადაუხდელობის გამო ბეტონის ქარხნის მოწოდება დღემდე ვერ მოხერხდა.
შემმოწმებელი თვლის რომ წარდგენილი მასალები არ არის საკმარისი მისი ხარჯად აღიარების თვალსაზრისით და მას სარწმუნოდ არ მიიჩნევს, რის გამოც არ მოხდა მისი გაზიარება. ამ ნაწილში შემოწმებას დამატებით მასალები არ გამოუთხოვია, მაშინ როცა შუამავალ კომპანიაზეც მიუთითებდა გადამხდელი და შესაძლებელი იყო ინფორმაციის გადამოწმება. ამ ეტაპზე დამატებით გამოთხოვილია მასალები ბეტონის ქარხნის მომწოდებელი --- კომპანიისგან და როგორც აღნიშნეს, ისინი მზად არიან საჩივრის განხილვის დროს გამოცხადდნენ და დაადასტურონ ხსენებული თანხების ავანსად მიღება.
შესაბამისად, მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი უნდა შემცირდეს ბეტონის ქარხნის შესაძენად --- კომპანიისთვის ავანსად გადახდილი 318 744 ლარით. მომჩივნის არგუმენტზე, შემოწმებისთვის ბეტონის დამამზადებელი ქარხნის შესყიდვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასთან მიმართებით, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხარჯის გაწევის ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არც საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების და არც დავის ეტაპზე არ არის წარდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანს საკმარისი დრო ჰქონდა სადავო საკითზე დოკუმენტაციის წარსადგენად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13889 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისაგან. საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13889 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13889 ბრძანების აღსრულების შედეგები..
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13889 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 26.10.2022 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2022 წლის №28017 ბრძანება და 9.11.2022 წლის №081-210 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 8.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2843 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 13.04.2023, 25.04.2023 და 28.04.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანს საკმარისი დრო ჰქონდა სადავო საკითზე დოკუმენტაციის წარსადგენად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13889 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).