გადაწყვეტილება №24672/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24672/2/2025
03 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 31.01.2025 და 17.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №24672/2/2025; №24767/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა გარკვეული ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვადასხვა ტიპის საქონლის მიწოდება ტენდერების ფარგლებში. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მოგებული აქვს რამდენიმე სახელმწიფო ტენდერი, ძირითადი კონტრაქტორია -------.
აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2024 წლის №3107 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 29.03.2024 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ:
საწარმოს საბუღალტრო მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი ჰქონდა ფერწერული ტილოები/ნახატები ფიზიკური პირი --------. აღნიშნული ნახატების ნაწილზე წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილი იყო ავანსად მხატვრული ნამუშევრების შემდგომი მიწოდების მიზნით. ფაქტობრივი გარემოებების, კომპანიის საქმიანობის და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზემოხსენებული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.04.2024 წლის №9257 ბრძანება და ამავე თარიღის №081- 77 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2024 წლის 3 და 28 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.06.2024 წლის №13930 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13930 ბრძანება; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი დავის საგნის ნაწილში იხელმძღვანელოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 31.01.2025 და 17.02.2025 წელს მომართა საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი დავის საგნის ნაწილში (ფერწერული ტილოების შეძენასთან დაკავშირებით) იხელმძღვანელოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღსანიშნია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, აუდიტორმა გამოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც დაუყოვნებლივ იქნა მიწოდებული კომპანიის მხრიდან. თუმცა, დოკუმენტაციის მიწოდების შემდეგ, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ვერ ხერხდება აუდიტორთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიღებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაუწიოს შუამდგომლობას აუდიტის დეპარტამენტთან, რათა დროულად იქნას განხილული საკითხი და უზრუნველყოფილი იქნას საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. ასევე, ითხოვს დახმარებას ინფორმაციის მიღებაში საქმის მიმდინარეობის შესახებ, გამოთხოვილ იქნას აუდიტის დეპარტამენტისგან დეტალური ინფორმაცია დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის, განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე, აღსრულების მიმდინარე ეტაპის შესახებ, აღსრულების ვადების თაობაზე. ასევე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მიზნით შესაბამისი კორექტირება დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს, როგორც დაინტერესებული მხარის, მონაწილეობა აღნიშნული საჩივრის განხილვის პროცესში და საბჭოს გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, აუდიტორმა გამოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც დაუყოვნებლივ იქნა მიწოდებული კომპანიის მხრიდან. თუმცა, დოკუმენტაციის მიწოდების შემდეგ, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ვერ ხერხდება აუდიტორთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიღებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საბჭომ გაუწიოს შუამდგომლობა აუდიტის დეპარტამენტთან, რათა დროულად იქნას განხილული საკითხი და უზრუნველყოფილი იქნას საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს,გამოიკვლიოს კომპანიის მიერ განხორციელებული სადავო ოპერაციის რეალურობა, გამოითხოვოს ინფორმაცია მხარეებისგან, მათ შორის, იმ ფართის მფლობელისგან, სადაც განლაგებული და შენახულია შეძენილი ფერწერული ტილოები და მიღებული ინფორმაციის შედეგად, თუ დადასტურდება, რომ ოპერაცია რელურად განხორციელდა, ფერწერული ტილოები შეძენილია, თანხა გადახდილია და ეჭვგარეშეა, რომ უკავშირდება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას, აუდიტის დეპარტამენტმა განხორციელებული ოპერაცია - ფერწერული ტილოების შეძენა განიხილოს კომპანიის საინვესტიციო ქონებად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადაწყვეტილების შესაბამისად და უზრუნველყოს შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით მიმდინარეობს საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება, შესაბამისად გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ან აღსრულების არამართლზომიერ შეფერხებას ადგილი არ აქვს. აღსრულების ფარგლებში დაგეგმილია და ხორციელდება შესაბამისი კონტროლის პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც გამოიცემა შესაბამისი დასკვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ვინაიდან მიმდინარეობს საკითხის დამატებითი მოკვლევა, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილების აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება არ იკვეთება. ამდენად, არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საბუღალტრო მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი ჰქონდა ფერწერული ტილოები/ნახატები ფიზიკური პირი გივი აღაპიშვილისგან. აღნიშნული ნახატების ნაწილზე წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილი იყო ავანსად მხატვრული ნამუშევრების შემდგომი მიწოდების მიზნით. ფაქტობრივი გარემოებების, კომპანიის საქმიანობის და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზემოხსენებული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №23407/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება არ იკვეთება. ამდენად, არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;306(3);