გადაწყვეტილება №19625/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.06.2023
№ დოკუმენტი 19625/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19625/2/2023

9.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- 8.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19625/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28184 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №005-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7916 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 4 700 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.08.2022 წლის N21067 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 23 452 ლარის (საბაზრო ღირებულებით) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლომატერიალურ ფასეულობები, რაზეც გადასახადის გადამხდელის №CB1399137 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 11 726 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28184 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, მომჩივნის მიერ წარდგენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების შესყიდვის აქტების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ შეადგინა 9400 ლარი და გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის №CB1399137 ოქმით დაკისრებული ჯარიმა 11 726 ლარი დაექვემდებარა შემცირებას 7 026 ლარით და შეადგინა 4 700 ლარი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №005-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.04.2023 წლის №7916 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28184 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28184 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს, როცა ხდებოდა ფაქტიურად აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვის დოკუმენტაციასთან დაწყვილება, მომზადების ვადა ჰქონდა ორი სამუშაო დღე, ამდენად, ვერ მოხდა სრულყოფილად დოკუმენტაციის მოწოდება. ყველა პროდუქციაზე გააჩნია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომპანიას მიეცა დამატებით ვადა დოკუმენტაციის წარსადგენად, რაც მათ მიერ წარდგენილი იქნა. სრულყოფილად არ მოხდა მათი გათვალისწინება. მომჩივანი ითხოვს წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოხდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციის გადაანგარიშება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28184 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება) და შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინვენტარიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი ოფიცრის 12.01.2023 წლის N 13974-21-12 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ ბრძანებით დადგენილ ვადებში წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია აღურიცხავ სასაქონლო მატერიალური ფასეულობებთან დაკავშირებით. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესყიდვის აქტები. დადგინდა, რომ აღურიცხავი სმფ-ების ღირებულებამ შეადგინა 9 400 ლარი და გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის №CB1399137 ოქმით დაკისრებული ჯარიმა 11 726 ლარი დაექვემდებარა შემცირებას 7 026 ლარით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე4 ნაწილით დაკისრებულმა ჯარიმამ შეადგინა 4 700 ლარი.

მომჩივნის განცხადებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს, მომზადების ვადა ქონდა ორი სამუშაო დღე, ამდენად, ვერ მოხდა სრულყოფილად დოკუმენტაციის მოწოდება. ყველა პროდუქციაზე გააჩნია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომპანიას მიეცა დამატებით ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რაც მათ მიერ წარდგენილი იქნა. შემმოწმებლის მიერ სრულყოფილად არ მოხდა მათი გათვალისწინება.

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტები შემმოწმებლის მხრიდან გათვალისწინებულ იქნა და შესაბამისად გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის №CB1399137 ოქმით დაკისრებული ჯარიმა დაექვემდებარა შემცირებას, მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს 30.01.2023 წლის №005-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციის გადაანგარიშების (შემცირების) და შემოსავლების სამსახურის ბრძანების 11.04.2023 წლის №7916 გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28184 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №005-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.04.2023 წლის №7916 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

არ არსებობს 30.01.2023 წლის №005-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციის გადაანგარიშების (შემცირების) და შემოსავლების სამსახურის ბრძანების 11.04.2023 წლის №7916 გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304 (1, გ); 286 (4).