გადაწყვეტილება №19318/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19318/2/2023
04.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ ----------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19318/2/2023).
დავის საგანი:
უარი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის №21-17/107949 გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3997 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
28.11.2013 წლის №007-28557, 12.10.2015 წლის №007-27997 და 11.12.2015 წლის №007-34386 შეტყობინებების საფუძველზე კომპანიის ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
28.07.2016 წელს, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა №011-1454 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, ხოლო ამავე კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 29.07.2016 წლის №011-2016-152831 ბრძანებით კომპანიას საბანკო ანგარიშებზე წარედგინა საინკასო დავალებები.
მომჩივანმა (19.09.2022 წელს №170342/01) განცხადებით მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს და ითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გამო, კომპანიის ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება.
ვალის მართვის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის №21-17/107949 წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით კომპანიას კვლავ ერიცხება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც 24.11.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს 2 420 ლარს. ამდენად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა) გაუქმდება მიმდინარე (გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი) აღიარებული დავალიანების არქონის შემთხვევაში. მომჩივანს ასევე, განემარტა ღონისძიებების გაუქმების საფუძვლები.
ვალის მართვის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის №21-17/107949 წერილი 2023 წლის 24 და 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.03.2023 წლის №3997 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ კომპანიას 5.08.2022 წლის მდგომარებით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 568 505.87 ლარი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ბარათზე რიცხული დავალიანება 87 952.24 ლარი, რაც განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განჩინების (სასამართლოს 5.08.2022 წლის №2/2458-22 განჩინება) საფუძველზე გადატანილია საურავის არდარიცხვის რეჟიმში და ასახულია შედარების აქტის გადავადებული აღიარებული ვალდებულებების გრაფაში. ასევე, დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენდა 15 248.83 ლარს. აღნიშნული პერიოდის შემდეგ კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადამხდელის მიერ წარდგენილი მიმდინარე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებით დარიცხულია 2 562 ლარი, 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 2022 წლის მიწაზე ქონების გადასახადი 912 ლარი. ასევე, 2022 წლის მეორე ნახევრის გაანგარიშებით დარიცხულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი 7 380 ლარის ოდენობით. ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენს 1 195 ლარს. ამდენად, კომპანიის მიერ წარდგენილი დეკლარაციების და გადახდილი თანხების გათვალისწინებით, 17.02.2023 წლის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 2 279 ლარი, საურავი 1 30.29 ლარი; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე: მოსაკრებელი 7 380 ლარი, საურავი 1 18.08 ლარი; დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 15 901.09 ლარს (მათ შორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი 13 155.88 ლარი), ხოლო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განჩინების საფუძველზე გადავადებული აღიარებული ვალდებულებები შეადგენს 656 458.11 ლარს (მათ შორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი 87 952.24 ლარი).
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საწარმოს მიმართ გამოიყენება მხოლოდ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით. 17.02.2023 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანება წარმოშობილია 5.08.2022 წლის შემდეგ.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 5.08.2022 წლის განჩინებით (საქმეზე №2/2458-22) კომპანიის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. დირექტორი დარჩა მართვაში, რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ----------. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 5.08.2022 წლის განჩინების (საქმეზე №2/2458-22) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით განმარტებულია, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე, სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება. ასევე, ჩერდება და აღარ დაიშვება სსკ-თი გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და სხვა.) ასევე, ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება. ასევე არ დაიშვება ახალი საპროცესო ღონისძიებების გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიუხედავად კვლავაც გრძელდება კომპანიის საკუთრებაში არსებულ ქონებებზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
19.09.2022 წელს, რეაგირების მიზნით, შემოსავლების სამსახურს კომპანიის მიერ გაეგზავნა განცხადება №170342/01, რითაც მოთხოვნილ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 5.08.2022 წლის განჩინების „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ ყველანაირი შეზღუდვის გაუქმება და შეზღუდვების მოხსნის თაობაზე ინფორმაციის შესაბამის უწყებებში, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნა.
ვალის მართვის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის №21-17/107949 წერილში ცალსახად იკვეთება შემდეგი შინაარსის სიტყვები: „კომპანიას კვლავ ერიცხება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი, აღიარებული დავალიანება, რომელიც 2022 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 2420.00 ლარს“. ხოლო აღნიშნულ შემთხვევაში, კომპანიის მოთხოვნა მიემართება შპს „----------“ საკუთრებაში არსებულ მთელ ქონებებზე არსებულ გირავნობაზე/იპოთეკაზე.
25.11.2022 წელს კვლავ მიმართა განცხადებით ვალის მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა 19.09.2022 წლის განცხადებაში დასმული მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 5.08.2022 წლის განჩინების (საქმეზე №2/2458-22) აღსრულებას.
24.01.2023 წელს კვლავ მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს და ითხოვა განემარტა, 25.11.2022 წლის პასუხი, ხოლო 25.01.2023 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს და კვლავ მოითხოვა 5.08.2022 წლის განჩინებით (საქმეზე №2/2458-22) კომპანიაზე არსებული შეზღუდვების მოხსნა.
აღნიშნულ მომართვებთან (24 იანვრის განცხადება და 25 იანვრის საჩივარი) დაკავშირებით პასუხი მიიღო 14.03.2023 წელს, რომლითაც უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.03.2023 წელს შუამდგომლობით მიმართა კომპანიის რეაბილიტაციის ზედამხედველმა ---------- და მოითხოვა განმარტება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის სამართლებრივი შედეგების შესახებ. აღნიშნული განიხილა სასამართლომ და განმარტა შემდეგი: „სასამართლოს მიაჩნია, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საწარმოს მიმართ, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა, ავტომატურ რეჟიმში მოიაზრებს კანონის 56-ე მუხლის ამოქმედების პრინციპს, რაც გულისხმობს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გამოყენებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებებისა და საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას“. ქუთაისი საქალაქო სასამართლოს 27.03.2023 წლის განჩინების საფუძველზე, კომპანიამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საფუძვლად განჩინებისა მოხსნილიყო შეზღუდვები, თუმცა, კომპანიის მთელ ქონებაზე არსებული ყველა ყადაღა/აკრძალვის მოხსნის მიუხედავად, ქონებებზე მაინც ირიცხება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ამრიგად, ითხოვს მოხდეს კომპანიის არსებულ ქონებაზე დარჩენილი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმება. ასევე, არის თუ არა კომპანიის მხრიდან დამატებით რაიმე ქმედების განხორციელება საჭირო, რომ კომპანიის არსებულ ყველა ქონებაზე მოიხსნას საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად:
5. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საწარმოს მიმართ გამოიყენება მხოლოდ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით.
6. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილების მიხედვით, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
ამავე კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
მომჩივანი წარმოადგენს სასამართლოს განჩინებებს, რომლის მიხედვით:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 5.08.2022 წლის განჩინებით (საქმეზე №2/2458-22) კომპანიის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. დირექტორი დარჩა მართვაში, რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ----------. აღნიშნული განჩინების (საქმეზე №2/2458-22) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით განმარტებულია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე, სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება. ასევე, ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და სხვა.) ასევე, ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.03.2023 წელს შუამდგომლობით მიმართა კომპანიის რეაბილიტაციის ზედამხედველმა ---------- და მოითხოვა განმარტება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის სამართლებრივი შედეგების შესახებ. აღნიშნული განიხილა სასამართლომ და განმარტა შემდეგი: „სასამართლოს მიაჩნია, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საწარმოს მიმართ, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა, ავტომატურ რეჟიმში მოიაზრებს კანონის 56-ე მუხლის ამოქმედების პრინციპს, რაც გულისხმობს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გამოყენებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებებისა და საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას“.
აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს კომპანიის მიმართ გავრცელებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებას.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადამხდელს 24.11.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, 2 420 ლარის ოდენობით. კომპანიის წარმომადგენლმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გამო, კომპანიის ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება. საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელს ერიცხებოდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ვალის მართვის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის №21-17/107949 წერილით უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებაზე, ასევე, განემარტა ღონისძიებების გაუქმების საფუძვლები. ამასთან, აღსანიშნია რომ 5.08.2022 წლის მდგომარებით გადამხდელს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 568 505.87 ლარი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ბარათზე რიცხული დავალიანება 87 952.24 ლარი, რაც განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განჩინების (სასამართლოს 5.08.2022 წლის №2/2458-22 განჩინება) საფუძველზე გადატანილია საურავის არდარიცხვის რეჟიმში და ასახულია შედარების აქტის გადავადებული აღიარებული ვალდებულებების გრაფაში.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტებზე, მის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების წარმოშობის თარიღებზე (2013, 2015, 2016 წწ.) და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 5.08.2022 წლის განჩინების შინაარსზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3997 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ითხოვს კომპანიის მიმართ გავრცელებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა (19.09.2022 წელს №170342/01) განცხადებით მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს და ითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გამო, კომპანიის ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება.
ვალის მართვის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის №21-17/107949 წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით კომპანიას კვლავ ერიცხება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტებზე, მის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების წარმოშობის თარიღებზე (2013, 2015, 2016 წწ.) და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 5.08.2022 წლის განჩინების შინაარსზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(5); 241(2); 243(1);
საქართველოს კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ - 56;