ბრძანება N 9408

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.05.2023
№ დოკუმენტი 9408
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9408

01.05.2023

შპს „-------“-ს (ს/ნ -----)

(მის.: --------------------)

2023 წლის 30 მარტის და 25 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „---------“-ს (ს/ნ -------) №80006/1/2023 და №80552/1/2023 საჩივრები, რომლებიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №EL201844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ შამპუნი -----ის ინვოისში, არასწორად იყო მითითებული სეს ესნ კოდი 3307, ნაცვლად 3004-სა. ადგილი ჰქონდა მომწოდებლის მიერ დაშვებულ ტექნიკურ ხარვეზს. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 27 თებერვალს შპს „--------“-ის მიერ №------საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იქნა 561 980,31 ლარის საბაჟო ღირებულების (8003,80კგ) სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნულ დეკლარაციას „eCustoms“-ის მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება.

საქონლის იდენტიფიცირების მიზნით საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“ და ცხოველთა დასაბანი საშუალების (------) სასაქონლო კოდის დასადგენად დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის პირველი მარტის №------/2023 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ცხოველების დასაბან საშუალებას ნაცვლად დეკლარირებული 30049000000 სეს ესნ კოდისა განესაზღვრა 33079000000 სეს ესნ კოდი და საქონელი დაიბეგრა იმპორტის გადასახდელებით. აღნიშნულმა კი გამოიწვია №------- საბაჟო დეკლარაციაში დარიცხული იმპორტის გადასახდელების გაზრდა 3 298,60 ლარის ოდენობით (მათ შორის იმპორტის გადასახადი - 690 ლარი და დღგ - 2 608.60 ლარი).

ვინაიდან, შპს „--------“-ის მიერ ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 2 მარტს შედგენილ იქნა №EL201844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „--------“-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3 298,60 ლარის ოდენობით.

შპს „---------“-ის მიერ იმავე დღეს წარდგენილი იქნა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქონელი №----- საბაჟო დეკლარაციით გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) პირველი მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.

ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილია პირის მიერ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლის წარგენის ვალდებულებას კანონმდებელი აკისრებს დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

სადავოდ არ არის გამხდარი, რომ 2023 წლის 27 თებერვალს მომჩივნის მიერ №------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იქნა 561 980,31 ლარის საბაჟო ღირებულების (8003,80კგ) სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომელსაც განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შემდეგ, საქონლის იდენტიფიცირების მიზნით საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ცხოველების დასაბან საშუალებას ნაცვლად დეკლარირებული 30049000000 სეს ესნ კოდისა განესაზღვრა 33079000000 სეს ესნ კოდი და საქონელი დაიბეგრა იმპორტის გადასახდელებით, რამაც გამოიწვია საბაჟო დეკლარაციაში დარიცხული იმპორტის გადასახდელების გაზრდა.

ამდენად, დადგენილია, რომ მომჩივანმა არ უზრუნველყო დეკლარაციისთვის დართული დოკუმენტის სისწორე. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------“-ს (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრების ავტორი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვინაიდან, საჩივრების ავტორის მიერ ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საჩივრების ავტორს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა. საჩივრების ავტორის მიერ იმავე დღეს წარდგენილი იქნა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქონელი საბაჟო დეკლარაციით გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, ვინაიდან, მომჩივანმა არ უზრუნველყო დეკლარაციისთვის დართული დოკუმენტის სისწორე. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

13; 163 (1); 167 (1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8): 1 (1); 6.