გადაწყვეტილება №23100/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23100/2/2024
19 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:---- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ის 20.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23100/2/2024).
დავის საგანი:
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 9.04.2024 წლის №EL247197 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10896 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
9.04.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი, რომელმაც საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს. დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული/დამალული სიგარეტი – ZUMERRET“ – 160 ღერი (8 კოლოფი), სიგარეტი „LEADER“ – 200 ღერი (10 კოლოფი) და თუთუნი 500 გრ (10 შეკვრა), რაც დამალული ჰქონდა ქურთუკის ჯიბეებში, ზურგჩანთასა და საკვებ პროდუქტებში. გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის 9.04.2024 წლის №EL247197 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №---).
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.05.2024 წლის №10896 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 73 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
9.04.2024 წელს გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი. თან ჰქონდა ოჯახისთვის საჭირო ნივთები: პროდუქტები, მედიკამენტები, სიგარეტი და თუთუნი. მებაჟე ოფიცერმა გააჩერა და კითხა, თუ ჰქონდა დასადეკლარირებელი ნივთები, რაზეც უარი განაცხადა, რადგან ეგონა, რომ ნივთები, რომელიც მას ჰქონდა, არ ექვემდებარებოდა დეკლარირებას. სხვა დროსაც ყოფილა თურქეთში ოჯახისთვის საჭირო საკვებისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და ასეთი შემთხვევა არასდროს ჰქონია. არ იცოდა, თუ რას ნიშნავდა ნივთების დადეკლარირება, ამიტომ დაიბნა და უარი განაცხადა. რომ სცოდნოდა დეკლარაციის შევსების აუცილებლობის/საჭიროების თაობაზე, აუცილებლად ჩამოვთვლიდა ყველაფერს, რაც თან ქჰონდა, მათ შორის სიგარეტებსაც. მებაჟე ოფიცერმა სთხოვა დაესკანერებინა ჩანთა, ასევე ფიზიკურად დაათვალიერა, რა დროსაც ჩანთაში და ქურთუკის ჯიბეებში აღმოაჩნდა ნაყიდი ნივთები, მათ შორის სიგარეტი და თუთუნი. სწორედ ამ დროს შეიტყო, რომ სიგარეტი და თუთუნი იყო კანონმდებლობით დასაშვებ რაოდენობაზე მეტი, სხვა ნივთებზე არაფერი უთქვამთ.
მომჩივანი განმარტავს, რომ არ იცოდა კანონმდებლობით რამდენი იყო სიგარეტის დასაშვები რაოდენობა. ყველაფერი მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. ვინაიდან ოჯახში არავინ არ მუშაობს და მატერიალურად უჭირთ, უწევს თურქეთში გადასვლა, რათა შედარებით დაბალ ფასად იყიდოს პროდუქტები, მედიკამანტები, მეუღლისთვის სიგარეტი და სხვა საოჯახო საჭიროების ნივთები.
მეუღლეს ინსულტი აქვს გადატანილი, არის შრომისუუნარო, შვილს კი აქვს ეპილეფსია, რის გამოც თავად უწევს ოჯახის რჩენა და დაკისრებული 1 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მისთვის რთულია. მომჩივანი აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:
ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა);
გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;
ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;
ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მომჩივანი განმარტავს, რომ 9.04.2024 წელს გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი. თან ჰქონდა ოჯახისთვის საჭირო ნივთები: პროდუქტები, მედიკამენტები, სიგარეტი და თუთუნი. მებაჟე ოფიცერმა გააჩერა და კითხა, თუ ჰქონდა დასადეკლარირებელი ნივთები, რაზეც უარი განაცხადა, რადგან ეგონა, რომ ნივთები, რომელიც მას ჰქონდა, არ ექვემდებარებოდა დეკლარირებას. მებაჟე ოფიცერმა სთხოვა დაესკანერებინა ჩანთა, ასევე ფიზიკურად დაათვალიერა, რის შემდეგაც ჩანთაში და ქურთუკის ჯიბეებში აღმოაჩნდა ნაყიდი ნივთები, მათ შორის სიგარეტი და თუთუნი, რა დროსაც შეიტყო, რომ სიგარეტი და თუთუნი იყო კანონმდებლობით დასაშვებ რაოდენობაზე მეტი, სხვა ნივთებზე არაფერი უთქვამს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 27.05.2024 წლის №48170-21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე (10.01.2023 წლიდან 9.04.2024 წლამდე – 235 შესვლა/გასვლა). მას 2021 წლიდან უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 5 ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივანი სრულყოფილად ფლობდა ინფორმაციას აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანისა და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი გასატარებელი საბაჟო პროცედურების თაობაზე. აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული.
საბჭო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას, გაითვალისწინა თითოეული ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.05.2024 წლის №10896 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168 (3).