ბრძანება N 7110

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.04.2025
№ დოკუმენტი 7110
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7110

15 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----------------ის (პ/ნ --------------------)

(ფაქტ. მის.:-----------------------------;

იურ. მის.: ------------------------------)

2025 წლის 28 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 აპრილის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა ----------------ის (პ/ნ --------------------) №94805/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 2025 წლის 26 მარტის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №-------- ოქმს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი აღიარებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და განმარტავს, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა ----დან მალულად შემოეტანა არადეკლარირებული სიგარეტი, რის გამოც დაჯარიმდა და ასევე ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მიაჩნია ზედმეტად მკაცრ სანქციად. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილი, სანქციის სახით უპირობოდ დამატებით საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას არ ითვალისწინებს და იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქმის გარემოებების, სამართალდამრღვევის პირის, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

აღნიშნულზე და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე მითითებით, ითხოვს ქმედება ჩაეთვალის საპატიოდ, გაუქმდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 26 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ კონტროლის ზონაში ---------ის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე -------------ი, რომელიც გადაადგილდებოდა „-----“-ის მარკის სატრანსპორტო საშუალებით ქართული სანომრე ნიშნით: --------.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით მოხდა მგზავრის შეჩერება და ეჭვის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე. --------ს ეცნობა დათვალიერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და მიეცა წინადადება დამალული საქონლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში,ნებაყოფლობით გადაცემის შესახებ. დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „-----“ – 6000 ღერი (300 კოლოფი) და სიგარეტი „------“ – 1200 ღერი (60 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების ძრავის წინა ნაწილში, უკანა სავარძლის ქვემოთ და უკანა მარცხენა ფრთაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი“ №------/000213.

საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის №------/2025 ექსპერტის დასკვნის თანახმად საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 591,6 ლარი.

ვინაიდან --------ის მიერ არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მალულად შემოტანას, საბაჟო გამშვები პუნქტი „----ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 26 მარტს შედგენილ იქნა №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე - სიგარეტი „------“ – 6000 ღერი (300 კოლოფი) და სიგარეტი „-------“ – 1200 ღერი (60 კოლოფი) - შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №------- ოქმი, ჩამორთმეული საქონელი (დალუქული ---- საბაჟო ლუქით) განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ ადმინისტრაციულ შენობაში.

სანქციის სახით ჩამორთმეულ „------“-ის მარკის სატრანსპორტო საშუალებაზე (ქართული სანომრე ნიშნით: -----) შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №----- ოქმი, ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალება (დალუქული -----; -----; -----; -----; ----; -----; ----- საბაჟო ლუქებით) განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ს“ კონტროლის ზონაში.

--------------ს უფიქსირდება საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის მრავალი ფაქტი.

2022-2024 წლებში უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 2 ფაქტი (02/02/2022; 24/08/2024) საყოფაცხოვრებო საქონელზე.

2020-2024 წლებში უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 6 ფაქტი (28/01/2020; 04/03/2020; 15/05/2023; 06/11/2023; 28/01/2024; 01/07/2024) თამბაქოს ნაწარმზე.

2022-2024 წლებში უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 2 ფაქტი (01/09/2022; 28/01/2024) ალკოჰოლიან სასმელზე.

მასვე უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის 1 ფაქტი (12/03/2020), რა დროსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმის“ საფუძველზე ჩამორთმეული იქნა 400 ღერი (20 კოლოფი) სიგარეტი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;

ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის“ (დანართი №1) პირვველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, საბაჟო სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის, აგრეთვე საბაჟო სამართალდარღვევაზე დავის შემთხვევაში დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანმდევ პროცედურებს.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის სადავო ოქმით 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა და საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ მომჩივანი აცნობიერებდა რა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, იგი მაინც ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო ორგანო. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის შეფარდებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. --------------ის (პ/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი აღიარებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და განმარტავს, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა მალულად შემოეტანა არადეკლარირებული სიგარეტი, რის გამოც დაჯარიმდა და ასევე ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება.საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე მითითებით, ითხოვს ქმედება ჩაეთვალის საპატიოდ, გაუქმდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა მომივანი, რომელიც გადაადგილდებოდა ქართული სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებით.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით მოხდა მგზავრის შეჩერება და ეჭვის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე. მომჩივანს ეცნობა დათვალიერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და მიეცა წინადადება დამალული საქონლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში,ნებაყოფლობით გადაცემის შესახებ. დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, რომელიც დამალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების ძრავის წინა ნაწილში, უკანა სავარძლის ქვემოთ და უკანა მარცხენა ფრთაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი“ .საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნის თანახმად საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 591,6 ლარი.

ვინაიდან მომჩივანის მიერ არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მალულად შემოტანას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი, ჩამორთმეული საქონელი (დალუქული საბაჟო ლუქით) განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში.

ამასთან, სანქციის სახით ჩამორთმეულ სატრანსპორტო საშუალებაზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი, ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალება (დალუქული საბაჟო ლუქებით) განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში.აღსანიშნავია,რომ მომჩივანს უფიქსირდება საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის მრავალი ფაქტი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 168(3); 199( „დ.გ“);